დახმარების მოლოდინში — როგორ ცხოვრობენ მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან
თუ მცოცავი ოკუპაცია ვიღაცისთვის მხოლოდ სიტყვები და სამართლიანი ბრაზის საფუძველია, გორის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში ეს ყოველდღიურობაა. უკვე წლებია, აქ მცხოვრები ადამიანების კერძო საკუთრებაში ოკუპაცია მავთულხლართების სახით შეიჭრა და საკუთარ მიწა-წყალზე უსაფრთხოების შეგრძნება დაუკარგა. აქაურებს უნახავთ რუსული ჯარიც და სოფლების დაცლაც, გარდა ამისა, ყოველ დღე ხედავენ, როგორ კარგავენ მიწებს, სადაც მეურნეობა აქვთ. ამას ემატება უმუშევრობა, რომელიც ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. მათი ძირითადი შემოსავალი სწორედ სოფლის მეურნეობაა იმ მიწებზე, რომლებსაც ყოველდღიურად კარგავენ.
მოხალისეების ჯგუფმა, რომელიც მოსახლეობას სხვადასხვა რეგიონში ეხმარება, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მონახულებაც გადაწყვიტა. სწორედ ზამთრის მარაგს დაემგზავრა On.ge და ადგილობრივებისგან პრობლემების შესახებ მოისმინა.
***
— ხომ გინდა შესვლა? ჩაჯექი და ჩვენ შეგიყვანთ, — მითხრა სოფელ ხურვალეთთან მდებარე საგუშაგოს დაცვამ და პოლიციის მანქანისკენ მიმითითა.
როცა ეს სიტყვები მოვისმინე, იქ მყოფს გული მეორედ ამიჩქარდა. პირველი მაშინ იყო, მანქანებიდან რომ ჩამოგვსვეს და პირადობის მოწმობები მოგვთხოვეს. ასე გვითხრეს, ხელმძღვანელს უნდა დაველაპარაკოთ, რომ თქვენი შესვლა დაუშვანო. თან დეტალურად გამოგვკითხეს, სად, რატომ და ვისთან მივდიოდით.
ასე აღმოვჩნდი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში. იქ აქტივისტებს ადგილობრივებისთვის პროდუქტები, ტანსაცმელები და სხვა საჭირო ნივთები უნდა დაერიგებინათ. ხუთი მანქანით ვიყავით და ხურვალეთში მხოლოდ ერთით შეგვიშვეს, თანაც, პოლიციასთან ერთად უნდა გვევლო, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.
სოფლისკენ ატალახებულ და ოდნავ მოთოვლივ გზას დავადექით. აქ ოკუპაცია მძაფრად იგრძნობა — სოფლის ნაწილი მავთულხლართების მიღმა დარჩა.
ჩვენი პირველი გაჩერება მოხუცთა თავშესაფარი იყო.
— მე ვარ ქალბატონი ლუდა, — მეუბნება ქალი, რომელიც შესასვლელთან ხმაურით გვეგებება და თავშესაფარისკენ გვიძღვება. აღმოჩნდა, რომ თავშესაფრის დირექტორია.
"არ ვტოვებ დირექტორის შთაბეჭდილებას. ყოველთვის ვალაგებ, ტალახიანი ვარ ან ჩექმები მაცვია და რაღაცას ვრგავ. როცა ვინმე მოდის და მეუბნება, დირექტორს დაუძახეთო, ვპასუხობ, რომ მე ვარ. მერე მეკითხებიან, უკაცრავად, თქვენ დიასახლისი არ ხართ?", — მიყვება ლუდა.
ხურვალეთის თავშესაფარი 5 წლის წინ შეიქმნა. იგი 13 ადამიანზეა გათვლილი და დღეს სწორედ ამდენი მოხუცი ცხოვრობს. სიმბოლურად "სახლი საზღვრების გარეშე" ქვია. რა თქმა უნდა, აქ არავინ ცნობს ე.წ. საზღვრებს. თავშესაფარი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოხუცებისთვისაა შექმნილი და მათ სხვადასხვა ტიპის სერვისს სთავაზობს. რამდენიმე ბენეფიციარი ეზოშივე შეგვეგება და ერთმანეთი გავიცანით.
— სკრა გაგიგია? სკრიდანა ვარ, — მეუბნება ზეინაბი და თან მიხსნის, რომ თავშესაფრის გარემო ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით, საჭმელები და ტკბილეულობა. ახალ წელზეც ყველაზე მეტად სწორედ ამას ელოდება.
"აქ მომწონს სულ ყველაფერი: მოფერება, საჭმელია თუ რაც არის, ყველაფერი გვაქვს თავის დროზე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მეგონა გავიპარებოდი აქედან, მაგრამ ისეთი კარგი ხალხია, დავრჩი... ახალ წელს ველოდებით. ვიქეიფებთ კარგად. ახალ წელზე ყველაზე მეტად ველოდები კაი საჭმელებს, ტკბილეულობას", — ამბობს ზეინაბი.
ლუდამ მეორე სართულზე აგვიყვანა. მოხუცები ჩვენს სანახავად გამოვიდნენ და საახალწლოდ მორთული ოთახები დაგვათვალიერებინეს. ყველაფერი ერთად მოვაწყვეთო, გვითხრეს.
ლეილაც გავიცანი. აღმოჩნდა, რომ თავშესაფრში მისი დაარსების დღიდან არის. იქ ყოფნა მოსწონს. ამბობს, სხვანაირად 5 წელი ვერ გავჩერდებოდიო.
— კარგად ვართ, იცი? რა თქმა უნდა, საკუთარ სახლში ჯობია, მაგრამ როცა არა გაქვს არაფერი და ცარიელი ხარ, საუკეთესოა ეს ადგილი...
ცოტა ხნით დუმს.
"თუმცა გვაკლია ხოლმე ხანდახან ხალხთან კომუნიკაცია. გვჭირდება ძალიან. ხშირად რომ მოდიოდეს ხალხი და გვიხსენებდეს... უცებ ძალიან რთული გახდა ასეთი ცხოვრება, მაგრამ ვიტანთ ყველაფერს, სხვა რა გზა გვაქ", — ამბობს ლეილა.
პანდემიის პერიოდში არანაირი გართულება არ შეგვქმნიაო. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ არაფერი ვიცით, ცდილობენ, პრობლემებს აგვარიდონო.
— ქუდი მაინც მიხდებოდეს, ჩვენ აღარ ვარგივართ... ყველაფერს აზრი ეკარგება, — ჩურჩულებს და თვალცრემლიანი გაჰყურებს ქედს, რომელიც აივნიდან მოსჩანს. ამ ქედის იქით რუსული სამხედრო ბაზაა, რის გამოც ამ სოფელში გაძლიერებული კონტროლია.
***
— რამდენი წლის ხართ, მარო ბებო?
— ოცდა.. არა 85 წლისა ვარ.
მოხუცთა თავშესაფრის მეზობლად მარო ბებო ცხოვრობს. მასთან ლუდამ წაგვიყვანა — ძალიან გაჭირვებულია, იქნებ მასაც დაეხმაროთო. ზამთრის მარაგის მოხალისეებმა პროდუქტებით სავსე კალათა და ტანსაცმელები მიუტანეს. მადლობას გვიხდის და ლუდას ეუბნება:
"წამლები მაქვს ჩამოწერილი, არცერთი წამალი არა მაქვს, არც წნევის. ფულს გადავიხდი, ოღონდაც მიშოვოს ვიღაცამ", — ეუბნება ლუდას და ისიც პირობას აძლევს, რომ ყველაფერს მიუტანს.
