საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურას არ ექნება ექსკლუზიური უფლება, წვდომა ჰქონდეს კომპიუტერულ სისტემაში, ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში დაცულ ინფორმაციაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე, საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე, დიმიტრი ლომიძე და ტარიელ ჩოჩიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. სასამართლოს აზრით, აღნიშნული რეგულირება არღვევს სამართლიანი სასამართლოს, ბრალდებულის დაცვისა და უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე განაჩენის დადგენის კონსტიტუციურ პრინციპებს.

უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე ნადია ხურციძემ სარჩელი შეიტანა შემდეგი გარემოებების გამო:

პროკურორის 2015 წლის 6 მარტის დადგენილებით, ნადია ხურციძეს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. ხურციძის განმარტებით, ძირითადი მტკიცებულებები, რომელთაც ეფუძნება ბრალდების შესახებ დადგენილება, არის დაკავების და ჩხრეკის ოქმი, ასევე ოთხი პოლიციელის ჩვენება, თუმცა, მისი მტკიცებით, ერთ-ერთი პოლიციელი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში არ მონაწილეობდა. ნადია ხურციძემ თავის სარჩელში აღნიშნა, რომ პოლიციელის არყოფნა შესაძლოა დადასტურდეს როგორც შემთხვევის ადგილზე განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერებით, ისე სატელეფონო კომპანიის საკუთრებაში არსებული ჩანაწერებით, ხოლო დაფიქსირებული ინფორმაცია საკმარისია ჩხრეკისა და ამოღების ოქმის, ასევე მის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობისთვის. თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, მოცემული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა, სასამართლომ სადავო ნორმების საფუძველზე არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაციის გამოთხოვის ჩატარების თაობაზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება დაცვის მხარეს არ გააჩნდა.

ნადია ხურციძის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის უფლებრივ კომპონენტებს - თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. მან ამ და სხვა არგუმენტებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს გასულ წელს მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები ცნო არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით.