მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლების აყვანის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ლევან ზურაბაშვილი აპირებს, ბრძოლის გაგრძელებას და სოციალურ აქტივობებს.

"უნდა, რომ იყოს საზოგადოებრივად აქტიური, პოლიტიკური კუთხით არა, პოლიტიკასთან საერთოდ შორს არის და აპოლიტიკურია. უნდა, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს აზარტული თამაშები", — განაცხადა გიორგი ჭოჭუა სხდომის შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას ედავებიან. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ისინი გასაჩივრებას აპირებენ.

სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ზურაბაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ.

ამავე თემაზე:

20 ნოემბერს ერთი პირი წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს.

შენობიდან კადრები ინტერნეტში მალევე გავრცელდა. სავარაუდო თავდამსხმელი მძევლებს ეუბნებოდა, რომ პირდაპირი ეთერი ჩაერთოთ, რათა მედიებმა კადრები ნახონ და გააშუქონ. ის მოითხოვდა, რომ პარლამენტის დეპუტატები და ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები შეკრებილიყვნენ და 3 კანონი მიეღოთ: აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება. გავრცელებულ კადრებში ის არ ასახელებდა, რა შემთხვევაში გაათავისუფლებდა მძევლებს და არც მომლაპარაკებელს ითხოვდა.

თავდაპირველად გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო. რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულს მიკროსაფინანსოში ყუმბარა ჰქონდა შეტანილი. თუმცა ადვოკატის თქმით, ეს ყუმბარის ფორმის სანთებელა იყო.