ზუგდიდში საქართველოს ბანკში მძარცველის შეჭრასა და მძევლების აყვანის ფაქტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფოს განადგურებას უწოდებს. კიევში მცხოვრებმა სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი საქართველოში შევარდნაძის მმართველობის დროსაც კი არ იყო წარმოსადგენი.

"რა იყოს ის, რაც გუშინ ვნახეთ. საქართველოს სახელმწიფო გაანადგურეს და ამაშინ ჩვენ გუშინ დავრწმუნდით. საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი. ეს გააკეთა ივანიშვილმა, რომელიც მოგვიწოდებდა, გაგებით მოვკიდებოდით კრიმინალს. ეს გააკეთა იმან, ვინც რამდენიმე თვის პატარა ბავშვის მკვლელობით მოვიდა ხელისუფლებაში და ლოგიკურად ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც მოხდა გუშინ, მიიღებს ბევრად უფრო მასშტაბურ ხასიათს და ჩვენ ამას ყველანი ერთად ვერ დავუშვებთ", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილმდებარეობის ან ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის დროს საქართველოს ბანკში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.

გაიგე მეტი: