სრული სვლით წინ — გაიცანით 500 Georgia-ს მეორე ნაკადის მონაწილეები
ჩვენ უკვე მოგიყევით, რატომ არის მნიშვნელოვანი 500 Startups აქსელერაციის პროგრამა საქართველოსთვის და პირველი ნაკადის ფინალისტები და გამარჯვებულებიც გაგაცანით, ახლა კი გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups აქსელერაციის პროგრამას აგრძელებს. პროექტი რეგიონული მასშტაბით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაკადში 15-მა სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა, მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების მოცულობა კი 5 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი — Cardeal და Cargon, 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონ ველიში გაემგზავრებიან, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
"მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ ისეთი გლობალური პროექტის განხორციელებას, როგორიცაა 500 Georgia. აქსელერაციის პროგრამის მეშვეობით 2 სტარტაპს უკვე მიეცა შესაძლებლობა სილიკონ ველიში გაემგზავროს. მეორე ნაკადში მონაწილე 15 სტარტაპს კი აქვს უნიკალური შანსი, საკუთარი სტარტაპებისა და კომპანიების დასახვეწად მსოფლიოში წამყვან, ერთერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან და მენტორებთან იმუშავონ. აქსელერაციის პროგრამის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა, რაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის უდიდესი წარმატებაა და იმაზე მიუთითებს, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტია. მინდა ვუთხრა პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს, რომ არ გაჩერდნენ, ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ახსოვდეთ რომ, გზა სულ არის, განავითარონ სტარტაპი", — განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
500 Georgia-ს მეორე ნაკადი
მონაწილე კომპანიებს შორის წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქათული ეკო სისტემის წევრები. მეორე ნაკადში მონაწილე 15 კომპანიაა: Activechat; Agrolabs; Argonavti; Arealy; B2C.GE; Citycom; Corebook; Extra.ge; Kernel; Kvalifika; My Nanny; PAYZE; Simpolium; Trice; YouTravel.me.
ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის მეორე ნაკადში შერჩეული სტარტაპებისთვის აქსელერაციის პირველი ეტაპი — ონლაინ "ბუთქემფი" უკვე დაიწყო და ის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა.
YouTravel.me — ონლაინ პლატფორმა მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობისთვის
YouTravel.me რუსეთში წამოწყებული და ახლა უკვე მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული სტარტაპია, რომლის შექმნის იდეა სამ მოგზაურობის მოყვარულ ადამიანს დაებადა, ერთ-ერთი ცუდი გამოცდილების შემდეგ მიხვდნენ, რომ სურდათ სხვა ადამიანებისთვის სასიამოვნო გამოცდილება შეექმნათ. კომპანია 2018 წელს დაფუძნდა და უკვე 2000-ზე მეტ მოგზაურობის ექსპერტს აერთიანებს, რომლებიც დამსვენებლებს დაუვიწყარ გამოცდილებას ჩუქნიან.
"ჩვენ ადამიანებს, რომელთაც მოგზაურობის დაგეგმვისთვის დრო არ აქვთ ან კომპანიონის პოვნის შესაძლებლობა არ გააჩნიათ, მსოფლიოს და ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის დაგეგმვაში და დაჯავშნაში ვეხმარებით, ყველა ეტაპის მოგვარება პლატფორმის საშუალებით ხდება, ჩვენ უკვე 2000-ზე მეტ ექსპერტს ვაერთიანებთ და ასზე მეტ ქვეყანაში ვმუშაობთ, ხოლო პანდემიის პერიოდში ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმვას ვუადვილებთ", — გვეუბნება ივან ბორტნიკოვი, კომპანიის თანადამფუძნებელი.
კომპანიაში ფიქრობენ, რომ გლობალურ ბაზარზე დამკვიდრებაში 500 Georgia დაეხმარებათ. გარდა ამისა, საქართველოს ტურისტული პოტენციალი კომპანიის დამფუძნებლებისთვის მიმზიდველად გამოიყურება, ეს კი დაინტერესებისთვის დამატებითი მიზეზია.
