ქართულ ოცნებაში ზუგდიდის სპეცოპერაციაზე ბრიფინგი გამართეს, სადაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მედია გააკრიტიკა. მისი მტკიცებით, კონკრეტული მედია საშუალებების ქმედებები "საგანგეშოა" და ამან დანაშაულის აღკვეთას ხელი არ უნდა შეუშალოს.

მან, ასევე, გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლები და თქვა, რომ კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა სცადეს ეს ვითარება "საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად" გამოეყენებინათ. კობახიძემ ამ ვითარებაში "განსაკუთრებული პასუხისმგებლობა" სწორედ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს დააკისრა.

"ჩვენი მთავარი სურვილი მძევლების სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა, მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი მოქმედების შესრულების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძველების გათავისუფლებას. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პირბემა სცადეს ეს სიტუაცია საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედია საშუალებების ქმედებები, რომელთა ნაწილიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიაცვდა. ამას გეუბნებით, როგორც იურისტი", — განაცხადა მან.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. კადრების მიხედვით, შენობაში მყოფთაგან არავინაა დაჭრილი. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. მძევლის თქმით, დრო 6 საათზე იწურება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს და ამჟამად მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. ეს მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას.