ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის მე-2 საჯარო სკოლაში სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას მუშა დაშავდა. სკოლის დირექტორმა, ვალერ ზარანდიამ On.ge-ს განუცხადა, რომ მუშა მესამე სართულიდან გადმოყრილი ნაგავის შედეგად დაშავდა. ის ამ დროს პირველ სართულზე იმყოფებოდა.

"ნაგავს ყრიდნენ ზევიდან. მტვერი იყო პირველ სართულზე ამის გამო და ერთ-ერთმა სუფთა ჰაერის გამო ფანჯარა გააღო, რა დროსაც ძლიერად დაეცა მას თავში გადმოყრილი მასალა. კიდევ კარგი ჩაფხუტი ეხურა, თორემ ლეტალური შედეგი დაგვიდგებოდა. ჩაზნექილია ქუდი", — ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ისევ ინტენსიურ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, მაგრამ ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.