გლობალური ანგარიშის მიხედვით, ყოველი მეხუთე ქვეყანა ბუნებრივი ეკოსისტემის კოლაფსისკენ მიექანება
დედამიწის სიმდიდრე პლანეტის ბუნებრივ ეკოსისტემებზე დგას და თუ ის განადგურდება, მას შეიძლება ჩვენი გლობალური ეკონომიკას მიჰყვეს.
Swiss Re Institute-ის ახალი დაზღვევის ინდექსის მიხედვით, გლობალური მშპ-ის ნახევარი, ანუ დაახლოებით 42 ტრილიონი დოლარი, ბუნებრივი სამყაროს რესურსებზე და მასთან ასოცირებულ სერვისებზე დგას. სამწუხაროდ, ბევრგან ეს ერთ დროს მყარი საძირკველი ინგრევა.
ანგარიშში ნახსენებია ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისების ინდექსი, რომელიც აჩვენებს, რომ ყოველი მეხუთე ქვეყანა ძალიან მყიფე ეკოლოგიას ეყრდნობა, ხოლო ამ ქვეყნების მესამედი, ადამიანური აქტივობის გამო, საფრთხეშია.
ანუ 39 ქვეყანაში ეკოსისტემების კოლაფსი სერიოზული საფრთხეა, რაც ნაწილობრივ, ბიომრავალფეროვნების, ტყეებისა და დამამტვერიანებელი მწერების შემცირებით, ასევე, ინვაზიური სახეობების შემოსევითაა განპირობებული.
ინდექსი იმისთვის შეიქმნა, რომ მთავრობებს და ბიზნესებს წარმოდგენა ჰქონდეთ, რა როლი უკავია ბუნებრივ ეკოსისტემებს ეკონომიკაში.
ყველაზე დიდი საფრთხე განვითარებად აგრარულ სახელმწიფოებს, მაგალითად კენიას, ვიეტნამს, პაკისტანს, ინდონეზიას და ნიგერიას ემუქრებათ, რადგან ამ ქვეყნების მშპ ბუნებრივ რესურსებზე ზედმეტად დამოკიდებულია. რისკის წინაშე მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკურად მრავალფეროვანი განვითრებული ქვეყნებიც არიან.
ბუნებრივი ეკოსისტემების რადიკალური შემცირებისა და შესაბამისი ეკონომიკური დაღმასვლის ყველაზე თვალსაჩინო რისკის წინაშე ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა არიან. ორივეს წყლის ნაკლებობის სერიოზული პრობლემა აქვს.
ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც ბრაზილია და ინდონეზიაა, საფრთხის წინაშეა, რადგან მათი ეკონომიკაც ბუნებრივ რესურსებს მნიშვნელოვნად ეყრდნობა.
ეკოლოგიურ რესურსზე დამოკიდებულებას ქვეყნები მანამდეც აფასებდნენ, თუმცა ახალი პუბლიკაცია პირველია, რომელიც პრობლემის გლობალურ ანალიზს აკეთებს. ცხადია, რომ პრობლემის წინაშე მხოლოდ მთავრობები არ დგანან. უცხოური ინვესტიციებიც ბუნებრივ რესურსზეა დამოკიდებული.
მაგალითად, დანიის ფინანსური ინსტიტუტების მიერ ჩადებული ინვესტიციების 36% გლობალურ ბუნებრივ ეკოსისტემებზეა დამოკიდებული. კვლევის მიხედვით, ხელშეუხებელი და უსაფრთხო ეკოსისტემა მხოლოდ 41 ქვეყანას აქვს.
ანგარიშის მონაცემები ავტომატურად იმას არ გულისხმობს, რომ გლობალური ბუნებრივი ეკოსისტემების შემცირების გამო, ეკონომიკების კოლაფსი გარდაუვალია, თუმცა რისკი ძალიან აშკარაა. ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ ბუნებრივი ეკოსისტემების განადგურების შეფერხება სავსებით შესაძლებელია.
ანგარიშის მიხედვით უმჯობესია, რომ ზოგმა ქვეყანამ ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლა დაუყოვნებლივ დაიწყოს. მაგალითად, ინდოეთისა და ნიგერიისთვის ბიომრავალფეროვნებისთვის მოფრთხილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნების მშპ-ში ბუნებრივი ეკოსისტემები განსაკუთრებულად დიდ როლს თამაშობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინდექსს აქვს შეზღუდვები და მეცნიერების გაკეთებული მიახლოებები სრულყოფილი არაა. მონაცემების განახლება ყოველწლიურად უნდა მოხდეს, რათა უკეთსი წარმოდგენა შეგვექმნას "საით მივდივართ".
ოფიციალური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
კომენტარები