დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, მან PCR ტესტი გუშინ, დაბალი სიცხის გამო ჩაიტარა და პასუხი დადებითი იყო.

"ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ. ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით", — განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მისი კონტაქტები უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ტესტის პასუხებს ელოდებიან.

"კონტაქტების წრე არის ძალიან პატარა. არ გვქონია დიდი ღონისძიებები, აქციები და ხაზარაძე არც ტელევიზიაში ყოფილა ერთი კვირაა. ასევე, ლელოს ყველა ოფისში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა აქამდეც უკვე ძალიან შეზღუდულად, დისტანციურ რეჟიმზე ვმუშაობდით",— განაცხადეს პრესსამსახურში.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 233, ხოლო გარდაიცვალა — 8.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 1 192 შემთხვევიდან, 471 თბილისიდანაა, 343 — აჭარა, იმერეთი კი, 211. სხვა რეგიონების მიხედვით, მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 45;
  • შიდა ქართლი — 37;
  • ქვემო ქართლი — 39;
  • გურია — 18;
  • სამცხე-ჯავახეთი — 14;
  • მცხეთა-მთიანეთი — 13;
  • კახეთი — 11.

ქვეყანაში სულ 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან, 8 060 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 136 — გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში 6 300 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში — 1 388.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: