საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმიდან 7 საათის შემდეგ გაავრცელა და ოპოზიციასა და მედიის წარმომადგენლებს მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად" შექმნა დაუშვებელია.

"მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები", — აცხადებს ზურაბიშვილი.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. კადრების მიხედვით, შენობაში მყოფთაგან არავინაა დაჭრილი. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. მძევლის თქმით, დრო 6 საათამდე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს და ამჟამად მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. ეს მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას.