ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით კვირას, 22 ნომებრის მარშზე გამოსული აქციის მონაწილეები ისევ დააკავეს. დაკავებულთა შორის არის ადგილობრივი გამოცემა TUT.BY-ს ჟურნალისტი, რომელიც ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას, ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ისევ მოითხოვენ. ისინი, ასევე, პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების ცემისა და წამებისთვის ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებას თხოვენ.

Reuters ადგილობრივ უფლებადამცველ ცენტრ ვესნაზე დაყრდნობით წერს, რომ კვირას გამართულ აქციაზე 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. TUT.BY-ს ინფორმაციით, თვითმხილველების თქმით, ძალოვნებმა მომიტინგეების დასაშლელად სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაიაც არ ეთანხმება, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ.

6 ნოემბერს ევროკავშირმა 15 ბელარუს მაღალჩინოსანს, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. სანქციები მოიცავს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის შეზღუდვას და საბანკო ანგარიშების გაყინვას.