ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 56,11%-ია, რაც რაოდენობრივად 1 970 540 ამომრჩეველია. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ანუ 2016 წელს, იმავე დროს აქტივობა 51,63% იყო, რაც რაოდენობრივად 1 814 276 ამომრჩეველია.

"საღამოს რვა საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩეველს, კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება.

რაც შეეხება სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე გადასატანი ყუთი 21 საათისთვის დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე", — განაცხადა მან.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ მე-19 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს მოიცავს — (63,8%), ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლშია — (51%).

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: