შატილის ავტოკატასტროფის დროს გადარჩენილი ნატალია თხელიძე TV პირველთან ყვება, რომ ტრაგედიის დღე დეტალურად არ ახსოვს. იგი ყვება გარკვეული მოვლენების შესახებ, თუმცა უშუალოდ ავარიის მომენტს ვერ იხსენებს.

"ჩემი მეხსიერება წყდება, თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით. მეტი აღარაფერი მახსოვს. [...] ქარი იყო, გადმოვედით და ფოტოები ძლივს გადავიღეთ, მაგრამ ასე გზა არ მახსოვს. ცუდი გზა იყო და რაღაცა, არ მახსოვს. ეგ მახსოვს, რომ [ზევით] ვერ ვისადილეთ და გვინდოდა წამოვსულიყავით ქვემოთ და სადმე რესტორანში შევსულიყავით", — უყვება ის ტელეკომპანიას.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის თქმით, კატასტროფის დროს გადარჩენილ სამივე პირს სრული ამნეზია აქვს და ის დღე საერთოდ არ ახსოვს.

"შატილის მოგზაურობის ისტორია მათი მეხსიერებიდან საერთოდ ამოვარდნილია, მაგრამ წარსული ყველაფერი ახსოვთ", — ამბობს რატიანი.

როგორც ის TV პირველს უყვება, ნატალია თავის მეგობარს კითხულობს, მეორე გადარჩენილი თავის დას, ხოლო მესამე თავის თანამშრომელს, თუმცა მათ დანარჩენი მგზავრების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.

"ამ ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ ნამდვილად არ გვაქვს უფლება, რომ ვილაპარაკოთ. ჩართულები არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები, და, ალბათ, დასჭირდებათ გარკვეულ პერიოდში ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია რომ გაიარონ. ჯერ ტრამვის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური პრობლემის ლიკვიდაცია განახორციელონ და მერე რა გარემოში ცხოვრობენ, რომ აღიქვან", — აღნიშნავს რატიანი.

23 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.