რატომ უნდა ვაყურებინოთ ბავშვებს სტარ ტრეკი
ასეთი თამამი განცხადებით უნდა დავიწყო: ღრმად მწამს, რომ ვინც ბავშვობაში სტარ ტრეკს უყურებს, მას სხვებზე მეტი შანსი აქვს, კარგ ადამიანად გაიზარდოს.
ამიტომ თუ აქამდე პირადად ვერ მოიცალეთ ამ სამყაროსთვის, რადგან 60-იანი ან თუნდაც 90-იანი წლების მოძველებული ვიზუალი გაშინებთ ან სერიალების თუ ფილმების სიმრავლე და ქრონოლოგიური არეულობა გაბნევთ, ასეთ გამოსავალს გთავაზობთ: მოისვით გვერდზე სკოლის ასაკის შვილი ან დისშვილ-ძმისშვილი და ერთად დაიწყეთ უცხო პლანეტებზე მოგზაურობა.
მერწმუნეთ, არ ინანებთ.
მართალია, სტარ ტრეკს დამოძღვრაც სჩვევია და მისი პერსონაჟებიც ფილოსოფიურ დილემებზე ხშირად და ხანგრძლივად ბჭობენ, მაგრამ არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, მომავლის ეს ფანტატსიკური სამყარო მოსაწყენიაო. სინამდვილეში, სტარ ტრეკის მთავარი მხატვრული ღირებულება სწორედ ისაა, რომ საინტერესო პერსონაჟების ჩამთრევ თავგადასავლებში ფუთავს მეცნიერულ და ეთიკურ გაკვეთილებს.
თუ სიტყვაზე არ მენდობით და სტარ ტრეკისთვის დრო მაინც გენანებათ, რამდენიმე ფაქტსაც შემოგაშველებთ:
1. ნათელი მომავლის რწმენა
დამაჯერებელი უტოპიების შექმნა ძალიან ძნელია — დისტოპიების შექმნაზე გაცილებით ძნელი. ამის ახსნა ორი გარემოებით შეიძლება. ერთი მხრივ, თეორიულ დონეზეც კი ურთულესია ისეთი რეალისტური საზოგადოებრივი წყობის წარმოდგენა, რომლის შიგნითაც სისტემა არავის დაჩაგრავს. მეორე მხრივ კი, თავად მხატვრული ნაწარმოების უნივერსალური სტრუქტურაა გასათვალისწინებელი: ნებისმიერ ამბავს დრამატურგიისთვის კონფლიქტი სჭირდება, რომ თხრობა ჩამთრევი გახდეს და აუდიტორიასთან ემოციური კავშირი დამყარდეს. პრობლემების არმქონე ადამიანებით დასახლებულ იდეალურ რეალობაში კი კონფლიქტი, დამეთანხმებით, რთულად წარმოიშობა.
სწორედ ამ ორ გარემოებას უნდა ეთამაშა დიდი როლი იმაში, რომ მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დეტალურად აღწერილი უტოპიური სამყარო, ანარრესი, ურსულა ლე გუინმა ნაკლოვანი, ფარული კონფლიქტებით სავსე გახადა და იდეალად სისტემის მუდმივი გადასინჯვა დასახა.
სტარ ტრეკის სამყაროს შემქნელმა, ჯინ როდენბერიმ სხვა გზა არჩია: მან თავის მომავლის საზოგადოებას, "პლანეტების გაერთიანებული ფედერაციის" სამყაროს ერთი მოთხოვნა წაუყენა: ის კონფლიქტისგან სრულიად დაცლილი უნდა ყოფილიყო. ამ წესმა სტარ ტრეკის სცენარისტებს ნამდვილი თავსატეხი გაუჩინა. მათ მასებზე გათვლილი კულტურული პროდუქტი ისე უნდა შეექმნათ, რომ მთავარი პერსონაჟები ერთმანეთს არასოდეს დაპირისპირებოდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტი თუ გაუგებრობა ფედერაციის გარეთ მყოფი ძალებისგან თუ პერსონაჟებისგან უნდა წამოსულიყო.
როდენბერი ახირებული კაცი კი იყო, მაგრამ მის ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული მიზეზი ედო საფუძვლად: მას იმ იდეალის შექმნა უნდოდა, რომელიც ახალ-ახალ თაობებს მომავლისადმი ოპტიმიზმით განაწყობდა და ამ მომავლის დადგომაში პროაქტიურ როლს შეასრულებინებდა.
