ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება მონაწილეობდა, დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო კომისიებში 12 საჩივარი შევიდა. ცესკოში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

მათივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა.

რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 80 სპეციალურ უბანს, ცესკო-ში ამბობენ, 145-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე.

"არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა", — აღნიშნავენ ცესკო-ში.

ცესკოს მონაცემებით, 20:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა მეორე ტურისთვის 26,29%-ია. ამომრჩეველთა რაოდენობამ 562 664 შეადგინა. ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარაშია — 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი — მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში, ნაძალადევში, 20,04%.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.

ამასთან, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.