როგორ დაიპყრო ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის სამყარო
ნეტფლიქსის სერიალის, The Queen’s Gambit-ის, პოპულარობის ფონზე, The Calvert Journal ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს დაუკავშირდა და მის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.
ნეტფლიქსის მინისერიალი ლაზიერის გამბიტი ამერიკელ ვუნდერკინდ მოჭადრაკე ბეტ ჰარმონზე მოგვითხრობს, რომელიც მსოფლიოს მოწინავე მოთამაშეებთან შერკინების პარალელურად პირად პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს.
როცა გამოგონილი პერსონაჟი, ჰარმონი, სერიალის მიწურულს თავის მიზანს აღწევს და მოსკოვში სათამაშოდ ჩადის, კადრში გაკვრით ჩანს ნონა გაფრინდაშვილის როლის შემსრულებელი. "ქალი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც კაცებთან არასდროს უთამაშია" — ასე აღწერს კომენტატორი ქართველ მოჭადრაკეს სერიალში. ამგვარი დახასიათება თავად გაფრინდაშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა — ქალების ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებულისთვის, სინამდვილეში, კაცების წინააღმდეგ თამაში უცხო ხილი არ ყოფილა.
ესტონელი პაულ კერესი, სერბი სვეტოზარ გლიგორიჩი, ამერიკელი ჯეიმს ტარჯანი, ლატვიელი მიხეილ ტალი — ეს მცირე ჩამონათვალია იმ კაცი მოჭადრაკეებისა, რომელთა წინააღმდეგაც გაფრინდაშვილს უასპარეზია. "ბევრ დიდოსტატთან მითამაშია და მათგან აღიარებასაც ყოველთვის ვიმსახურებდი, ამიტომ სერიალში თქმული სიცრუეა", — ამბობს გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს პირველი ქალი დიდოსტატი (იგივე გროსმაისტერი) გახლავთ. მას ჭადრაკის ეს უმაღლესი ტიტული 37 წლის ასაკში მიენიჭა. "სიმართლე გითხრათ, ამას ჩემზე ემოციურად სულაც არ უმოქმედია, თუმცა ადამიანის მიღწევებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად შეურაცხმყოფელია", — ურთავს ის ჟურნალისტ ფატიმა ჰადუნთან საუბრისას.
ქართველ მოჭადრაკესთან ეს ინტერვიუ The Calvert Journal-მა ჩაწერა და მას გაფრინდაშვილის კარიერულ ცხოვრებაში ღირშესანიშნავი მოვლენების ისტორიაც დაურთო.
ბათუმი, 1954 წელი
გაფრინდაშვილი 1941 წელს ზუგდიდში დაიბადა. ის ოთხ უფროს და ერთ უმცროს ძმასთან ერთად, როგორც თავად აღწერს, "სიცოცხლით სავსე ოჯახში" გაიზარდა. "ფეხბურთითა და ფრენბურთით დაწყებული, მაგიდის ჩოგბურთისა და ბილიარდის ჩათვლით ყველაფერს ვთამაშობდით", — აღნიშნავს მოჭადრაკე და ურთავს, რომ ეზოში მათ მიერ მოწყობილ შეჯიბრებათა დროს მთელი სამეზობლო იყრიდა ხოლმე თავს.
გამარჯვებისკენ სწრაფვა გაფრინდაშვილისთვის ადრეული ასაკიდანვე ნაცნობი გრძნობა იყო, ყველაზე მეტად კი ჭადრაკი იტაცებდა. თამაში თავისი ძმებისგან ისწავლა და მთელი ძალით ცდილობდა მათი და მეზობელი ბიჭების დამარცხებას. "ძალიან აზარტული ვარ და ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. ჭადრაკში ყველაზე მეტად ეს თვისება მეხმარება", — ამბობს დიდოსტატი.
1954 წელს, 12 წლის ასაკში, გაფრინდაშვილმა ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ზუგდიდის სახელით იასპარეზა, თუმცა მონაწილეთა სიაში თავდაპირველად ჩაწერილი არც ყოფილა. მას ზუგდიდის სრულად ბიჭებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მისი ძმის ნაცვლად შესთავაზა თამაში, რადგან ეს უკანასკნელი ამ დროს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა და ჭადრაკისთვის არ ეცალა.
