9 მიდგომა, რომელმაც 2020-ში უკეთესობისკენ შეგვცვალა
ადვილი წელი არ ყოფილა, თუმცა, როგორც საახალწლო სუფრაზე სადღეგრძელოდ იტყვიან ხოლმე, "ბევრ ცუდთან ერთად ბევრი კარგიც მოხდა". უბრალოდ, 2020 რუტინული ყოველდღიურობით ისე გაიწელა, რომ აღარც კი გვახსოვს, რომ ეს ამბები წელს გადაგვხდა თავს. იყო ისეთი ცვლილებებიც, რომლებიც ჩვენდა უნებურად მოხდა და მათი სასიკეთო გავლენისათვის ყურადღება არ მიგვიქცევია.
ნებისმიერ შემთხვევაში, წელს უკვე გაცვეთილი ფრაზა — "სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო" — მართალია. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან ჩვეული ფორმით ურთიერთობას ვეღარ შევძლებთ, ან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებს ვეღარ დავუბრუნდებით.
სამაგიეროდ, ფიქრისთვის საკმარისი დროის დათმობით და ყველაფრის გადააზრებით სამყაროს ჩვენეული აღქმა გარდამტეხ მომენტად იქცევა, შესაბამისად, წინა ფრაზის ამგვარი ფორმულირებაც შეიძლება — "სამყაროს აღარასდროს აღვიქვამთ ისე, როგორც მანამდე". ეს კი, 2020-ის ყველაზე სასიკეთო შედეგია და, აი, რატომ:
1. დავაფასეთ მედიკოსები
რასაკვირველია, ყოველთვის ვიცოდით, რომ ექიმის ხალათი სუპერგმირის მოსასხამია, თუმცა ექიმებს არაერთ ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების გამო, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან უწევდათ ბევრი სირთულის გადალახვა. მათ შორისაა არასათანადო ანაზღაურება, რომელიც განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების პრობლემაა, თუმცა 2020-მა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ, რადგან ექიმებისთვის სახელმწიფო საზღვრები არ არსებობს, არც მათდამი გამოხატული მადლიერებისთვის უნდა არსებობდეს ისინი.
მადლიერების გამოხატულებად წელს ტაში იქცა — ინიციატივა, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეუერთდა, მათ შორის, საქართველოდანაც. პანდემიის ფრონტის ხაზზე მებრძოლ ქართველ მედიკოსებს მადლობა გადაუხადეს ყვავილებითაც.
2. "The Faith in Humanity Restored"
სოლიდარობაც, ვირუსის მსგავსად, უხანიდან დაიწყო. ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა ადამიანებმა გაიაზრეს, რამხელა საფრთხეს წინაშე აღმოჩნდნენ, მათში ალტრუისტულმა სულისკვეთებამ გაიღვიძა და ერთმანეთის გამხნევება დაიწყეს. რადგან ამის საშუალებაც მხოლოდ დისტანციურად გვქონდა, საკომუნიკაციო პლატფორმად, სოციალური ქსელის ნაცვლად, აივნები იქცა. "უხან, გამაგრდი და არ დანებდე" — ისმოდა 11-მილიონიანი ქალაქის აივნებიდან.
მოგვიანებით, როცა ვირუსის ეპიცენტრად იტალია იქცა, ევროპელებმა აივნები საკონცერტო სივრცეებად აქციეს და მეზობლებისთვის სოლო გამოსვლებს აწყობდნენ. საღამოობით კი ყველანი ერთად ხან იტალიის ჰიმნს, ხანაც — ბელა, ჩაოს მღეროდნენ. ამ პერფორმანსებმა, გარდა იმისა, რომ მეზობლები და მაყურებლები გაამხნევა, ადამიანურ საწყისთან დაგვაბრუნა — წელს არაერთი ვიდეოს კომენტარებში ხშირად გადააწყდებოდით ცნობილ ფრაზას: The Faith in Humanity Restored ("კაცობრიობისადმი რწმენა დამიბრუნდა").
3. თურმე, ერთიანობისთვის ერთად ყოფნა სულ არაა საჭირო
2020-ში უპრეცედენტო ამბების მომსწრე გავხდით — გადაიდო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფესტივალი თუ ღონისძიება.
64-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად არ ჩატარდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, თუმცა სპეციალურად ამ წლისთვის შექმნილ გადაცემაში Eurovision: Europe Shine a Light კონკურსის 41 მონაწილე ქვეყნის წარმომადგენელმა 1997 წლის გამარჯვებული სიმღერა, Love Shine a Light, ერთად შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ მუსიკალურ მარათონს პრიზიორი არ ჰყოლია, ისევ და ისევ ბანალურად თუ ვიტყვით, მეგობრობამ გაიმარჯვა.
ერთად ყოფნის საშუალება მოგვცა ბევრისთვის საძულველმა პლატფორმამ — Zoom-მა — ლექციებიდან დაბადების დღეებამდე და ოჯახური შეკრებებიდან დიდ დღესასწაულებამდე — წლეულს ყველაფერი კამერის გასწორებით და გამუდმებული კითხვით — "ისმის ჩემი ხმა?" — ვიზეიმეთ.
4. გავიაზრეთ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, როცა კორონავირუსი ერთეული ქვეყნების პრობლემას წარმოადგენდა, ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ებრძოდნენ. 2020 წელს არაერთი მასშტაბური ხანძარი ვიხილეთ, მათ შორის — კალიფორნიაშიც, თუმცა ავსტრალიაში დაუდგრომელი ცეცხლი ენდემური ფლორა-ფაუნის განადგურებისა და ეკოლოგიურ კატასტროფასთან სახიფათოდ მიახლოების მიზეზი გახდა. ცხოველების პოპულაცია ხანძრების შედეგად, დაახლოებით, 3 მილიარდით შემცირდა.
თუმცა კლიმატის კრიზისით გამოწვეული პრობლემები ერთადერთი მინიშნება როდი იყო გარემოსადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე — ჯერ კიდევ გაზაფხულის მიწურულს, როცა მსოფლიოში პანდემიის პირველი ტალღა მძვინვარებდა, თუმცა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობდა, გაერომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღიად განაცხადეს, რომ პანდემიების გამომწვევი სწორედ ბუნების განადგურება იყო. მსოფლიოში ავტორიტეტული ორგანიზაციები მაშინ ადამიანის მატერიალურ კეთილდღეობასა და ბუნების კეთილდღეობას შორის დარღვეულ ბალანსზე მიანიშნებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ პანდემია "გამაფრთხილებელი სიგნალი იყო მსოფლიო ინდუსტრიისთვის".
მიუხედავად ამისა, ყველამ როდი მიიღო ეს სიგნალი — დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, რომელმაც წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც შეუწყვიტა დაფინანსება, ამერიკამ პარიზის კლიმატის შეთანხმება დატოვა. აღსანიშნავია, რომ შტატები მსოფლიოში გარემოს ემისიებით მეორე უდიდესი დამაბინძურებელი ქვეყანაა. ამერიკამ ახალ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი აირჩია, რომელმაც წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანა ეკოლოგიისთვის უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას დაუბრუნდებოდა. ამიტომ, თამამად შეგვიძლია, ტრამპის არჩევნებში დამარცხება 2020-ში მომხდარ კარგ ამბებშიც მოვიხსენიოთ.
5. გავიაზრეთ მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა
შეცვლილმა ყოველდღიურობამ და, როგორც იტყვიან "ახალმა რეალობამ" ადამიანებში განსაკუთრებით გაამძაფრა სტრესი და შფოთვა. ამდენად, ვირუსულ ინფექციასთან გამკლავების გარდა, პრიორიტეტული გახდა ჩვენი მენტალური მდგომარეობა. სასიხარულოა ისიც, რომ პანდემიისას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ადამიანების ამ კუთხით დახმარების საჭიროებას ხაზი გაუსვეს ავტორიტეტულმა უწყებებმაც, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
აქვე, ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ტაბუ ისევ არსებობს. ადამიანები არაერთი მიზეზისა და გარემოების გამო ერიდებიან ღიად საუბარს საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე. საბედნიეროდ, 2020-მა ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება მცირედით მაინც შეარყია და გვაგრძნობინა, რომ ნორმალურია, თუ თავს კარგად არ ვგრძნობთ და კარგია — როცა ამ დროს დახმარებას ვითხოვთ.
6. გავიაზრეთ პროტესტის აუცილებლობა პანდემიის პირობებშიც კი
2020 წელი პოლიტიკურ ჭრილშიც მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, თუმცა წლეულს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოხატულ პროტესტს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია. რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა აშშ-ში, ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ბელარუსში და მასშტაბური პროტესტის წლისთავი საქართველოში — ეს სამი ამბავი დასამახსოვრებელი იყო არა მხოლოდ მათი მნიშვნელობით, არამედ გამოხატვის ფორმითაც.
ფიზიკური დისტანცია მოედანზე, სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან გადმოფენილი დროშა და მასშტაბური კამპანია ინტერნეტსივრცეში — ახალ გარემოებებთან ამგვარად ადაპტირდა პროტესტის ფორმებიც. მართალია ფრაზაში "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" ნაგულისხმევი "ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია" ზოგისთვის თვალსაჩინო არ იყო, წელს მაინც ნათლად დავინახეთ, რომ ყველას ხმა მნიშვნელოვანია.
7. გავიაზრეთ დეზინფორმაციის საფრთხე
თუკი ყალბ ამბებს ვინმე კვლავ უწყინარ ხუმრობად აღიქვამდა, 2020-მა დაგვანახა, რომ დეზინფორმაციის იარაღად ისევე შეიძლება იქცეს გამიზნულად გამოგონილი ინფორმაცია, როგორც რომელიღაც შორეულ ქვეყანაში მოსული სისხლის წვიმის ამბავი. მათ, შესაძლოა, აბსურდულობა აერთიანებთ, თუმცა ზოგიერთი, სპეციალურად შექმნილი ტექნიკებისა და გზების გამოყენებით, უფრო ფართოდ მოიცავს საზოგადოებას და კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი ხდება ახლობლების გაზიარებული პოსტებიდან.