მარო ბებო სახლში მარტო ცხოვრობს. შეშა მაქვსო, ამბობს, თუმცა ვხედავ, რომ სახლი ცივი და საცხოვრებლად გაუსაძლისია. ერთ-ერთ საწოლზე ჭერის ნატეხებიც კი ყრია, იატაკიც და კედლებიც ქვისაა. სიცივე ყველა მხრიდან შემოდის.
"მთიდანა ვარ წამოსული. 40 წელში ჩამოვედი და 41-ში მამაჩემი წაიყვანეს. დედაჩემი 4 შვილის ანაბარა დარჩა. იმის მერე ასე მოვდივართ და მოვკნესივართ".
როგორც გვიყვება, თავის ძმისშვილს მინდობილობა გაუკეთა, რომ პენსია გამოუტანოს. თავად არ შეუძლია. ამბობს, რომ სოციალური დახმარება სრულიად მოუხსნეს. მიზეზი არ იცის.
"სოციალური კიდევ სულ მომიხსნეს, მეორე წელია. მარტოხელა პენსიონერი ვარ, სოცდაუზღვეველი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ეს რა არის აბა, სიღარიბის ზღვარი არ არის? რატომ არ უნდა მქონდეს? მაშ, როგორ ხალხს ენიშნება-მეთქი ეს სოციალური? რატომ უნდა მქონდეს მოხნილი მე?!", — მეკითხება მარო ბებო და ვერაფერს ვპასუხობ.
მარო ბებოს სხვა სათქმელიც აქვს. ძალიან წუხს იმის გამო, რომ გაზის გადაუხდელობის გამო დააჯარიმეს.
"384 ლარით ვიყავი დაჯარიმებული. მერე ერთხელ მოხდა ისე, რომ ძალიან გამიჭირდა, ძალიან, ძალიან და ვუთხარი ერთ ბიჭს — მოდი, ოღონდაც ჩამირთე ცოტახანს-მეთქი და სწორედ მაშინ მოვიდნენ შესამოწმებლად გორიდან. დამაჯარიმეს. 514 ლარი გადასახდელი მაქვს. ახლა პატარა მანქანამ ჩაიარა, მაგრამ კრინტი, ხმა არ ამოიღო, ამოწმებდა სოჩიკებს. მე რავიცი აბა, არაფერი არ მითხრა. ეს ოთხი თვე მთის ზონაზე რომ ვართ გადასული, არც შუქი უნდა გადავიხადოთ და არც გაზი. ეს 4 თვის გაზი არ ფარავს ნეტა იმ ჯარიმას?" — მეკითხება მარო ბებო, თუმცა პასუხი ისევ არ მაქვს.
ეზოდან უიმედოდ გვაცილებს, თან გვთხოვს, იქნებ ვინმემ გამირკვიოს და დამეხმაროსო.
ხურვალეთიდან წასვლამდე კიდევ ერთ სახლში მივედით, რომლის პატრონი პროდუქტებით დატვირთული მოხალისეების დანახვაზე ძალიან შეწუხდა — არ იცოდა, მადლობა როგორ გადაეხადა. მერე მოხალისეებს მათივე მიტანილ ნივთებს სთავაზობდა. ბოლოს ვაშლი და ფორთოხალი გამოგვატანა, ხელცარიელს ვერ გაგიშვებთო.
სოფელ ხურვალეთის მკვიდრი
ფოტო: On.ge / ანა მსხალაძე
მანქანაში ჩავჯექი, საგუშაგოსთან ვბრუნდებოდით. ბევრ ადამიანთან მინდოდა საუბარი, ამიტომ მანქანაში ბოლო იმედს ჩავეჭიდე და პოლიციელს ვკითხე, დათა პაპა სად ცხოვრობს-მეთქი.
— ზევით რომ ვიყავით, ის გზა ბოლომდე უნდა გაიარო და იქ, სულ ბოლოში ცხოვრობს.
— ვერ წავალთ?
— იქ ვერა. იმას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.