სწორედ ბათუმში აღმოაჩინა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ცნობილმა მწვრთნელმა, ვახტანგ ქარსელაძემ. მან დამწყები მოჭადრაკის მშობლები დაარწმუნა, თბილისში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რათა მათ შვილს ჭადრაკის პრესტიჟულ სკოლაში ევლო. ორი წლის შემდეგ გაფრინდაშვილი საქართველოს ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის 1956 წლის გამარჯვებული გახდა (იგივე ტიტული მან 1959, 1960 და 1961 წლებშიც მოიპოვა).
ამ პერიოდში ქართველს ჯერაც არ მოეგო მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა ჭადრაკი ქვეყანაში ძალიან პოპულარული იყო. "ყველას უყვარდა და ყველა თამაშობდა. ხალხი შესვენებებზეც კი ჭადრაკს ეთამაშებოდა ერთმანეთს", — ყვება გაფრინდაშვილი.
მოსკოვი, 1962 წელი
გაფრინდაშვილმა ქალთა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად 21 წლისამ მოიპოვა, როცა ორგზის ჩემპიონი, რუსი ელისაბედ ბიკოვა, დაამარცხა. საქართველოსთვის ეს დიდი წარმატება იყო. რუსეთიდან მატარებლით დაბრუნებულ გაფრინდაშვილს სადგურზე გულშემატკივრის ზღვა დახვდა.
ამ გამარჯვებამ მას საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც გაუთქვა სახელი და თამაშიდან ერთი წლის თავზე იგი ინგლისში, ჰასტინგსში, ექსკლუზიურ ტურნირზე მსოფლიოს მოწინავე მოჭადრაკეებთან — კაპაბლანკასთან, ალიოხინთან, სპასკისა და ბოტვინიკითან — ერთად მიიწვიეს. გაფრინდაშვილი ტურნირის ისტორიაში მეორე ქალი მოთამაშე და პირველი ქალი გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც მისდამი ქებას გენდერული კონტექსტი ჩამოცილდა. Daily Mirror-ის ერთ-ერთ სტატიას რომ დავესესხოთ, "მან მთელი ჭადრაკის სამყარო დააშამათა".
1965 წელს გაფრინდაშვილი ჰასტინგსში მეორედ მიიწვიეს — ამჯერად მთავარ ტურნირზე სათამაშოდ, სადაც მან მიხეილ ტალისა და სხვა გავლენიან მოთამაშეთა წინააღმდეგ იასპარეზა. გაფრინდაშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა, გზად ყველა ბრიტანელი მოჭადრაკე დაამარცხა, პაულ კერესთან თამაში კი ყაიმით დაასრულა.
ლონ-პაინი, 1877 წელი
გაფრინდაშვილი თამაშის აგრესიული სტილით, გონივრული ტაქტიკითა და სწორი კომბინაციების შერჩევის უნარით იყო ცნობილი. გერმანელ რუდოლფ სერვატისთან 1974 წლის დიუსელდორფის მატჩში მან ორივე ეტლი გაწირა და ამ სარიკსო გადაწყვეტილებით შეძლო მეტოქის დაშამათება. თუმცა, როგორც თავად გაფრინდაშვილი ამბობს, მისი საყვარელი პარტიები 1977 წლის ლონ-პაინის ტურნირს უკავშირდება.
იმ წელს ლონ-პაინის ტურნირში მონაწილეებს გამკაცრებული წესებით იღებდნენ და გაფრინდაშვილი ერთადერთი ქალი მოთამაშე აღმოჩნდა. საბოლოოდ მან დიდოსტატებთან — არგენტინელ პანოსთან, რუს ბალაშოვთან და სერბ შაჰოვიჩთან ერთად პირველი ადგილი გაინაწილა.