თუ ეს მიზანი ზედმეტად ამბიციურად გეჩვენებათ, სულ ტყუილად. როდენბერიმ მიზანს მიაღწია, რაზეც ყველაზე ნათლად ალბათ ის გავლენა მეტყველებს, რომელიც სტარ ტრეკმა NASA-ზე მოახდინა. კოსმოსური სააგენტო 70-იანი წლებიდან აქტიურად და წარმატებით იყენებდა სტარ ტრეკის მსახიობებს ახალგზარდა კადრების მოსაზიდად. მაგრამ ამ მარკეტინგული გათვლის გარეშეც სერიალმა ათწლეულების განმავლობაში უამრავ ადამიანს გადააწყვეტინა მეცნიერად, ინჟინრად და ასტრონავტად გახდომაც კი. ამიტომ გასაკვირი არაა რომ NASA-ს სულ პირველ, 1977 წლის ორბიტულ შატლს სტარ ტრეკის ხომალდის სახელი, Enterprise დაარქვეს.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ როდენბერის ფორმულა მუშაობს: მიმზიდველი იდეალის დასახვა მისკენ სწრაფვის სურვილს აჩენს — ასე მარტივადაა ყველაფერი.
2. ემპათიის გამომუშავება
1965 წლის საპილოტე ეპიზოდი NBC-ის ხელმძღვანელობამ სხვა მიზეზებთან ერთად იმის გამოც დაიწუნა, რომ ჩათვალა, კაპიტნის მოადგილედ ძლიერი და არასექსუალიზებული ქალი პერსონაჟის ყოლა იმაზე არარეალისტური იყო, ვიდრე სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მფრინავი ხომალდები, ტელეპორტაცია ან თუნდაც ტელეპათიის უნარის მქონე დიდთავა უცხოპლანეტელები. ამ მომენტიდან დაწყებული, სტარ ტრეკი კონსერვატორულ მიდგომებთან ორთაბრძოლაში ჩაება.
თავისი მისიის ცენტრალურ ეთიკურ პრინციპად სერიალმა განსხვავებულისადმი შიშის დაძლევა და საერთო ენის გამონახვის აუცილებლობის წარმოჩენა განსაზღვრა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტარ ტრეკი ამერიკელების ეკრანებზე პირველად ცივი ომის ყველაზე დაძაბულ პერიოდში გამოჩნდა, ეს ანტიიმპერიალისტური გზავნილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაგრამ, ისტორიულ კონტექსტსაც რომ თავი გავანებოთ, უცხოსადმი ემპათიის გამოჩენის ღირებულება უნივერსალურია და ყველა შესაძლო მასშტაბზე თუ დროში ინარჩუნებს რელევანტურობას.
აი, მაგალითად, სტარ ტრეკის "მომდევნო თაობის" 1992 წლის ეპიზოდში, "განდევნილი", ისეთ საზოგადოებას ვეცნობით, რომელშიც ერთადერთი მიღებული სქესობრივი და გენდერული იდენტობა ანდროგინიაა. აქ ყველას, ვინც ამ ყალიბში არ ჯდება და გამოხატულად ქალურ ან კაცურ თვისებებს ავლენს, საზოგადოებისთვის საშიშ ინდივიდად აღიქვამენ და იძულებით გამოსასწორებელ მკურნალობას უტარებენ. ეპიზოდის ბოლოს ქალად თვითიდენტიფიცირებული პერსონაჟი, სორენი, პლანეტური სასამართლოს წინაშე დგება და სიტყვას წარმოთქვამს:
"ტყუილებმა დამღალეს. მე ქალი ვარ. ასეთად დავიბადე. ეს გრძნობები, ეს ვნებები მთელი ცხოვრების განმავლობაში მქონდა. მე ავად არ ვარ იმის გამო, რომ ამ გრძნობებს ვგრძნობ. დახმარება არ მჭირდება. განკურნება არ მჭირდება. ის, რაც მჭირდება და ის, რაც ყველა ჩემნაირს სჭირდება, ისაა, რომ გაგვიგოთ და გვითანაგრძნოთ. ჩვენ თქვენთვის არაფერი დაგვიშავებია. და მაინც, ჩვენ აბუჩად გვიგდებენ და თავს გვესხმიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირები ვართ. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ განსხვავდება იმისგან, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩვენ ვსაუბრობთ და ვიცინით. ვწუწუნებთ სამუშაოზე და გვაფიქრებს დაბერება. ჩვენ ჩვენს ოჯახებზე ვსაუბრობთ და მომავალზე განვიცდით. და როცა სრული უიმედობა გვიპყრობს, ერთმანეთის მკლავებში ვტირით. ყველა ის მოსიყვარულე ქმედება, რომელსაც თქვენ ერთმანეთთან სჩადიხართ, ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და ამის გამო ჩვენ საშიშებად, ანომალიებად და ბოროტმოქმედებად მივიჩნევით. რა უფლება გაქვთ ჩვენი დასჯის? რა უფლება გაქვთ ჩვენი შეცვლის? რამ ჩაგინერგათ იმის რწმენა, რომ შეგიძლიათ, ადამიანებს უკარნახოთ, როგორ უყვარდეთ ერთმანეთი?"
