ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე ასტრონომებმა, კოლეგებთან ერთად, ახალი სუპერდედამიწა აღმოაჩინეს. ეს მათ ე.წ. ტრანზიტულ-დროითი ვარიაციის (TTV) მეთოდით მოახერხეს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა.

ამ ეგზოპლანეტას Kepler-725c ეწოდება და ის დედამიწაზე 10-ჯერ მასიურია. იგი მზის მსგავსი ვარსკვლავის, Kepler-725-ის, გარშემო ისეთ რეგიონში გადაადგილდება, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობა შესაძლებელია. ამას სასიცოცხლო ზონას უწოდებენ, ვინაიდან წყალი ჩვენთვის ცნობილი ორგანიზმებისთვის უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება ციური სხეულის კატეგორიას — სუპერდედამიწას — ასე მოიხსენიებენ პლანეტას, რომლის მასაც დედამიწისას აჭარბებს, თუმცა ნეპტუნისას და ურანისას ჩამოუვარდება.

ამ და სხვა სახის ნაკლებმასიურ ეგზოპლანეტებს მეცნიერები ძირითადად ტრანზიტის ან რადიალური სიჩქარის მეთოდით აფიქსირებენ. მსგავსი ობიექტები ხანგრძლივი ორბიტული პერიოდით გამოირჩევა და სიჩქარის ცვლილებების სიგნალებსაც არამკაფიოდ წარმოქმნის. შესაბამისად, მეორე ტექნიკით სასიცოცხლო ზონებში მათი აღმოჩენა გამოწვევებითაა სავსე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ციური სხეული მცირე ზომისაა.

ტრანზიტის მეთოდი გეომეტრიულ სირთულეებს მოიცავს. მან რომ იმუშაოს, ეგზოპლანეტის ორბიტული სიბრტყე ჩვენს ხედვით სიბრტყეს უნდა შეესაბამებოდეს, რაც იშვიათია. ამასთან, ფოტომეტრიული მონაცემები ხშირად არასაკმარისია. ამის მიუხედავად, მსგავსი ხერხით დიდი ზომის ეგზოპლანეტები მრავლადაა მიკვლეული.

TTV მეთოდი იმ ცვლილებების დაფიქსირებას მოიაზრებს, რომლებიც არატრანზიტული პლანეტის გრავიტაციული გავლენით მისი მეზობელი ციური სხეულის მოძრაობაზე შეინიშნება. ასეთი ობიექტი იმავე სისტემაში მდებარე Kepler-725b არის, რომელიც აირისგანაა შედგენილი და 39.64-დღიანი ორბიტა აქვს. მასზე დაკვირვებით სპეციალისტებმა არატრანზიტული Kepler-725c-ის მასა და სხვა პარამეტრები გამოთვალეს.

ის ვარსკვლავის გარშემო შემოვლას ის 207.5 დღეს ანდომებს და მისგან 0.674 ასტრონომიული ერთეული მანძილითაა დაშორებული. მნათობისგან იგი 1.4-ჯერ მეტ რადიაციას იღებს, ვიდრე ჩვენ — მზისგან. ასევე, Kepler-725c ორბიტული პერიოდის ნაწილს სასიცოცხლო ზონაში ატარებს, რაც იმის შანსს ზრდის, რომ იქ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იყოს.

უკანასკნელი მიგნება პატარა ზომის, დაბალი მასისა დიდი ორბიტის მქონე არატრანზიტული ეგზოპლანეტების აღმოჩენაში TTV-ის პოტენციალს აჩვენებს. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.