ყველაზე ნათელი მაგალითი კორონავირუსთან ერთად დაწყებული და მასთან დაკავშირებული მითები იყო — დაწყებული პირბადის არაეფექტურობით და მკურნალობის ექიმბაშური მეთოდებით, დამთავრებული 5G ქსელის ისტერიით. "ზოგი ჭირი მარგებელიას" და, როგორც იტყვიან, "ცხვირის წამტვრევის" გზით, ისიც გავიგეთ, როგორ მუშაობს პროპაგანდისა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის მანქანა და ისიც — როგორ ვიყოთ უკეთესი მედიამკითხველი.
8. შევწყვიტეთ დეტალებზე ნერვიულობა
დილაადრიან Zoom-ის ზარს ელოდებით მოუწესრიგებელი, გაცივებულ ყავას შეექცევით და არც თქვენი მდგომარეობა გადარდებთ, არც ყავის და არც ის, რომ არაფერი არ გადარდებთ. სინამდვილეში, ყველაფერი არც ისე რთულადაა — თუკი მაინც ღელავთ "რეჟიმიდან ამოვარდნაზე", დაფიქრდით, რეჟიმი უფრო გსტრესავდათ თუ ურეჟიმობა. და, საერთოდაც რა არის რეჟიმი — უნაკლოდ დავარცხნილი თმა და ცხელ-ცხელი ყავა ფინჯანში?
უკვე ნახსენები გადაფასების და გადააზრების პროცესის შედეგად ყველა ჩვენგანს მოგვეცა შესაძლებლობა, თუკი აჩქარებული ცხოვრების წესის გამო აქამდე ამას ვერ ვახერხებდით, მოგვესმინა საკუთარი თავისთვის და თავიდან გადაგვენაწილებინა პრიორიტეტები — მოდი, ამ ერთხელ დავლევ ცივ ყავას და არც ცოტათი აწეწილ თმას მივცემ უფლებას, მთელი დღე ჩამიშხამოს.
9. ვისწავლეთ დროის ფასი
სწორედ საკუთარი თავის მოსმენის შემდეგ მივხვდით, რომ დეტალებზე ნერვიულობა, გარდა იმისა, რომ ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, ძალიან ბევრ დროს გვაკარგვინებს. გამოთავისუფლებული დრო კი იმდენია, რომ მოწყენის შესაძლებლობაც კი გვაქვს.
მოწყენის თავიდან ასაცილებლად ადამიანებმა კარანტინში ახალი ჰობის ძებნა დაიწყეს — თქვენი ფეისბუქის კედელი, სავარაუდოდ, აჭრელებული იყო მეგობრების გამომცხვარი ნამცხვრების ფოტოებით, ზეთში შესრულებული ნახატებით, ცეკვის ვიდეოებით და სხვა უცნაური გატაცებებით. ეგრეთ წოდებული ბაბლის წნეხი იმდენად დიდი იყო, რომ ცნობილმა მწერლებმაც კი გაიფიქრეს, რატომ უნდა გადაედოთ საქმე მომავლისთვის — ზოგი სხვენში დამტვერილ ხელნაწერს მიუბრუნდა, ზოგმაც 12 წლის წინ შეწყვეტილი ტექსტი განაგრძო და, როგორც იქნა, გამოსცა. ერთი სიტყვით, კარანტინი ფრიად პროდუქტიული აღმოჩნდა ხელოვანებისათვის და არა მხოლოდ (რასაკვირველია, მარტინი და როტფუსი აქ არ იგულისხმებიან); თუმცა წნეხი, რომელიც ამ გარემომ შექმნა და ადამიანებისგან პროდუქტიულობას მოითხოვდა, კიდევ უფრო ამძაფრებს შფოთვას, ამდენად ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, მერვე პუნქტი გახსოვდეთ.
თუმცა დროის ფასის სწავლა მხოლოდ პროდუქტიულობის მოთხოვნაში კი არ გამოიხატა, იგი შევიგრძენით ბუნებრივადაც — მაშინ, როცა კარანტინის ერთფეროვან ნაკადში ყველანაირი დროითი საზღვრები გაუჩინარდა, თავად მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეწესებინა ეს საზღვრები და მის მიხედვით გვემოქმედა. ამ ყველაფერმა ყველაზე მეტად სწორედ ის გვაგრძნობინა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული წუთი — ისიც, რომელიც თავშექცევისთვისაა განკუთვნილი და ისიც, რომელიც ბოლო წუთი იყო, სანამ 2020 დადგებოდა და სტატიაში ნახსენები ყველა ცვლილების დრო მოვიდოდა.
კომენტარები