ეს მონოლოგი ემპათიის ღირებულებისთვის მიძღვნილი მანიფესტია. აქ რაიმე არბიტრარული ნიშნით დისკრიმინაციის აბსურდულობას იმით ესმევა ხაზი, რომ სიუჟეტში ის მდგომარეობაა ანომალიად წარმოჩენილი, რომელიც ჩვენს რეალობაში ნორმად აღიქმება. სწორედ ამაშია სამეცნიერო ფანტასტიკის ძალა — მისეული სამყარო ჩვენთვის ერთდროულად ნაცნობიცაა და უცხოც, რაც საშუალებას გვაძლევს, ის ჩვენს რეალობას შევადაროთ და ნორმად მიჩნეული პრინციპების პირობითობა დავინახოთ. რაც მთავარია, მსგავსი რეფლექსია ქვეცნობიერ დონეზე ხდება, ამიტომ ჩვენ "ეთიკურ გაკვეთილებს" ძალდაუტანებლად ვითავისებთ.
3. შეცდომებზე სწავლა
შეამჩნევდით, აქამდე სტატიაში სტარ ტრეკის ქება-დიდების გარდა არაფერი მიკეთებია, მაგრამ მის ნაკლებზეც უნდა ითქვას ერთი-ორი სიტყვა.
სტარ ტრეკის სცენარისტებს წლების განმავლობაში არაერთი, რბილად რომ თქვათ, საეჭვო გადაწყვეტილება მიუღიათ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით 60-იან წლებში გადაღებული ორიგინალი სერიები გამოირჩევა, სადაც დრომოჭმული შეხედულებები გამორჩეული სიცხადით გეჩხირება თვალში. ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ ქალები ამ ადრეულ ეპიზოდებში ხშირად სტერეოტიპულად სექსუალიზებულები არიან.
სამწუხაროდ, არც 90-იანი წლების "მომდევნო თაობაა" ამ მხრივ უცოდველი. შორს რომ არ წავიდეთ, იმავე "განდევნილში", როცა ზემოთმოხმობილი მონოლოგის წარმომთქმელ სორენს პლანეტის სასამართლო "მკურნალობას" მიუსჯის, პროცედურა წარმატებული აღმოჩნდება: ერთ დროს ქალად თვითიდენტიფიცირებული სორენი ანდროგინი ხდება. იმ დროს, როცა ამერიკაში ჰომოსექსუალი ადამიანებისთვის "გარდაქმნის" სასტიკი თერაპიის ჩატარება ჯერ კიდევ გავრცელებული პრაქტიკა იყო, ამგვარ სიუჟეტურ გადაწყვეტას მავნებლობის გარდა სხვა სახელი ვერაფრით დაერქმევა.
ამგვარ შეცოდებებზე თვალის დახუჭვა ჩემი მხრიდან ყველაზე არასტარტრეკული საქციელი იქნებოდა. ერთი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი, რასაც სრულყოფილი გმირებით დასახლებული ეს სამყარო მეტატექსტუალურად გვასწავლის, ისაა, რომ რეალობაში შეუცდომელი არავინაა და ამაში თავისთავად ცუდი არაფერია. მთავარია, ჩვენს შეცდომებს პერიოდულად მაინც თვალი გავუსწოროთ და მათგან სასარგებლო გაკვეთილი გამოვიტანოთ.
ამის შესახებ ჩემზე გაცილებით კარგად თავად როდენბერიმ თქვა: "ბრძოლაა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი იმაზე უკეთესებად ქცევა უნდა იყოს, ვიდრე ვართ. არაუშავს, რომ საბოლოო მიზანს ვერასდროს მივაღწევთ. თავად ძალისხმევაა მრავალი ჯილდოს მომტანი".
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს შემოიხედო ჩვენს ჯფუშიც – ერთი სერიაც და…
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები