PROFY და ველი — რა შეცვალა ბიზნესდაჯილდოებამ ორი ქართული ბრენდის საქმიანობაში
ინოვაციების ეპოქაში ცხოვრებამ ბაზარზე სიახლეების მუდმივი მოლოდინი ბიზნესსექტორის ყოველდღიურობად აქცია. სერვისების დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების ინტეგრირება, მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილების გაუმჯობესება — ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომლის წინაშეც არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, არამედ დიდი კორპორაციებიც დგანან. ერთი შეხედვით, სწორედ კომპანიის მასშტაბი და მისი გამოცდილება განაპირობებს წარმატებას, თუმცა ორი ქართული ბრენდი — Profy და ველი — ამტკიცებს, რომ ხერხი ღონეს ნამდვილად სჯობს.
ორივე ქართული კომპანია თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2019-ის პრიზიორია. Profy-მ ჯილდო საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის მიიღო, საუკეთესო ინოვაციის ნომინაციაში კი პრიზი ველის ერგო.
როგორი იყო კომპანიების განვითარების გავლილი გზა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რა როლი შეასრულა ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებამ სამომავლო წარმატების განსაზღვრაში და რა სიახლეებზე მიმდინარეობს მუშაობა ამჟამად — ამ თემებზე კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ.
"არნახული კომფორტი" როგორც მომხმარებლისთვის, ასევე — დასაქმებულისთვის
მაშინ, როცა Profy-მ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა გადაწყვიტა, კომპანიას მუშაობა სულ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა. 2019 წლის მარტიდან Profy მომხმარებელს "სახლისთვის საჭირო სერვისების მისაღებად არნახული კომფორტის" შექმნაში ეხმარება, თუმცა ბრენდის შექმნილი სერვისი მოსახერხებელი და სარგებლიანი არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ დასაქმებულისთვისაც არის, რომელსაც მასზე მორგებულ პირობებში უხდება მუშაობა და შესაბამისი ანაზღაურების გამომუშავება. Profy-ის როგორც ვებპლატფორმა, ასევე აპლიკაცია, მომხმარებელს სთავაზობს, მარტივად აირჩიოს სასურველი მომსახურება და მასთან ერთად — ოსტატიც, ვინც სამუშაოს შეასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თქვენ შეგიძლიათ წინა დამკვეთის კომენტარი ნახოთ, ასევე ოსტატის რეიტინგი და მხოლოდ ამის გათვალისწინებით გადაწყვიტოთ, ვის ანდოთ საქმე.
"ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღებისას ოპერირება ახალი დაწყებული გვქონდა, ფაქტობრივად, სერვისის გაშვებიდან ორი თვე იყო გასული და ამდენად მცირე ხანში მოვახერხეთ ამ სტატუსის — საუკეთესო სტარტაპის — მოპოვება", — ამბობს Profy-ის გენერალური მენეჯერი, ირაკლი ზანთარაია, On.ge-სთან საუბარში, — "შესაბამისად, საუკეთესო სტარტაპად აღიარებამ ჩვენი კომპანიისთვის კარგი შედეგები გამოიღო. ბრენდის ცნობადობა და ნდობა გაიზარდა და განვითარებაში დაგვეხმარა".
ბიზნესდაჯილდოების ნებისმიერ ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიას უფლება აქვს, თავად აირჩიოს ბრენდის განვითარებისათვის საჭირო პრიზი. Profy-მ არჩევანი საიმიჯო ვიდეორგოლის მომზადებაზე შეაჩერა, რადგან, როგორც ირაკლი აღნიშნავს, იმ დროისათვის კომპანიას დაანონსებული ჰქონდა ახალი სერვისის — დალაგების — გაშვება, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პროცესები გაიწელა და ვიდეორგოლი ივლისის თვეში გამოვიდა. კომპანიის გენერალური მენეჯერის თქმით, ეს პრიზი ხარისხიან პროდუქტად იქცა და მათ ძალიან დაეხმარა, პირველ რიგში კომპანიის რესურსების დაზოგვის თვალსაზრისით.
რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობის მიღების მოტივაციასა და მოლოდინებს, ირაკლი ამბობს, რომ კომპანიაში წარმატების სჯეროდათ.
"ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამარჯვება იყო, რადგან როცა აპლიკაცია შევავსეთ, ჩვენ ნამდვილად გვჯეროდა, რომ საქართველოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპი ვიყავით და შევქმენით ისეთი ღირებული პროდუქტი, რომელმაც როგორც მომხმარებელს, ასევე სერვისის მიმწოდებელს კომფორტი შეუქმნა", — აცხადებს ირაკლი, — "შესაბამისად, ჩვენ ბაზარზე ეკონომიკური შესაძლებლობები შევქმენით, სადაც ადამიანები დავასაქმეთ და დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება მივეცით. მეორე მხრივ, მომხმარებელს ვპირდებით მაღალი ხარისხის მქონე ხელმისაწვდომ სერვისებს".
გარდა დაპირებული ხარისხიანი მომსახურებისა, კომპანია მომხმარებლისთვის სხვა სიახლეებსაც ამზადებს; მათ შორისაა განახლებული აპლიკაცია, რომელზე მუშაობაც უკვე დასრულებულია და აპსტორებში გაშვებისათვის მზადაა. მიმდინარეობს ვებგვერდის სრული რედიზაინიც. ამასთან, კომპანიაში ბაზრის მოთხოვნების კვალდაკვალ არსებული სერვისების დახვეწაზეც მუშაობენ.
"მუდმივ რეჟიმში ვამონიტორინგებთ ბაზარს, ვიღებთ გამოხმაურებასა და უკუკავშირს ჩვენი მომხმარებლებისგან", — ამბობს ირაკლი, — "როგორ აღვნიშნე, ივლისში დალაგების სერვისი გავუშვით და ძალიან კარგად იმუშავა: კმაყოფილი დარჩა ჩვენი ძველი მომხმარებელი და ამასთან, ახალი მომხმარებლებიც შევიძინეთ მისი საშუალებით. გარდა ამისა, ძალიან მალე ვამატებთ რემონტის შემდგომ დალაგებისა და დიასახლისის საათობრივი დახმარების სერვისებს. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ შეგიძლიათ, ორი, ოთხი, ექვსი ან რვა საათით დაიქირავოთ დიასახლისი. მომსახურება მოიცავს მიკროსერვისებსაც, მაგალითად, თუ ბევრი რამ არ არის გასაკეთებელი, შეგიძლიათ, ორი საათით საოჯახო საქმეებში დაიხმაროთ იგი".
მომავალში, ასევე მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით, იგეგმება მცირე სარემონტო მომსახურების დამატებაც, რაც მოიცავს, მაგალითად, პარკეტის დაგებას, შპალერის გაკვრას, სამღებრო სამუშაოებს და სხვა.
PROFY-ის ამ და სხვა სიახლეებისთვის თვალის დევნება მათი ფეისბუქგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ.
ტრამპლინი ინოვაციური ბრენდისთვის
2018 წელს დაარსებული ქართული კომპანია ველის მიზანი "ყველა შენობის ენერგოეფექტური და თანამედროვე ციფრული შესაძლებლობებით" აღჭურვა იყო. მრავალფუნქციური სენსორების მწარმოებელი კომპანია ბიზნესდაჯილდოება 2019-ის პრიზიორი გახდა საუკეთესო ინოვაციის ნომინაციაში. დამსახურებულ პრიზად ბრენდმა ახალი ვებგვერდი აირჩია და თუმცაღა მასზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის, ველის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე კვიციანი, On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობა და შემდგომ — გამარჯვება, მრავალმხრივ სარგებლიანი აღმოჩნდა.
"ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება ნამდვილად დადებითად აისახა, როგორც ჩვენს საქმიანობაზე, ასევე კომპანიის ცნობადობის გაზრდაზე. ეს იყო ისეთი ტრამპლინი, რომ გასული წლის მიწურულს და ახალი წლის დასაწყისში ლამის ზარებსაც კი ვერ ვპასუხობდით", — ამბობს ალექსანდრე, — "შემდგომ, სამწუხაროდ, ახალი ვირუსი გამოჩნდა და შექმნილმა სიტუაციამ ბიზნესდაჯილდოებაში მოგებული პრიზებიდან სარგებლის მიღების პროცესი შეანელა, თუმცა, ცხადია, ამან მხოლოდ ჩვენზე არ იმოქმედა. მიუხედავად ამისა, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობას, რასაკვირველია, დადებითად ვაფასებ. ეს იყო დიდი გამოცდილება, რომლის საშუალებითაც ბევრმა გაგვიცნო".
ველი თავდაპირველად სტარტაპის ნომინაციაში გამარჯვებისთვის აპირებდა ბრძოლას, თუმცა მოგვიანებით საუკეთესო ინოვაციაში სცადეს ბედი, რადგან, როგორც ალექსანდრე აღნიშნავს, უმთავრესი მოტივაცია სწორედ ის იყო, რომ მათ მიერ შექმნილი სერვისი ინოვაციურ პროექტს წარმოადგენდა.
"მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპის ნომინაციაში კონკურენცია უფრო დიდია — და ნამდვილად სასიხარულოა, რომ სტარტაპების რაოდენობა იმატებს — ფინალში ჩვენც სერიოზულ კონკურენტებთან მოგვიწია გამარჯვებისთვის ბრძოლა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიმართლა", — აცხადებს ალექსანდრე, — "ჩემთვის დღემდე საამაყოა, რომ 2019 წელს საქართველოში ინოვაციურ ბიზნესად გვაღიარეს".
ველის სამომავლო განვითარებაზე გავლენა მოახდინა პანდემიამაც, ამდენად, კომპანიის საქმიანობა ახალი პირობების მიხედვით "გადაეწყო".
"თვითიზოლაციის პერიოდში რამდენიმე პროექტი შევიმუშავეთ და განვახორციელეთ, რომელთაც ნაწილობრივ ჰპოვეს საზოგადოებაში გამოხმაურება, თუმცა, სათანადო უკურეაქცია არ ყოფილა, რადგან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იცვლებოდა რეგულაციებიც. ამჟამად ვცდილობთ, ისევ ძველ რეჟიმს დავუბრუნდეთ — მდგომარეობას, რომელიც კომპანიას საწყის ეტაპზე ჰქონდა. დიდი იმედი მაქვს, 2021 წელი უკეთესი იქნება, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე ყველა სფეროსთვის — ეს აისახება სტარტაპებზეც".
ბიზნესდაჯილდოება, რომელიც წელს მეხუთედ გაიმართება, თიბისი ბიზნესისათვის ფარგლებში ხორციელდება და სექტორის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. როგორც მისი გამარჯვებულები აღნიშნავენ, კონკურსში მონაწილეობამ და შემდეგ პრიზიორობამ, ჯილდოს გარდა, მათ ბრენდებს ცნობადობის გაზრდა და ხალხის აღიარება მოუტანა.
ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ნოემბრამდე გაგრძელდება, ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიების ვინაობას კი დეკემბრის თვეში შევიტყობთ.
ამავე თემაზე:
კომენტარები