ფარაჯანოვი — კინოს ჯადოქარი, რომელმაც დრო დაამარცხა
მიუხედავად იმისა, რომ სერგო ფარაჯანოვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მისი შემოქმედება ქართველი მაყურებლისთვის მაინც უცხოა, მეტიც — მისი პიროვნებაც, რომელიც, როგორც მისი თანამედროვეები იხსენებენ, ფარაჯანოვის ფილმებზე მეტად თუ არა, ნაკლებად მომხიბვლელი და მაგიური ნამდვილად არ იყო, დღემდე უცნობია ბევრისთვის. როგორც წესი, ფარაჯანოვის ფილმებით აღფრთოვანდებიან ან საერთოდ ვერ იგებენ, თავად მას აღმერთებენ ან დევნიან, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მას ჰქონდა საოცარი ძალა, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო ან მეზობელი ქვეყნები და საბჭოთა კავშირი, არამედ მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
თუ ერთხელ მაინც გიცდიათ ბროწეულის გარჩევა, გეცოდინებათ, რომ ეს პროცესი ერთგვარი თავგადასავალია: იმისათვის, რომ ბროწეულის შიგთავსში კოხტად ჩალაგებული ლალის თვლებით ჩაისველოთ ყელი, მისი წითელი ხავერდივით კანი უნდა გახლიჩოთ და მარცვლები ლამის სათითაოდ დააცალკეოთ. ეს სულაც არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ თუ სხვა თვალით შეხედავთ, მხიარულადაც შეიძლება მოგეჩვენოთ: ხელები სისხლისფრად გეღებებათ და ისეთი ჩვეულებრივი სურვილი, როგორიც ხილის ჭამაა, ერთგვარ რიტუალს ემსგავსება. იგივე შეიძლება ითქვას ღვინოზეც: ამ მათრობელა სასმლის მისაღებად საჭიროა, ტრადიციულ საწნახელში საფირონისფერი მარცვლების შიშველი ფეხებით დაჭყლეტა. ბროწეულის გარჩევასა და ყურძნის ჭყლეტას ჰგავს ფარაჯანოვის ფილმებიც: შეიძლება, არც ისე მარტივია, მაგრამ თუ დაივიწყებთ მოვალეობას და უბრალოდ დატკბებით, რიტუალურ ატმოსფეროს, მხიარულებასა და ეროტიკასაც კი შეიგრძნობთ.
ქართულ კინოს, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიო კინოზე, არაერთი გამორჩეული ხელოვანი ახსოვს, რომელმაც თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა და დღემდე უამრავი მაყურებლის მეხსიერებაში განაგრძობენ მათი ისტორიების გმირები ცხოვრებას. და რითი მოახერხა მაინცდამაინც ფარაჯანოვმა, რომ დღემდე ასეთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კინოს ისტორიაში? ამ კითხვაზე პასუხი ისეთივე ჩახლართული, მრავალფეროვანი და ჯადოსნური სიმბოლოებით დახუნძლული შეიძლება იყოს, როგორიც მისივე ფილმებია.
რაც ყველა კინომცოდნესა თუ ფარაჯანოვის შემოქმედების მოყვარულს აოცებს, არის ის, რომ ამ უნიკალურმა რეჟისორმა კინოსამყაროში თავისი შეუცვლელი ადგილის დამკვიდრება პირველ რიგში სწორედ კინოს დადგენილი წესების უარყოფით მოახერხა. მისი ფილმები, ალბათ, ყველაფერს ჰგავს, გარდა იმისა, რასაც რიგითი მაყურებლისთვის კინო ჰქვია: ისინი უფრო დასურათებული ალბომებია, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, მათი შემოქმედის ბავშვობისდროინდელი მოგონებები, აწმყო ტკივილი თუ სიყვარული და მხოლოდ მის გონებაში აღმოცენებული უსაზღვროდ ფერადი სამყარო დავათვალიეროთ.
კადრი ფილმიდან ბროწეულის ფერი.