"ჩემი ძველი პარტიების ხარისხი დღემდე მაოცებს, რადგან ეს სვლები წინასწარმომზადებული არასდროს ყოფილა, ყოველთვის სპონტანურად ვთამაშობდი", — ამბობს გაფრინდაშვილი. იგი დიდ ქებას იმსახურებდა "ოსტატური ენდშპილის ტექნიკისათვის", როგორც ეს The New York Times-მა აღწერა ამერიკელ ჯეიმს ტარჯანთან მატჩის შემდგომ, რომელშიც გაფრინდაშვილმა მოსაგებად პაიკი გაწირა.
ტურნირებში მიღწევების პარალელურად, სწორედ თამაშის გამორჩეული სტილის დახმარებით გახდა 1978 წელს გაფრინდაშვილი პირველი ქალი, რომელმაც დიდოსტატის ტიტული მოიპოვა.
თუმცა, წარმატებას სირთულეებიც მოჰყვა თან.
თბილისი, 1978 წელი
ის ფაქტი, რომ საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარადგენდა, გაფრინდაშვილისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. ის 1969 წელს რუს (შემდგომში ისრაელელ) მოთამაშესთან, ალა კუშნირთან, გამართულ შერკინებებს იხსენებს, რომელთა დროსაც ქართველი მოჭადრაკე ქალთა შორის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იცავდა. გაფრინდაშვილმა მოსკოვში თამაშისას გაიმარჯვა, სამშობლოში კი დამარცხდა.
"ვფიქრობ, გარემო ემოციურ ფონზე დიდ გავლენას ახდენს, რაც, თავის მხრივ, მატჩის შედეგზე აისახება. მახსოვს, რუსეთიდან რომ დავბრუნდი, ხალხი ზოგჯერ მოსალმების გარეშეც კი იმას მეკითხებოდა, ასეთი მცირე სხვაობით რატომ მოვუგე კუშნირს", — ყვება გაფრინდაშვილი.
ლაზიერის გამბიტში ბეტ ჰარმონის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება იმის საილუსტრაციოდაა ნაჩვენები, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჭადრაკის პროფესიონალურად თამაშით გამოწვეულ წნეხს. ამიტომაც, გაფრინდაშვილის აზრით, ამ სფეროში წარმატებისთვის მხოლოდ ნიჭი საკმარისი არაა: "მოჭადრაკე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყოს და სრულყოფილებისაკენ ისწრაფოდეს".
გაფრინდაშვილისათვის ჭადრაკისეული სტრესის სხვა აქტივობებით დაბალანსება უმნიშვნელოვანესი იყო. "როცა ვღელავდი, სხვა სპორტს ვთამაშობდი, მუსიკას ვუსმენდი ან წიგნებს ვკითხულობდი. კითხვა ძალიან მიყვარს. 80 წლის ვხდები და მთელი ცხოვრებაა, ჭადრაკს ვთამაშობ, თუმცა არ მახსენდება, ოდესმე უძილობას შევეწუხებინე. არც ანტიდეპრესანტებისა და საძილე აბების მიღება დამჭირვებია. ბუნებრივად ვარ ასეთი", — ამბობს მოჭადრაკე.
გაფრინდაშვილისთვის მოტივაციის ყველაზე დიდი წყარო არა გამარჯვებისკენ სწრაფვა, არამედ ჭადრაკის სიყვარული იყო. "ყოველი მარცხიც კი ღირებულია", — აცხადებს იგი.
ბად ლიბენცელი, 1995 წელი
1978 წელს გაფრინდაშვილს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 17 წლის მაია ჩიბურდანიძემ ჩამოართვა. მან ეს სტატუსი 13 წელი შეინარჩუნა და 2010 წლამდე ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონადაც ითვლებოდა. ჩიბურდანიძის გამარჯვებით ქართული ჭადრაკის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა: სხვა ქართველმა ქალებმაც დაიწყეს საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით მონაწილეობა.
1975, 1978, 1981 და 1988 წლების ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში ყველა მონაწილე ქართველი იყო — კერძოდ, გაფრინდაშვილი, ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი. კომენტატორებმა მათ "დრუჟინა" — საბრძოლო გაერთიანება უწოდეს.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაკარგვის მერე, 1995 წელს, გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატში მოიპოვა გამარჯვება: ამჯერად, არა საბჭოთა კავშირის, არამედ საქართველოს სახელით.