საგუშაგომდე ორივე ვდუმდით.
დათა პაპა ოკუპირებული ხურვალეთის ის მკვიდრია, ვინც ყველაზე აქტიურად ეკონტაქტება საერთაშორისო ვიზიტორებს. ის არ აღიარებს დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტება და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვა სცადა.
2020 წლის დეკემბერში დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი-ქურთაევი დააკავეს. ის ამჟამად ახალგორში იმყოფება. როგორც დათა პაპას ცოლი, ვალია ვანიშვილი ამბობს, შვილიშვილი თავის ცოლთან ერთად მათ მოსავლელად გადავიდა. ცოლი ოკუპანტებმა 17 დეკემბერს დააბრუნეს დათა პაპას მდგომარეობა მძიმეა. მისი ცოლის თქმით, მოხუცს ფილტვების ანთება აქვს და ექიმი მათთან ხან ცხინვალიდან მიდის, ხანაც ახალგორის ამბულატორია უწევს კონსულტაციას. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ავადმყოფს ვერ ეხმარებიან.
***
შემდეგი გაჩერება სოფელი ნიქოზია, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება. იქ ზამთრის მარაგის მოხალისეები 19 ოჯახში უნდა მისულიყვნენ. მოსახლეობა ცენტრში დაგვხვდა, იცოდნენ რომ დახმარება მიდიოდა. გვითხრეს, დახმარებებით განებივრებულები არ ვართო.
სოფელი ნიქოზი
სანამ ზამთრის მარაგის მოხალისეები პროდუქტებს ტვირთავდნენ, დრო ვიხელთე და ადგილობრივებს გავესაუბრე. აქ ყველას ერთი მთავარი პრობლემა აქვს — მუდმივი სამუშაო არ არის და თავს, ძირითადად, სოციალური დახმარებეებით ირჩენენ. მათთვის პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა, რადგან ახალი რეალობა ყოველდღიურობისგან თითქმის არ განსხვავდება.
ნანა მეუბნება, რომ ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურად გაუჭირდა.
"ჩემი შვილები სულ იმას მეუბნებიან, გარეთ ნუ გადიხარ, გარეთ ნუ გადიხარო. ასაკიანი ვარ და რამე რომ შემხვდეს, ძალიან ძნელად იტანს ასაკიანი ხალხი".
სოფელ ნიქოზის მკვიდრნი
სოფელ ნიქოზის მვკიდრნი
ჯერ პენსიონერი არ არის, ერთი წელი კიდევ უნდა ელოდოს. ამიტომ, მისი შემოსავლის წყარო დახმარებებია.
"ხან შვილები მეხმარებიან, ხან ჩემი და მეხმარება, ისინიც კორონიანები იყვნენ. რავიცი, ასე გაგვაქ სოფელში ერთმანეთი".
ჟანა, ნუნუკა, ეკა, თამრიკო, მერი, თამილა... ყველამ წარმიდგინა საკუთარი თავი. ნუნუკა მეუბნება, რომ მათი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა.
— გვიჭირს ძალიან, არ ვმუშაობთ. თავი გაგვაქ. ცოტა მოსავალი მოგვივა, ცოტა ლობიო ავიღეთ, მთელი ზაფხული რისთვისაც ვწვალობთ, ცოტა კარტოფილი. სოციალურ დამხარებას ვიღებ, მაგრამ სხვა არაფერს.
სოფელ ნიქოზის მკვიდრნი
— არ ვიცი... მადლობა ღმერთს, რომ დიდი წილი სოციალურად დაუცველები ვართ. ეს შემოსავალი მაინც გვაქვს.
— ვინც არ არის, მერე? — სვამს რიტორიკულ კითხვას მისი მეზობელი.
ნიქოზში ამბობენ, არავის ვახსოვართო.
სოფელი ნიქოზი
ფოტო: On.ge / ანა მსხალაძ
კომენტარები