სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მცხეთაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ადგილობრივებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. გიორგი ვაშაძის თქმით, მცხეთის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, რომელიც "დამსხვრეული ოცნებების პარტიის" დამსახურებაა.

"დღეს მცხეთის სხვადასხვა დასახლებაში მოსახლეობას შევხდით, სადაც უმძიმესი ვითარებაა და ხალხი ვერ გრძნობს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და ვინმე ზრუნავს მათზე. საერთოდ სხვაგან არის ხელისუფლება და სულ სხვაგან არის ხალხი. მაინტერესებს, სად წავიდა ის 5 მლრდ. რომელიც ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა კორონა ვირუსის დასახმარებლად გაიღეს? არც ერთი თეთრი გაჭირვებულ ოჯახებში არ მისულა. მილიონები წავიდა გახარიას, მისი მეგობრებისა და ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანების ჯიბეში. აი, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვით ჩვენ და აუცილებლად სესხის პროცენტი, რომელიც ნომერ პირველი საკითხია, უნდა ჩამოიწეროს ექვსი თვის განმავლობაში. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ის 5 მლრდ. რომელიც სტრატეგიული პარტნიორებისგან მივიღეთ. ასევე, აუცილებლად უნდა ჩამოეწეროს პენსიონრებს სესხის პროცენტი. ჩვენ დღეს, ასევე, მოვინახულეთ დევნილების დასახლება და როცა ჩვენ დევნილებს სათანადო ყურადღება არ ექცევა, როგორ შეიძლება საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრათ, რომ აი ეს არის მაგარი საქართველო? პირველ რიგში, დევნილი უნდა იყოს დაფასებული და სწორედ ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ, რადგან მათმა მეზობლებმა, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა არიან, იგრძნონ, რომ საქართველოს სახელმწიფო აფასებს საკუთარ მოქალაქეს და არ მიატოვებს მას გაჭირვებაში და სიღარიბეში", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.