როგორ შეძლო საქართველოსნაირმა პატარა ერმა გამარჯვებათა მსგავსი ხანგრძლივი ისტორიის შექმნა? გაფრინდაშვილი ხუმრობს, რომ ეს მზიანი ამინდისა და კარგი ღვინის დამსახურებაა. თუმცა, პასუხი, შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში იმალებოდეს: ტრადიციულად, ქართველ პატარძლებს მზითევში ვეფხისტყაოსანსა და ჭადრაკის დაფას ატანდნენ.
სახელგანთქმული ქართველი ქალი მოჭადრაკეების ისტორიებზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. დიდება დედოფალს ეკრანებზე სექტემბერში გამოვიდა და სერბეთში Free Zone-ის კინოფესტივალზე მაყურებლის ჯილდოც დაიმსახურა.
ბუქარესტი, 2019 წელი
ფილმის რეჟისორების, თათია სხირტლაძისა და ანა ხაზარაძის თქმით, გაფრინდაშვილი კოლეგებს შორის გამორჩეული იყო. სხირტლაძე მას თავდაჯერებულ, ძლიერ, სიცოცხლით სავსე ადამიანად ახასიათებს: "ნონა ნამდვილად შეუჩერებელია. ის უზომოდ დიდ გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე“.
"თუ სხვა მოჭადრაკეები თამაშის წინ ღელავდნენ და ვარჯიშობდნენ, ნონა ტურნირების წინა ღამეს ფეხბურთს უყურებდა ხოლმე", — ამბობს ხაზარაძე. აღსანიშნავია ისიც, რომ "დრუჟინას" ოთხეულიდან გაფრინდაშვილი ერთადერთია, რომელიც დღესაც ასპარეზობს.
პირველი ტიტულის მოპოვებიდან 50 წლის შემდეგაც კი გაფრინდაშვილი ჭადრაკის სამყაროზე კვალის დატოვებას განაგრძობს. მან სულ ექვსჯერ მოიპოვა ვეტერანი მსოფლიო ჩემპიონი ქალის ტიტული — უკანასკნელად გასულ წელს, ბუქარესტში. თბილისის ჭადრაკის სასახლე სწორედ მის სახელს ატარებს. ასევე, არსებობს გაფრინდაშვილის სახელობის თასიც, რომელსაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია FIDE იმ ქვეყანას გადასცემს, რომელიც თავის ქალთა და კაცთა მოთამაშეების რეიტინგის შეჯამებით ყველაზე მაღალ საერთო ქულას აგროვებს.
დღესაც ქართველი ქალები მსოფლიოს მოწინავე მოჭადრაკეთა რიგებში ხშირად ჩანან. მათ შორისაა ნანა ძაგნიძე, რომელსაც სახელი ნანა ალექსანდრიას პატივსაცემად დაარქვეს. ძაგნიძე მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. მან ლოზანაში ახლახან გამართულ გრან-პრიში გაიმარჯვა. ამით ძაგნიძესთვის 2022 წელს ქალთა მსოფლიო ჩემპიონთან ტიტულისთვის თამაშის პერსპექტივა კიდევ უფრო რეალური გახდა.
იქამდე კი გაფრინდაშვილი იმედოვნებს, რომ ლაზიერის გამბიტის მსგავსი სერიალები ჭადრაკის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. "იმედი მაქვს, სერიალი საზოგადოებას ჭადრაკით ისევე დააინტერესებს, როგორც ეს თავის დროზე ჩემმა პირველმა გამარჯვებებმა მოახერხეს. დამწყებ მოთამაშეებს ვურჩევდი, ჭადრაკს მაქსიმალურად მიუძღვნან თავი და სირთულეებმა არ შეაშინოთ. ეს თამაში უდიდეს ყურადღებას მოითხოვს", — ამბობს ის.
ამჟამად გაფრინდაშვილს ასპარეზობისგან პანდემია აბრკოლებს. როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, იგი ჩვეული რიტმით გეგმავს თამაშის გაგრძელებას.
"ჭადრაკი ხომ ჩემთვის ენერგიის წყაროა", — აცხადებს დიდოსტატი.
კომენტარები