საქმით თუ გადაიწვით და უფროსისთვის პირდაპირ თქმა გიჭირთ, ეს ტექნოლოგია პრობლემას მარტივად მოგიგვარებდათ — ტეხასში მეცნიერებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელსაც შეუძლია გაიგოს, როდის არის ტვინი ზედმეტად დატვირთული. ეს "ელექტრონული ტატუა", რომელიც პირდაპირ ადამიანის შუბლზე მაგრდება და ტვინის აქტივობას ზომავს. ამისათვის იგი ელექტროდებსა და მანქანური სწავლის ალგორითმს იყენებს.

ნაშრომის ავტორების აზრით, ტექნოლოგია შეიძლება სტრესულ სფეროებში მომუშავეთა მონიტორინგისთვის გამოვიყენოთ, იქნებიან ეს პილოტები თუ ექიმები. მათი ფიზიკური ჯანმრთელობის მონიტორინგი აქამდეც მიმდინარეობდა, ახალი ტექნოლოგიით კი უკვე სტრესსა და დაძაბულობაზე დაკვირვებაც არის შესაძლებელი.

ტვინის ელექტრული აქტივობის მონიტორინგისთვის, როგორც წესი, დიდი ზომის ჩაფხუტია საჭირო (ასეთია ელექტროენცეფალოგრაფიის, EEG-ის, ჩაფხუტები). მეორე მხრივ, ახალი ტექნოლოგია მეტად პრაქტიკულია: იგი მხოლოდ ბატარეის პატარა ბლოკსა და თხელ, გამჭვირვალე აპკს მოიცავს. ბატარეა შუბლზე თავსდება, ხოლო აპკში კი ელექტროდებია, რომლებიც კანს ეწებება. სწორედ ეს უკანასკნელია ელექტრონული ტატუ.

ფოტო: Image by Device / Huh et al. / Futurism

ოთხი ელექტროდი EEG-ის გამოყენებით ტვინის სხვადასხვა უბნის აქტივობას აფიქსირებს. ამაში მათ კიდევ ერთი ელექტროდი ეხმარება, რომელიც ყურს უკან არის მიმაგრებული. დამატებით სამი ელექტროდი თვალის მოძრაობების მონიტორინგისთვის გამოიყენება (ამას ელექტროოკულოგრაფია ეწოდება, EOG): ერთი წარბს ზემოთ არის ჰორიზონტალურად მოთავსებული, ერთი — ვერტიკალურად ერთ ლოყაზე, ერთი კი — ჰორიზონტალურად მეორე ლოყაზე.

იმის გასაგებად, თუ რამდენად ზუსტად ზომავდა მოწყობილობა ტვინის აქტივობას, მეცნიერებმა მოწყობილობა 6 მოხალისეზე გამოცადეს. მონაწილეებს ელექტროტატუ მიამაგრეს; პარალელურად მათ ვიზუალური მეხსიერების სავარჯიშოს აკეთებინებდნენ, რომლებიც თანდათან რთულდებოდა. რაც მეტად უჭირდათ მონაწილეებს დანახულის სწორად გახსენება, სენსორებიც განსხვავებულ ცვლილებებს აფიქსირებდა ტვინის ელექტრულ აქტივობაში.

ტვინის ტრადიციული ჩაფხუტებისგან განსხვავებით, ელექტროტატუების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ცალკეულ ინდივიდებს უკეთესად ერგება. მკვლევრებმა მონაწილეების სახის ნაკვთები გაზომეს და ელექტროტატუები მათზე მორგებული გახადეს, რათა სენსორები ყოველთვის სწორ ადგილას ყოფილიყო მოთავსებული.

ცხადია, ტვინის ელექტრული აქტივობის დაფიქსირება და გაშიფვრა სხვადასხვა რამეა. სტრესის მაჩვენებლების დასადგენად მეცნიერებმა მიღებული მონაცემებით მანქანური დასწავლის ალგორითმი გაწვრთნეს. ალგორითმმა მონაწილეების ფსიქიკური დატვირთვა იმაზე ზუსტად განსაზღვრა, ვიდრე მხოლოდ EEG-ის ან EOG-ის მონაცემებით არის შესაძლებელი.

ცხადია, ტექნოლოგია ჯერ დასახვეწია და ბაზარზე დიდხანს ვერ ვიხილავთ. სამომავლოდ მოწყობილობა სპეციალურ აპლიკაციას უნდა დაუკავშირდეს, რომელიც ადამიანს სტრესის დონეს შეატყობინებს: დეკოდერი რეალურ დროში გონების დატვირთვას გაშიფრავს; თუკი იგი ზღვარს ასცდება, მომხმარებელს ამის შესახებ შეატყობინებს, რომ სტრესის შემცირებაზე იზრუნოს. ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ მოწყობილობა $200-ზე ნაკლები ეღირება, რაც EEG ჩაფხუტზე ათასობით დოლარით იაფია.

ტექნოლოგია მედიცინაში არაერთი დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია ფასის სიმცირეც. მეორე მხრივ, არსებობს რისკი, რომ დამსაქმებლები მსგავს ტექნოლოგიას არაეთიკურად გამოიყენებენ.

ნაშრომი ჟურნალ Device-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.