"500 Startups მსოფლიოში ცნობილი აქსელერატორია, რომლის შესახებაც ვიცოდით. სტარტაპის შექმნისას კი კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიეთ, რადგან ვეძებდით გზებს, რომლებიც დაგვეხმარებოდა ჩვენი ბიზნესის გამართვაში, უშუალოდ 500 Georgia-ს შესახებ წინა ნაკადის მონაწილისგან გავიგეთ და ვიფიქრეთ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ჩვენი სამომავლო განვითარებისთვის. ვიცოდით, რომ პროგრამის გამოცდილება და ცოდნა მნიშვნელოვნად წაგვადგებოდა. საქართველო ბიზნესის საკეთებლად პერსპექტიულია, ამასთანავე ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებაა. ამჟამად ჩვენს საიტს ყოველთვიურად დაახლოებით 90 000 მომხმარებელი ჰყავს. გვინდა, ეს რიცხვი 9 მილიონამდე გავზარდოთ", — ამბობს ივანი.
Extra.ge — ერთიანი ციფრული სავაჭრო სივრცე ცოდნისა და სიახლის გაზიარებისთვის
ადამიანთა ცხოვრების გაიოლებაზეა ორიენტირებული Extra.ge-ც — ერთიანი ციფრული სავაჭრო სივრცე, სადაც ყველას აქვს სასურველი პროდუქტებისა და მომსახურებების მოძიებისა თუ განთავსების შესაძლებლობა.
ელექტრონულმა კომერციამ მომხმარებელსა და პროდუქტისა თუ სერვისის შემქმნელს შორის ყველა საზღვარი გადალახა და პანდემიისას კიდევ უფრო საჭირო სფეროდ ჩამოყალიბდა. როგორც თამარ ბუაძე, პლატფორმის დამფუძნებელი აღნიშნავს ცოდნისა და სიახლის გაზიარება პლატფორმის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
"ქართული ციფრული ვაჭრობა დღითიდღე იზრდება — თუმცა გაცილებით მეტი შეგვიძლია, ამისათვის აუცილებელია ერთიანი უნივერსალური სივრცე. ურთიერთგაზიარება კი ჩვენი პლატფორმის ფუნდამენტური ღირებულებაა — როგორც პროდუქტებისა და სერვისების, ასევე ცოდნის, კომპეტენციისა და იდეების გაზიარება, რომლებიც გააუმჯობესებს ჩვენს სამყაროს. გვჯერა, რომ თანამედროვე სამყაროში ყველას უნდა ჰქონდეს სასურველი პროდუქტისა თუ სერვისის როგორც მიღების, ასევე სხვებისთვის შეთავაზების თანაბარი შესაძლებლობა. ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ ჩვენი კომპეტენციით, ცოდნითა და ტექნოლოგიებით მუდამ დავეხმაროთ ინდივიდებს საკუთარი პოტენციალის უკეთ გამოყენებაში", — ამბობს თამარ ბუაძე.
კომპანიამ სულ რაღაც 8 თვეში შეძლო 700 000-მდე ყოველთვიურ მომხმარებლამდე მისვლა და მათი თქმით, 10 დღეა, რაც საქართველოში პირველი ციფრული გაყიდვების აპლიკაციის შემქმნელებიც გახდნენ.
"სულ რაღაც 8 თვეში სრულყოფილ ონლაინ მოლად ჩამოვყალიბდით — 400-მდე მაღაზია, 65 000 პროდუქტი, 1500-მდე ბრენდი იყიდება ექსტრაზე. ყველაზე კარგი ის არის, რომ ზრდა არის ყოველდღიური პროცესი. ვებგვერზე ყოველთვიურად 700 0000-მდე უნიკალური მომხმარებელი გვყავს. ასევე ძალიან საამაყოა ის, რომ პირველი მარკეტფლეისი ვართ საქართველოში, რომელმაც სრულყოფილი მობილური აპლიკაცია ჩაუშვა ხმარებაში და ის ხელმისაწვდომია როგორც IOS, ასევე ანდროიდ ვერსიებისათვის", — გვიყვება თამარი.
500 Georgia-სგან Extra.ge საერთაშორისო ტექნოლოგიური და ბიზნეს გამოცდილების გაზიარებას ელის. გუნდი თვლის, რომ პროგრამა კომპანიის სწრაფ ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს.
500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან — დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400-ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი "Unicorn" სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom; Credit Karma; Grab; Talkdesk; Canva; GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.
კომენტარები