თბილღვინოს ანიმაცია ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიაში გვამოგზაურებს
ქართული მეღვინეობის კულტურას 8000-წლიანი, გამოწვევებით სავსე ისტორია აქვს. მეღვინეობის მდიდარ ტრადიციას შენარჩუნება სჭირდება, ხოლო განვითარებასა და მსოფლიო ღვინის ბაზარზე თავის დამკვიდრებას ადამიანთა მეტი დაინტერესება.
თბილღვინომ გადაწყვიტა ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, მითები და ლეგენდები ანიმაციური ფილმის საშუალებით მოეყოლა. ნახევარ-წლიანი მუშაობის შედეგად შექმნილი ანიმაცია ქართული ვაზისა და მეღვინეობის მრავალფეროვანი კულტურის გზამკვლევია.
ანიმაციის იდეაზე, მიზნებსა და განხორციელების გზებზე ლაშა ლომაშვილი, თბილღვინოს ბიზნეს განვითარების მენეჯერი გვესაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის იდეა საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებისას დაიბადა, რადგან კომპანია ეძებდა გზებს, რომლითაც ხალხს ქართული ღვინის კულტურასა და თბილღვინოზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნიდნენ.
"თბილღვინო მსოფლიოს 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ყოველწლიურად ზრდის ძლიერი პარტნიორების სიას. ჩვენს პარტნიორებთან მუდმივად ვატარებთ შეხვედრებს და პრეზენტაციებს. თბილღვინოს ისტორიასთან ერთად, ვაცნობთ მათ საქართველოს კულტურას, მოვუთხრობთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ვაზი და ღვინო ჩვენთვის, ქართველებისთვის, თუ როგორ დაიწყო 8000 წლიანი კულტურა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს გაჩნდა იდეა, ეს ყველაფერი ისე გვეჩვენებინა, რომ საქართველოზე, ღვინის კულტურასა და თბილღვინოზე შექმნილი შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყოლოდათ, — გვეუბნება ლაშა
პროექტის მიზანი მხოლოდ მდიდარი ისტორიის მოყოლა არ ყოფილა. კომპანიას სურდა, ღვინის მიერ გავლილი გზის ჩვენებით ხიდი შეექმნა, რომელიც მომავალს დაუკავშირდება და ქართული მეღვინეობის ხარისხს წაადგება.
"მიზნად საქართველოს 8000 წლიანი, უმდიდრესი და მრავალფეროვანი ღვინის ისტორიის გაცოცხლება დავისახეთ. ღვინის მიერ განვლილი გზა ყველა ქართველისთვის საამაყოა, თუმცა, წარსულთან ერთად, მთავარია, მომავალი არანაკლებ შთამბეჭდავი იყოს", —აღნიშნავს ლაშა და გვეუბნება, რომ თბილღვინო მუდამ სტაბილური ხარისხით ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ფიქრობს — "თბილღვინოს კი, ქართული ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი პროდუქტის სტაბილური ხარისხით, ღვინისადმი სიყვარულითა და უწყვეტი განვითარებით შეაქვს. რაზეც, თბილღვინოს მიერ მსოფლიო აღიარების მქონე გავლენიან საერთაშორისო კონკურსებზე აღებული ჯილდოებიც მოწმობს".
როგორც გვიყვებიან, ანიმაციაზე მუშაობის პროცესი შრომატევადი იყო და მასში არაერთი ადამიანი იყო ჩართული. კრეატიული კონცეფცია სააგენტო Hans & Gruber-ს ეკუთვნის, ხოლო სცენარის ისტორიულ სიზუსტეზე არქეოლოგმა, დავით ნასყიდაშვილმა იზრუნა, ამას დაემატა რჩევები პალინოლოგ ელისო ყვავაძისგან, არქეოლოგ იულონ გაგოშიძისგან და ენათმეცნიერ ლევან კოჭლამაზაშვილისგან. პერსონაჟებისა და პეიზაჟების ვიზუალი Hans&Gruber-ის არტ დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ შექმნა, რაც სტუდია Animatory-მ გააცოცხლა. მუსიკალურ კომპოზიციაზე კი Postred-მა იმუშავა.
ლაშა ლომაშვილი ამბობს, რომ ხალხის დადებითი გამოხმაურება და ანიმაციის რეიტინგი თბილღვინოს მოტივაციას აძლევს, ქართული ღვინის ცნობადობაზე მეტად იზრუნონ.
პირველივე წამებიდან, ანიმაციას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, თუმცა შედეგებით უკვე არის ქართულ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კამპანია. ანიმაციას გამოძახილი ექნება როგორც ონლაინ სივრცეში, ისე ყველგან, სადაც მომხმარებელი გვყავს. რადგან ქართველმა ხალხმა შეიყვარა ანიმაცია, ჩვენ გვექნება მოტივაცია და მონდომება, რომ ქართული ღვინის კულტურა მეტად გავაცნოთ მთელ მსოფლიოს", — ამბობს ლაშა.
1962 წელს, საქართველოში ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი, საექსპორტო ღვინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 1999 წლიდან კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რითიც სათავე დაედო სრულიად ახალ ეტაპს თბილღვინოს ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების ახალ, თანამედროვე ფილოსოფიას, რომლის წინაპირობა არის მომხმარებელი — ინდივიდუალური სურვილებითა და განსხვავებული გემოვნებით.
დღესდღეობით თბილღვინო აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს — ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც განაპირობებს საუკეთესო ხარისხს. თბილღვინო წლების განმავლობაში იღებს ჯილდოებს მსოფლიოში აღიარებულ კონკურსებზე. თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა განაპირობებს სტაბილურ ხარისხს და ქმნის სანდოობას. თბილღვინოს ვენახები 306 ჰექტარზე არის გაშენებული, ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში.
კომენტარები