ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, მოსახლეობის ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს, იქნება ეს ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობა თუ ლექსიკა. უდიდესი ყურადღება იმას ექცევა, რომ საზღვრებს გარეთ სამყაროდან ქვეყანაში ინფორმაცია არ შევიდეს, განსაკუთრებით სამხრეთ კორეიდან. USB მეხსიერების ბარათებითა თუ დისკებით ასეთი კონტრაბანდის გადატანა (სატელევიზიო შოუები თუ სხვა) სიკვდილითაც კი ისჯება.

სიტუაცია იმდენად მწვავეა, რომ ქვეყანაში სამხრეთკორეული ფრაზების, სიტყვებისა თუ აქცენტის გამოყენებაც არ შეიძლება. გამოდის, რომ კიმის რეჟიმი ხალხს სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით უკონტროლებს. ამის მტკიცებულება თავად იმ სმარტფონშია, რომელიც BBC-იმ მოიპოვა.

BBC-იმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი ჩრდილოკორეული სმარტფონის საინტერესო ფუნქციებს გვიჩვენებს. ის ისეა პროგრამირებული, რომ აკრძალულ სიტყვებს ავტომატურად ანაცვლებს. მაგალითად, სამხრეთკორეული სიტყვა "ოპა" პირდაპირი თარგმანით "დიდ ძმას" ნიშნავს, მაგრამ უფროსი ასაკის კაცი მეგობრის ან რომანტიკული პარტნიორის აღსანიშნად დამკვიდრდა. შესაბამისად, ის კიმის რეჟიმის მიერ ცენზურულადაა მიჩნეული, ამიტომ მობილურში მისი აკრეფისას "ამხანაგით" ნაცვლდება.

ამ დროს მომხმარებელი გაფრთხილებასაც იღებს, რომ "ეს სიტყვა მხოლოდ და-ძმის შესატყვისად გამოიყენება". იმ შემთხვევაში, თუ მობილურის მფლობელი "სამხრეთ კორეას" აკრეფს, ის ავტომატურად შეიცვლება "ჯიბის სახელმწიფოთი", რომელსაც კიმის რეჟიმი მოსაზღვრე ქვეყნის მიმართ იყენებს.

და მაინც, ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ სმარტფონი ეკრანის სურათს ყოველ 5 წუთში ერთხელ ავტომატურად იღებს და ისეთ ფაილებში ინახავს, რომელთა გახსნაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ შეუძლიათ. ის მხოლოდ ოფიციალური პირებისთვისაა ხილული, რითაც ხალხის პირად მონაცემებზე აქვთ წვდომა.

ჩრდილოკორეული ტექნოლოგიის ექსპერტი, მარტინ უილიამსი, BBC-ისთან ამბობს, რომ სმარტფონები ახლა რეჟიმის მიერ მოსახლეობისთვის იდეების თავმოსახვევად გამოიყენება, თანაც წარმატებით. სპეციალისტის თქმით, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთთან ინფორმაციულ ომს იგებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.