2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მოქალაქეებმა უნდა ავირჩიოთ ის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში განსაზღვრავს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკას, განათლებას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც გავლენას მოახდენს ქვეყნის, შესაბამისად, ჩვენს მომავალზე.

წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია

შეცვლილი საარჩევნო სისტემა თითოეულ ხმას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმნიშვნელო არც არასდროს ყოფილა. რა "ფასი" აქვს მოქალაქეთა აქტიურობას არჩევნებში და როგორ განსაზღვრავს ერთი ხმა შედეგებს? — On.ge ამ და სხვა საკითხებზე სპეციალისტებს ესაუბრა.

ერთი ხმის მნიშვნელობა

ფოტო: ცესკო

ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა კონკრეტული კანდიდატისა თუ პოლიტიკური პარტიის ბედი ერთ ხმასაც გადაუწყვეტია.

"საქართველოში 2-3 შემთხვევაა, როცა კანდიდატის გამარჯვება ერთმა ხმამ გადაწყვიტა. მაგალითად, 1995 წელს ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს მაჟორიტარულ არჩევნებში 1 ხმით მოუგო. ამ დროს ვრწმუნდებით, რა შეუძლია ერთ ხმას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს ამომრჩევლამდეც მივიტანოთ", — აღნიშნა მან.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება ამომრჩევლის ხმას მეტ შესაძლებლობასა და გავლენას ანიჭებს. მისი თქმით, დაბალი ბარიერი და გაზრდილი პროპორციული მანდატების რაოდენობა მოსახლეობისთვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი.

ფოტო: რადიო თავისუფლება

ნიჟარაძე, ასევე, განმარტავს, ზოგადად, რატომ არის ამომრჩეველთა აქტიურობა მნიშვნელოვანი. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ხმის მიცემის უფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია, ეს არის საშუალება, ამომრჩეველი მონაწილეობდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

"ეს არის კარგი საშუალება, რომ საარჩევნო ყუთთან ამომრჩეველმა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება, იქნება ეს პროტესტი თუ მოწონება პოლიტიკური პარტიების მიმართ. ეს, თავის მხრივ, არის გზავნილი შესაბამისი პოლიტიკური აქტორისთვის, რომ მისი პროგრამა და ხედვები მიუღებელია ამომრჩევლისთვის ან პირიქით, მოსაწონი და მისაღებია, სწორ გზაზე დგას და სწორად ახორციელებს საქმიანობას", — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

რატომ ვამბობთ ხმის მიცემის უფლებაზე უარს?

საარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობას დემოკრატიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ამისა, არჩევნებში აქტიურობა სტაბილურად მაღალი ყოველთვის არ არის. ამომრჩეველთა ნაწილი ხშირად ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს და ამით უარს ამბობს თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე. ეს შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე, On.ge-სთან რამდენიმე მათგანს განმარტავს.

"პირველი, შეიძლება, იყოს — ჩემს ერთს ხმას რა მნიშვნელობა აქვს იმ 3 მილიონ ხმაშიო. თუ ამას ეყრდნობა არჩევნებში არწასვლა, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ის სამი მილიონიც ერთ-ერთი ხმაა და, საბოლოოდ, ეს ერთ-ერთი ხმა ქმნის შედეგს", — ამბობს მენაბდე.

ის საუბრობს მეორე მიზეზზეც — განწყობა. კერძოდ, როცა მოქალაქე საერთოდ არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს ან სახელმწიფოს მიმართ აქვს პროტესტი. მესამე და ჩვენი რესპონდენტის თქმით, გასაგები პოზიცია, არის იმედგაცრუება საკუთარი პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ანუ, როცა პოლიტიკური პარტია ან კანდიდატი არ წარმოადგენს ხალხის ინტერესებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მენაბდე მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა უკიდურესი შემთხვევა უნდა იყოს.

ფოტო: ვახუშტი მენაბდე / Facebook

იურისტის თქმით, თუ პროტესტი დასაბუთებულია და თავის მოქალაქეობრივ მოვალეობაზე ბევრი ადამიანი ამბობს უარს, ეს, პირიქით, სიგნალი უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრისთვის, რომ რაღაც აუცილებლად შესაცვლელია. მისი განმარტებით, ეს შეიძლება იყოს "ყველაზე ადეკვატური პოლიტიკური ნაბიჯი".

ვახუშტი მენაბდე, გარკვეულწილად, კრიტიკულადაა განწყობილი "ბრმა მოწოდების" მიმართ, რომ მოქალაქე აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე. მისი თქმით, ადამიანებს ამ ვალდებულებიდან გადახვევის შესაძლებლობა უნდა მივცეთ, თუ ისინი პოლიტიკურ შემადგენლობას სხვადასხვა მიზეზის გამო პროტესტს უცხადებენ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა პასიურობა გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებული ქვეყნებისთვისაც.

ამომრჩევლის პასიურობა ხელს უწყობს ხელისუფლებაში ისეთი პარტიების მოსვლას, რომლებიც დიდი სიმპათიით არ სარგებლობენ.

ვახუშტი მენაბდე

"ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც ამომრჩეველი საკუთარ ხმაზე უარს ამბობს. იქნება ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება, იმედგაცრუება, ინფორმაციის ნაკლებობა პარტიების ხედვების შესახებ თუ სხვა. ამ დროს მნიშვნელოვანია ამომრჩეველს ვუთხრათ, რომ მათ ხმას ნამდვილად აქვს გავლენა. უნდა გაითვალისწინონ, რომ ამომრჩევლის პასიურობა ხელს უწყობს ხელისუფლებაში ისეთი პარტიების მოსვლას, რომლებიც დიდი სიმპათიით არ სარგებლობენ ამომრჩეველს შორის, შეიძლება მათთვის მიუღებელმა კანდიდატმა ან პარტიამ გაიმარჯვოს", — აღნიშნავს იგი.

მისივე თქმით, ამომრჩევლების პასიურობით, საბოლოოდ, ქვეყნის ინტერესები ზიანდება და თუ ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი გვინდა, სადაც საზოგადოების ფართო ფენების პოზიციები იქნება წარმოდგენილი, ამომრჩეველთა ჩართულობა ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის აზრით, საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე პატარა ასაკიდანვე უნდა ფლობდეს. ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია სკოლებში საგანმანათლებლო პროექტებსაც ახორციელებს და მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას, რატომ არის აუცილებელი ქვეყნის სამოქალაქო თუ დემოკრატიული პროცესებში მათი ჩართულობა.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა სეგმენტთან, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებზე. აქტიურად მოვუწოდებთ ყველას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და სწორედ მათი მონაწილეობის გაზრდის მიზნით არის ის, რომ ამომრჩეველთა სიებში მათ საკუთარ ენებზე შეუძლიათ თავის გადამოწმება. გარდა ამისა, საარჩევნო ბიულეტენები არის ორენოვანი, რიგ შემთხვევაში, სამენოვანი", — აცხადებს მიქელაძე On.ge-სთან საუბრისას.

სტატისტიკა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო. იმ პერიოდში, საკუთარი ხმა 2 197 243 ამომრჩეველმა დააფიქსირა და ამან ამომრჩევლების 60,8% შეადგინა, რასაც ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა. რაც შეეხება 2016 წელს, აქ აქტივობა 51,63% იყო, საიდანაც, ქართულმა ოცნებამ 48% აიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ქვეყანას მართავს პარტია, რომელსაც საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ მეოთხედი უჭერს მხარს.

სტატისტიკის მიხედვით, მოქალაქეთა ჩართულობა საპრეზიდენტო არჩევნების დროს კიდევ უფრო დაბალია. მაგალითად, 2013 წელს მან 46,6% შეადგინა, ანუ ხმა 1 648 662 ადამიანმა დააფიქსირა. 2018 წელსაც მსგავსი იყო ამომრჩეველთა აქტივობა და წინა საპრეზიდენტო არჩევნებს იგი ძალიან მცირედით აღემატებოდა. პროცენტულად არჩევნებზე 46,74%, ანუ, ჯამში, 1 637 956 ამომრჩეველი მივიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი ვარდნა ამომრჩეველთა ჩართულობის მხრივ წლიდან წლამდე არ არის, იგი არც უმჯობესდება. სამ მილიონზე მეტი ამომრჩევლიდან, თითქმის ნახევარი ყოველთვის ირჩევს, რომ საკუთარ მოქალაქეობრივ უფლებას სხვადასხვა მიზეზის გამო, გვერდი აუაროს. ახლა კი, როცა ახალი სისტემა უფრო სამართლიანად წარმოადგენს საზოგადოებას, ის, თუ რამდენ კანდიდატს გაიყვანს პარტია, დამოკიდებული სწორედ ერთ ხმაზე იქნება.

არჩევნებში მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია — ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ხელისუფლების ფორმირების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა თანაბრად იყოს ჩართული და ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. მოქალაქეები კი, საკუთარი საარჩევნო უფლების გამოყენებით, მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის პოლიტიკის და შესაბამისად, საკუთარი მომავლის განსაზღვრაში.

ამავე თემაზე:

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.