ფოტო: Criterion Collection
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმაღლესი კვლევების ცენტრის სერიის ილიაუნის გზამკვლევის ფარგლებში 2019 წელს გამოსცა წიგნი ფარაჯანოვი, რომლის ავტორიც თეო ხატიაშვილია. ეს თანამედროვე ქართველი კინომცოდნე ჯერ კიდევ 90-იან წლებში იკვლევდა ფარაჯანოვის შემოქმედებას და ეს წიგნიც ერთ-ერთი იშვიათად ყოვლისმომცველი და საინტერესო ტექსტია ქართულ ენაზე, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ფარაჯანოვის ფენომენის უკეთ გაგებაში დაეხმარება.
თეო ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ სერგო ფარაჯანოვი არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინოსთვისაც იმდენად გამორჩეული მოვლენაა, რომ ლამის შეუძლებელია, სამყაროს აღქმის მისეული ხედვა ვინმეს შეადარო. ამის მიუხედავად, მისი აზრით, კინოს ისტორიაში ფარაჯანოვს მაინც ჰყავდა წინაპარი:
"ფარაჯანოვი ყოველგვარი გადაჭარბებისა და პათეტიკის გარეშე არის უნიკალური რეჟისორი, რომელმაც გააკეთა კინო კინოს კანონების გარეშე და შეიძლება ითქვას, წინააღმდეგაც კი. თუმცა მას ყავს ერთი დიდი წინაპარი — ჟორჟ მელიესი, კინო-მაგი, ილუზიონისტი, კაცი, რომელმაც რეალური ცხოვრების ფრაგმენტებითა და რეალური ადამიანების ეკრანზე ხილვით ჯერ კიდევ გაოგნებულ მსოფლიოს შესთავაზა სრულიად საპირისპირო კინოსანახაობა, კინო-ზღაპარი, რომელიც ფერიულ წარმოსახვაში მოგზაურობას ჰგავდა. ფარაჯანოვმა მრავალი წლის შემდეგ მელიესის ეს ჯადოსნურობა ამოაძვრინა სკივრიდან, რომელიც “დემოდე” ეგზოტიკად გამოიყურებოდა დასავლური კულტურის რაციონალურ, კონსუმერულ, ეგზისტენციურ კრიზისში მყოფ თუ საბჭოეთის ოდნავ შემთბარ, მაგრამ ჯერ კიდევ იდეოლოგიურ მარწუხებში მოქცეულ ეპოქაში".
თეო ხატიაშვილი როგორც ზემოთ ხსენებულ თავის წიგნში, ისე On.ge-სთან საუბრისას ხაზს უსვამს ფარაჯანოვის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ერთ მნიშვნელოვან დეტალს: უდროობას. ამის გამო მისი ფილმები უფრო მითოლოგიურ სახეს იღებს და იმ უკვდავ თემებს თანაბარი ტრაგიზმითა და ირონიით აცოცხლებს, რომლებიც ადამიანებს ყოველთვის და ყველგან აღელვებდათ და ახლაც აღელვებთ.
"ფარაჯანოვი არა მხოლოდ თემატურად ბრუნდება უკან — მითოლოგიურ პრეისტორიულობაში, არამედ ესთეტიკურადაც, როდესაც წესები, სტილები, გემოვნების კრიტერიუმები ჯერ არ გამოგონილა; ბრუნდება ხელოვნების სინკრეტულობაში, როცა ის ჯერ არ დანაწევრებულა. ამიტომაც მის კინოენაში ერთნაირი მნიშვნელოვნებით მოიყრის თავს ცეკვა, მხატვრობა/დეკორატიული ხელოვნება, მუსიკა, ლეგენდა-თქმულებები, რომლის მთავარი პრინციპი სილამაზისადმი ერთგვარი კერპთაყვანისმცემლური დამოკიდებულებაა".
ფარაჯანოვს რომ ნაკლებად ადარდებს კონკრეტული დრო და ეპოქა, ეს მხოლოდ მის ფილმებში წაშლილი "ლოგიკურობითა" და მრავალი "უზუსტობით" კი არ მჟღავნდება, არამედ თუნდაც იქიდანაც ცხადია, რომ მან საბჭოთა პერიოდში გაბედა, ჯერ თავის ფანტაზიაში, შემდეგ კი ეკრანებზე ისეთი "თავხედური" გამოსახულებები გაეცოცხლებინა, როგორებიც დღემდე იწვევს ჩვენს გაოცებას.
