ვინ და როდის შექმნა პირველი ქვის იარაღები — კვლევა

ფოტო: scientificamerican
ოლდოუანის ქვები მსოფლიოში ქვის იარაღების "ინდუსტრიის" უძველეს ცნობილ ნიმუშებად ითვლება. ეს იარაღები დაახლოებით 2-3 მილიონი წლისაა და ჩვენი ევოლუციური ისტორიის მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ქვის იარაღები კარგად არის ცნობილი არქეოლოგებსა და სხვა მკვლევრებს შორის, მათი შემქმნელების ზუსტი ვინაობა (სახეობის) ჯერ არ ვიცით. ახლა კი, ახალმა კვლევამ შეაფასა მტკიცებულებები, რათა შესაძლო კანდიდატების დადგენაში დაგვეხმაროს.
ამ ხელსაწყოების პირველი ნიმუშები ტანზანიაში, ოლდუვაის ხეობაში 1930-იან წლებში აღმოაჩინეს. შემდეგ ნიმუშები აღმოსავლეთ, ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის სხვა ადგილებშიც იპოვეს. უძველესი მათგანი ეთიოპიაში, გონას არქეოლოგიურ ძეგლზეა აღმოჩენილი. ქვებს, როგორც წესი, ბასრი კიდეები აქვს. ეს სპეციალურად დამუშავებული ქვებია, რისი გამოყენებაც ჭრის, დაქუცმაცებისა და გაფხეკის სამუშაოებისთვისაა შესაძლებელი.
მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეს იარაღები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ინტენსიურად შესწავლილი ქვის ტექნოლოგიებია. ქვის ამ იარაღებს ათწლეულების განმავლობაში აქტიურად სწავლობდნენ. მეორე მხრივ, სამეცნიერო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, თუ ვინ შექმნა ისინი.
ზოგადად, ქვის იარაღები ხშირად კონკრეტულ ჰომინიდთან ასოცირდება, მაგრამ ოლდოუანის მასალა ძალიან მრავალფეროვნად ითვლება იმისთვის, რომ ის მხოლოდ ერთ გვართან იყოს დაკავშირებული. კერძოდ, სამხრეთ აფრიკასა და ალჟირში აღმოჩენილი ეს ნიმუშები, შესაძლოა, ერთზე მეტ ჰომინიდურ გვარს ჰქონოდა წარმოებული.

ეთიოპიაში ნაპოვნი ბასრი ქვები, რომლებიც 1.7 მილიონი წლის წინანდელია.
ფოტო: Didier Descouens
ადრე მიაჩნდათ, რომ უძველესი იარაღების შემქმნელი Paranthropus boisei — ავსტრალოპითეკების ერთ-ერთი სახეობა იყო, რომელიც ადრეულ პლეისტოცენში ცხოვრობდა. მეორე მხრივ, ახლა მიღებულია მოსაზრება, რომ ქვების შემქმნელი შეიძლებოდა ყოფილიყო Homo habilis — ე.წ. ხელმარჯვე ადამიანი.
გადაშენებული ჰომინიდების ეს გვარი ცნობილია თავისი უფრო დიდი ტვინითა და მოხერხებული ხელებით, რაც მათ უფრო პრიმიტიულ Paranthropus-ზე რეალურ კანდიდატად აქცევს. მიუხედავად ამისა, უფრო ახლახან ჩატარებულმა გათხრებმა გამოავლინა უძველესი ოლდოვანური იარაღები, რომლებიც დაახლოებით 3.3 მილიონი წლით თარიღდება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ იარაღების დამზადება შეიძლება ჰომო ჰაბილისზე უფრო ძველ სახეობასაც შესძლებოდა.
შესაბამისად, ამ ქვების დამზადებაში შეიძლება მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული ჰომო ერექტუსს, ავსტრალოპითეკსა და ჰომო რუდოლფენსსაც.
ეს რთულად გადასაჭრელი პრობლემაა, თუმცა ახალმა კვლევებმა შესაძლო ვარიანტების რაოდენობა შეამცირა. თავის ნაშრომში, საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა ხელახლა შეაფასა ხანგრძლივი დებატი იმ ჰომინინთა სახეობების მიმოხილვით, რომლებიც დროში ემთხვევიან ოლდოვანურ იარაღებს. მკვლევრებმა გამოიყენეს პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც ოპტიმალური ხაზოვანი შეფასების მოდელირება — სტატისტიკური მეთოდი, რომელიც გამოიყენება ცვლადებს შორის პოტენციური კავშირების შესაფასებლად. ამ მეთოდის მეშვეობით გუნდმა შეძლო შეეფასებინა თითოეული კანდიდატი სახეობისა და ოლდოვანური იარაღების პირველი და ბოლო გამოჩენის დრო.
მოდელი უთითებს, რომ ოლდოუანის ქვები პირველად დაახლოებით 3.25 მილიონი წლის წინ გაჩნდა. მას 1.2 მილიონი წლის წინაც იყენებდნენ, რაც ქვებს ყველაზე ხანგრძლივ ადამიანურ "კულტურულ ტრადიციად" აქცევს. გარდა ამისა, შედეგებმა აჩვენა, რომ ჰომოს გარკვეული სახეობების წარმოშობა და ადრინდელი სახეობების, მაგალითად, ავსტრალოპითეკის, გადაშენება ქვის იარაღების პირველ და ბოლო გამოჩენას დაემთხვა.
საბოლოო ჯამში, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მხოლოდ ერთი სახეობა ან გვარი არ იყო პასუხისმგებელი ქვების შექმნაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ფართოდ იყო გავრცელებული ჰომინიდების სხვადასხვა ნამარხ ადგილებში. სავარაუდოა, რომ ქვის პირველი იარაღები ჰომინიდების სხვადასხვა სახეობის, მათ შორის Paranthropus boisei-ის, მიერ შეიქმნა.
ისიც შესაძლებელია, რომ როდესაც ადამიანის სახეობებმა, მაგალითად ჰომო ერექტუსმა (Homo erectus), დაიწყო აშეულური იარაღების — უფრო დახვეწილი ქვის იარაღების — შექმნა, რომლებშიც შედიოდა ნაჯახები და ბასრი იარაღები, Paranthropus boisei კვლავ აგრძელებდა ოლდოვანური იარაღების დამზადებასა და გამოყენებას.
კვლევა ჟურნალ Anthropological Archaeology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები