ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ვანო ჩხარტიშვილისა და ვლადიმერ ბედუკაძის სატელეფონო ჩანაწერებს ეხმაურება.

უგულავას თქმით, ციხის კადრებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. უგულავამ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ნამდვილად არსებობდა სისტემური ხარვეზები და მაშინ საზოგადოებამ ეს დაიჯერა.

უგულავამ აღნიშნა, რომ ის გარემოებები, რაც ამ საქმეს ახლავს თან, რომ ვიღაცამ დაუკვეთა და ვაღაცამ დადგა ეს კადრები, არის დანაშაულის შემცვლელი და ეს საქმე უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელმა პროკურატურამ და სასამართლომ.

"ფაქტია, რომ ეს ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე ამოვარდა და საზოგადოებამაც იხილა, რომ ამ კადრებთან და იმ დანაშაულებთან, რომლებიც თითქოს ამ კადრებზე არის აღწერილი, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, ბევრი ავთენტურია, ბევრი არა, ზოგი დადგმულია, ზოგი კი არ არის დადგმული. ფაქტია ისიც, რომ ბედუკაძე განრიდებით გაუშვა მაშინდელმა ივანიშვილის პროკურორმა, ამიტომ, ამ ამბავს ფარდა უნდა აეხადოს ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, თუ რა იყო აქ სიმართლე", — განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, მაშინ საზოგადოებამ ეს იმიტომ დაიჯერა, რომ ობიექტურად არსებობდა ციხეებში პრობლემები და ეს რომ იუსტიციის სახლში მომხდარიყო, რაც არ უნდა სკანდალური ყოფილიყო, საზოგადოება ამას არ მიიღებდა, როგორც სისტემურ პრობლემას.

"გარემოებები, რომლებიც ამ საქმეს ახლავთ თან, ვიღაცამ ფული გადაუხადა, ვიღაცამ დაუკვეთა, ვიღაცამ დადგა, ეს ყველაფერი აშკარად გამოსაძიებელია, რადგან, სულ მცირე, ეს არის ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და შემცველი მნიშვნელოვანი დანაშაულის", — აცხადებს უგულავა.

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ახლანდელი ხელისუფლება ამას არ გამოიძიებს, რადგან ეს საკუთარი თავის ტალახიდან ამოყვანის მცდელობა იქნებოდა.

"მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი, ისევე როგორც ბევრი გაყალბებული გამოძიება ახალი ხელისუფლების პირობებში იქნება გამოძიებული დამოუკიდებელი პროკურორისა და სასამართლოს მიერ, ან საპარლამენტო კომისიების მიერ მომავალი კოალიციური ხელისუფლების პირობებში", — დაამატა უგულავამ.