"ის უნიკალური იყო პირველ რიგში იმიტომ, რომ საბჭოთა ცენზურის პირობებში შეძლო შეექმნა სწორედ ამ საბჭოთა რეალობიდან გამიჯნული, უსაზღვროდ პოეტური, როგორც ამბობენ ხოლმე, "ირეალური" სამყარო, რომელიც არავის ფილმს არ ჰგავდა", — აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი გოგი გვახარია ფარაჯანოვის განსაკუთრებულ ხელწერაზე საუბრისას.
სერგო ფარაჯანოვი ფილმის არაბესკები ფიროსმანის თემაზე გადაღებისას 1985 წელს.
ფოტო: იური მეჩითოვი
ფარაჯანოვის პიროვნების, მისი უკიდურესი არტისტიზმისა და თავისუფალი ბუნების გასაცნობად არა მხოლოდ მისი ფილმები და მასზე დღემდე შემორჩენილი ხშირად ფანტასტიკური, დაუჯერებელი და საოცრად სასაცილო ამბები გვეხმარება, რომლებიც მისი ფილმების სიუჟეტივით ნამდვილ ლეგენდებს დაემსგავსა, არამედ ფოტოებიც, რომლებშიც ეს ლეგენდარული რეჟისორია აღბეჭდილი.
სერგო ფარაჯანოვის ხატება, რომელიც მთელ მსოფლიოს დღემდე ახსოვს, ყველაზე უკეთ ქართველმა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა თავისი ფოტოკამერის საშუალებით შემოგვინახა. როგორც მეჩითოვი ამბობს, რაღაც პერიოდის განმავლობაში არ იცნობდა ამ სახელოვანი რეჟისორის შემოქმედებას, თუმცა გასული საუკუნის 70-იან წლების მიწურულს თავად ფარაჯანოვის პირადად გაცნობის საშუალება მიეცა და ამის შემდეგ მას უამრავი ფოტოც გადაუღო.
ნებისმიერ ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემაში, იქნება ეს ქართული თუ უცხოური წყარო, იური მეჩითოვის მიერ გადაღებული სერგო ფარაჯანოვის შთამბეჭდავი ფოტოები საპატიო ადგილს იკავებს. როცა ამ ფოტოების გადაღების ისტორიას იხსენებს, ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ რეჟისორი სრულად იყო ჩართული გადაღების პროცესში და სტატიკური, "მოსაწყენი" ობიექტი არასდროს ყოფილა.
"ერთია, რომ ნამდვილად ფოტოგენური იყო, მეორეც, თვითონვე ხშირად გამოხატავდა სურვილს, რომ ფოტო გადამეღო და მეტიც, თვითონ აწყობდა კომპოზიციებს და მეუბნებოდა, აი, ასე გადავიღოთო. სერგოს ცნობილი სურათიც კი, ნახტომში როცაა გადაღებული, ესეც კი მისი ჩანაფიქრი იყო, ეს არ არის შემთხვევითი კადრი", — ამბობს იური მეჩითოვი.
ამ ფოტოზე აღბეჭდილი ცადასული სერგო ფარაჯანოვი მოგვიანებით თბილისის ქუჩებში ძეგლის სახითაც გამოჩნდა.
ფოტო: იური მეჩითოვი
ფოტო: Mr.Rosewater / WikiCommons
თუმცა, იმ ქალაქს, რომელშიც ეს უჩვეულო ხელოვანი დაიბადა და გაიზარდა, რამაც მისი, როგორც კინორეჟისორის ხედვაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია, ცოტა რამ შემორჩა, რითიც მის გახსენებას შევძლებთ: კოტე მესხის ქუჩაზე მდებარე მისი ცნობილი სახლიდან ნივთების სრული უმრავლესობა ახლა ერევანში, მის მუზეუმში ინახება.
როგორც ხშირად ამბობენ, საქართველომ ფარაჯანოვი დაკარგა. მისი შემოქმედების ქართველ გულშემატკივრებს გული შესტკივათ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ხშირად მას მხოლოდ სომხური კინოს წარმომადგენლად მოიხსენიებენ. როგორ მივიდა ყველაფერი აქამდე? ამ კითხვაზე პასუხი მისი ფილმის გმირებისთვის დამახასიათებელ აბსურდულ, დაუნდობელ და ტრაგიკულ ცხოვრების გზას ჰგავს.
პირველ რიგში, სერგო ფარაჯანოვს საბჭოთა კავშირში დევნიდნენ თავისი შეუბოჭავი აზროვნების გამო — ის ნაკლებად უფრთხოდა ცენზურას და მრავალ საკითხზე კრიტიკულ მოსაზრებას თავისუფლად გამოხატავდა. სწორედ ამიტომ მის გასაჩუმებლად ხშირად ჰომოსექსუალობის ბრალდებას იყენებდნენ: ბევრისთვის კარგად ცნობილია, რომ მაშინ ჰომოსექსუალობა კანონით ისჯებოდა. ამის გამო ის ჯერ 1948 წელს დააკავეს სამი თვით, მოგვიანებით კი 1973 წელს დააპატიმრეს ისევ და ამჯერად ოთხი წელი გაატარა ციხეში. ფარაჯანოვის მისამართით გავრცელებულ ბრალდებებს შორის იყო "გარყვნილება" და "პორნოგრაფიის გავრცელება", რაც მხოლოდ მისი თავისუფალი, ჩარჩოებიდან ამოვარდნილი ბუნების შეზღუდვის მცდელობა იყო.
იმას, რომ რეჟისორი პატიმრობის წლებმაც ვერ გატეხა, იური მეჩითოვის ეს მოგონებაც ცხადყოფს, რომელიც 1982 წელს თბილისში, ფარაჯანოვის დიდი ხნის მეგობრების, ნელი დოლიძისა და იური ბარაბაძის სახლში გადაღებულ ფოტოს უკავშირდება, რომელზეც სუფრასთან მსხდომი საბჭოთა კინოს ორი უკვდავი ხელოვანი — ანდრეი ტარკოვსკი და სერგო ფარაჯანოვია აღბეჭდილი.
"მაშინ უჩვეულო დიალოგის მოწმე გავხდი: ჩაისთვის გაშლილი მაგიდის ირგვლივ სამნი ისხდნენ, ორი ბუმბერაზი — ანდრეი ტარკოვსკი და სერგო ფარაჯანოვი, მესამე კი, სერგოს მეზობელი რუსიკო, ყოფილი მოცეკვავე. სერგომ უცებ თქვა: "ანდრეი, შენ უდავოდ ნიჭიერი რეჟისორი ხარ, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ... არა გენიალური". ტარკოვსკიმ გაკვირვებულ-დაინტერესებული გამომეტყველება მიიღო და სერგომაც არ დააყოვნა: "იმიტომ, რომ ჰომოსექსუალი არა ხარ და არასოდეს მჯდარხარ ციხეში" — განუმარტა ფარაჯანოვმა", — იხსენებს მეჩითოვი.
ჰომოსექსუალობა ერთადერთი იარაღი არ იყო, რითიც ფარაჯანოვის შემოქმედებითი ხმის გაჩუმება, მისი უნიკალური ხედვისთვის სინათლის ჩაქრობა სურდათ: 80-იანი წლების საქართველოში, როცა ნაციონალისტური განწყობები განსაკუთრებულად გაძლიერდა, უცებ მისი ეთნიკური წარმომავლობაც პრობლემა გახდა და ფარაჯანოვის ბრტყელი, თუმცა მრავალშრიანი სამყაროს ვერ შეცნობას მის ეთნიკურ "უცხოობას" მიაწერდნენ.
ეს ამბები კონკრეტულად 1984 წელს გამოსულ ფილმს ამბავი სურამის ციხისა უკავშირდება, რომელიც დანიელ ჭონქაძის ცნობილ ნაწარმოებს სურამის ციხე ეფუძნება, თუმცა, ცხადია, ფარაჯანოვი სცდება პირველწყაროს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამომსახველობითი ფორმებით გვთავაზობს ისტორიის ინტერპრეტაციას. სწორედ ეს ცვლილება ვერ აპატია იმდროინდელმა კონსერვატიულმა საზოგადოებამ მას.
"ამ ფილმში უცნაური რაღაცები არ მოეწონათ: მაგალითად, ბევრი გაღიზიანდა პერსონაჟების ჩაცმულობით და წერდნენ, რომ ქართველები იმ დროს ასე არ იცვამდნენ. ჩვენ ბევრ რამეს შაბლონურად აღვიქვამთ, სერგო ასე არ იყო: მას აინტერესებდა ბევრი სხვა კულტურაც, შესაბამისად, თამამად ჩააცვა ქართველ პერსონაჟებს აღმოსავლური სამოსი. თანაც ფილმში აღწერილი მოვლენებისას საქართველო სწორედაც რომ ძალიან განიცდიდა აღმოსავლურ გავლენას. არადა ეს ფილმი სინამდვილეში ძალიან პატრიოტულია: ბოლო სცენაზე, როცა თეთრებში გამოწყობილი ბიჭები ვენახს უვლიან, მე ცრემლებიც კი მომდის, ისეთი პატრიოტული მუხტი აქვს. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ ჭონქაძის ნაწარმოები დაწერილია უფრო ანტირელიგიური მუხტით, იქაური პერსონაჟი მსხვერპლია, რითიც რელიგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაზრდაა ჩაფიქრებული. სერგოს პერსონაჟს კი გაცნობიერებული აქვს, რომ თავისი მსხვერპლით ქვეყანას გადაარჩენს", — ყვება ფოტოგრაფი მეჩითოვი ამ ფილმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
"ფილმი ეძღვნება ყველა დროის ქართველ მეომრებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსათვის" — ასე იწყება ამბავი სურამის ციხისა, ფინალისკენ კი ნიკო ლორთქიფანიძის ფრაზა ჩნდება: "თუ ქვეყანას ჰყავს კაცი, რომელსაც შეუძლია ჩაეკიროს ციხე-სიმაგრეს კედელში, ის ქვეყანაც უძლეველია და ხალხიც". ამის მიუხედავად, მაშინ ბევრმა სერგო ფარაჯანოვის ეს კინოსურათი მკრეხელობად და "არაქართულად" მიიჩნია.
ფარაჯანოვის ირგვლივ 80-იანების საქართველოში ატეხილი აჟიოტაჟის საილუსტრაციოდ ქართველ კინორეჟისორ ლიანა ელიავას მიერ გამოქვეყნებული ეს წერილიც საკმარისია, სადაც ტერმინ "ფარაჯანირებას" ქართული კულტურის შეცვლის, წაშლისა და გაქრობის მცდელობად იყენებს:
"საქართველოში გადაღებულ ფილმებში, როგორც თვით სომხები აღნიშნავენ, ფარაჯანოვი სპარსული კულტურის გავლენას განიცდის. გავლენის გავლენა სჭირდება ჩვენს თვითმყოფად კულტურას?! უნდა ჩვენს მიმქრალ, ფრესკულ ფერებს ჭყეტელა ზიმზიმი, ჩვენს თანაზომიერ კომპოზიციებს ზიზილ-პიპილოებით გადატვირთვა, ქრისტიანულ სულს უზნეობით დამძიმება?!" — ასე აფასებს ლიანა ელიავა ფარაჯანოვის შემოქმედებას და ეს მხოლოდ ყველაზე მსუბუქი ნაწყვეტია მისი ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობებით სავსე ტექსტიდან.
კინომცოდნე გოგი გვახარია თავად იყო ამ პროცესების თვითმხილველიც:
"ქართული საზოგადოება (განსაკუთრებით ინტელიგენცია) პასუხს აგებს იმ შეურაცხყოფაზე, წამვლაზე, რასაც ფარაჯანოვი სურამის ციხის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ იტანდა. სამწუხაროდ, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ჩაშალეს მისი პროექტი, შუშანიკის წამების ეკრანიზაცია. ვფიქრობ, ასაკში შესული ფარაჯანოვისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. ამან გააუარესა მისი ჯანმრთელობა (შერყეული ციხეში) და დააჩქარა მისი სიკვდილი".
როგორც გოგი გვახარია აღნიშნავს, სურამის ციხის შემდეგ ფარაჯანოვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული ნაწარმოების, შუშანიკის წამების ეკრანიზაცია სურდა, თუმცა იმდროინდელმა ინტელიგენციამ ამის უფლება არ მისცა.
"ბედის ირონიით, ეროვნებით სომეხ რეჟისორს აუკრძალეს, გადაეღო ფილმი ეთნიკურად სომეხ დედოფალზე, რომელიც თავისი მოწამეობრივი ცხოვრების გამო საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა", — წერს თეო ხატიაშვილი წიგნში ფარაჯანოვი (ილიაუნის გზამკვლევი).
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მისივე კოლეგები და ბევრი თანამემამულე დაუნდობლად მოექცა ფარაჯანოვს თავისი უნიკალური შემოქმედებითი ხედვის გამო, თქმა არ უნდა, ძალიან სამწუხაროა, დღეს ხშირად იმის მტკიცება რომ გვჭირდება, ნამდვილად ქართველი რეჟისორი იყო თუ არა ის: თუ თქვენ ირგვლივ გაიკითხავთ მის შესახებ, ცოტა თუ გაგცემთ მტკიცე პასუხს, რომ კი, სერგო ფარაჯანოვი ნამდვილად ქართველი რეჟისორია. ეს კი იმის ბრალია, რომ მისი შემოქმედება და პიროვნება კვლავ ბუნდოვანებითაა მოცული ქართველი საზოგადოებისათვის.
გასაკვირი არ არის, რომ თბილისში ეთნიკურად სომეხ ოჯახში დაბადებული ფარაჯანოვის ბიოგრაფიის მსგავსად, მისი ფილმებიც სავსეა მულტიკულტურული ელემენტებით:
"თავისი ჭრელი, ფერადოვანი კინოსამყაროს შესაქმნელად ფარაჯანოვი მსუყე კოქტეილს აკეთებს სხვადასხვა ნაციონალური კულტურებიდან — იქნება ეს უკრაინულ-გუცულური ფოლკლორი, დიალექტი თუ სლავურ-მართლმადიდებლური ხატწერა; სომხური მინიატურა თუ საგალობლები; ქართული ფოლკლორული მუსიკა, თბილისური ყოფითი კულტურა თუ ფიროსმანი; სპარსული ხალიჩა თუ მხატვრობა; აღმოსავლური საკრავების სევდიანი მოტივები თუ ელექტრონული მუსიკა", — ასე აღწერს თეო ხატიაშვილი ფარაჯანოვის შემოქმედების მრავალფეროვნებას.
კადრი ფილმიდან ბროწეულის ფერი.
ფოტო: Criterion
სწორედ ამიტომ კიდევ უფრო რთულდება ფარაჯანოვის, როგორც კინომოვლენის განხილვა ვიწრო ნაციონალური კონტექსტით. თუმცა ეს არ გვიშლის ხელს, რომ მას თამამად ვუწოდოთ ქართველი რეჟისორი, რადგან სწორედ თბილისია როგორც მისი მშობლიური ქალაქი, ისე ფილმებში შექმნილი ატმოსფეროს მუდმივი ინსპირაცია.
"ფარაჯანოვი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრანსგრესიული ავტორია კინოს ისტორიაში, ამიტომ როდესაც დგება ხოლმე საკითხი მისი ნაციონალობისა და ამა თუ იმ ნაციონალური კულტურისადმი მისი კუთვნილების შესახებ, ცოტა არ იყოს უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან მგონია, რომ ძალიან ვავიწროვებთ მას და საერთოდაც, კარგად ვერ ვიაზრებთ მისი, აი, ამ ტრანსგრესიული ხელოვნების არსს. რასაკვირველია, ჩვენ უნდა მოვიხსენიოთ ის ქართველ რეჟისორად, ისევე როგორც უკრაინელებმა უკრაინელად და თავისთავად ცხადია, სომხებმა სომეხად. ის, რომ ფარაჯანოვის ოთხი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფილმი — მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები, ბროწეულის ფერი, ამბავი სურამის ციხისა, აშუღ-ქერიბი — დაკავშირებულია სამი სხვადასხვა ქვეყნის — საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კინოსთან, ეს მხოლოდ ფარაჯანოვის ბიოგრაფიას არ უნდა მივაწეროთ, ეს კანონზომიერიც მგონია. ჩემი აზრით, ამ თემას თავად ფარაჯანოვის ირონიული ხუმრობა ყველაზე კარგად პასუხობს: "ვარ ეთნიკურად სომეხი, დაბადებული საქართველოში, რომელიც უკრაინული ნაციონალიზმის გამო იჯდა რუსულ ციხეში", — აღნიშნავს ხატიაშვილი.
იმავეს იზიარებს გოგი გვახარიაც და ფარაჯანოვს არა მხოლოდ ქართულ ან სომხურ, არამედ კავკასიურ მოვლენას უწოდებს:
"ჩემს სტატიას, რომელიც პომპიდუს ცენტრის წიგნში გამოქვეყნდა საფრანგეთში (კრებული სომხური კინო) ჰქვია სერგო ფარაჯანოვი — კავკასიური კულტურების შემრიგებელი. ჩემი აზრით, ის ყველა კავკასიელ ხალხს მიეკუთვნება, ასევე უკრაინას, რადგან იქ გადაიღო თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები. ფარაჯანოვი მსოფლიო მოქალაქეა, თუმცა იმას მაინც აღვნიშნავდი, რომ თბილისშია დაბადებული და ყველაზე მეტი საერთო სწორედ თბილისთან და თბილისურ კულტურასთან აქვს".
ფარაჯანოვის როგორც ცხოვრების, ისე შემოქმედების მრავალფეროვნების ერთგვარი განსხეულებაა საიათნოვას ფიგურა, რომლის შესახებაც თავისი ყველაზე ცნობილი ფილმი ბროწეულის ფერი გადაიღო (თავდაპირველი სახელწოდება საიათნოვა იყო, თუმცა შემდეგ "ზემდგომებმა" შეცვალეს ის): მეთვრამეტე საუკუნის საქართველოში დაბადებული ეთნიკურად სომეხი სახალხო მგოსანი და მომღერალი (აშუღი), რომელიც სამ ენაზე წერდა თავის ცნობილ ლექსებსა და სიმღერებს — ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად.
თავის ფილმებში გამოყენებული და ერთმანეთში არეული მრავალფეროვანი ეთნიკური თუ კულტურული ელემენტებით ფარაჯანოვი იმასთან ერთად, რომ გვარწმუნებს, სასაცილოა მხოლოდ ერთი ნაციონალუსტური ხედვით აზროვნება, ამავდროულად გვაჩვენებს, რომ ჩვენ ყველას უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე — განსხვავება.
ფარაჯანოვს ასე თვალსაჩინო "მსოფლიო მოქალაქეობა" თავისმა თანამემამულეებმა არ აპატიეს და მისი ერთ-ერთი ყველაზე საოცნებო პროექტის, შუშანიკის წამების ეკრანიზაცია არ განახორციელებინეს: შემოქმედებითი საქმიანობის აკრძალვით მას ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენეს. ამ ამბების შემდეგ მან სულ სხვა და თავისი უკანასკნელი დასრულებული სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო — აშუღ-ქერიბი. ამ კინოსურათის ფინალისკენ არის ერთი სცენა, როცა მთავარ გმირს შეიარაღებული მხედრები დაესხმებიან თავს, აშუღი ქერიბი კი ამაოდ კითხულობს, თუ რას ერჩიან მას და ცდილობს, მუსიკალური საკრავი გადაარჩინოს — თავისი შინაგანი ხმის გამხმოვანებელი.
"ნუ მცემთ, თქვენი ძმა ვარ!" — სასოწარკვეთილს აღმოხდება აშუღ ქერიბს.
"შენ ვერ იქნები ჩვენი ძმა. ყველა, ვინც უცხო ქვეყნიდან მოდის, მტერია!" — პასუხობენ მას.
30 წელი გავიდა სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალებიდან და დღემდე სათანადოდ არც კი გვიცდია როგორც მისი პიროვნების, ისე შემოქმედების გაცნობა, იმ შეცდომების გამოსწორებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რაც მასთან დაუშვა მშობლიური საქართველოს ბევრმა თანამოქალაქემ. მართალია, ბევრი რამ უკვე, ალბათ, ვეღარც შეიცვლება, თუმცა სიკვდილი ფარაჯანოვისთვის მაინც არ ნიშნავს ყველაფრის დასასრულს, უფრო პირიქით და ამისთვის საკმარისია ფილმში ბროწეულის ფერი საიათნოვას სიტყვები გავიხსენოთ:
შენ გარდახვედი ამა სოფლიდან და ჩვენ, ცხოვრებთა მზის ქვეშ, სააქაოს დარჩენილთა, განგიმზადეთ პარკი აბრეშუმისა, რათა საიქიოს პეპელად აღმოფრინდე.
კომენტარები