დღეს, 6 იანვარს, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, დაშავებულია ორი ზრდასრული და ერთი არასრულწლოვანი პირი, ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.