კარანტინის პირობებში ბეღურები სხვანაირად აჭიკჭიკდნენ
პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ადამიანებმა იმის შემჩნევა დაიწყეს, რომ მგალობელი ჩიტები ახლებურ ხმებზე ჭიკჭიკებდნენ. ეს დაკვირვება ახლახან გამოქვეყნებულმა კვლევამაც დაადასტურა.
მეცნიერებმა სან-ფრანცისკოს ყურის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელებული ბეღურების ათწლეულების განმავლობაში ჩაწერილი ჭიკჭიკი გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ კარანტინის შედეგად დადუმებულ ქალაქში ჩიტებმა სასიმღერო რეპერტუარი შეცვალეს. კერძოდ, მათ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და მეწყვილის მოსაზიდად ჭიკჭიკის ხარისხი გააუმჯობესეს.
ბეღურებმა, ამასთან, უფრო ჩუმადაც იწყეს გალობა, რაც, სავარაუდოდ, იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანებისგან წარმოქმნილი ხმაურის შემცირებისას მათი ჭიკჭიკი უფრო შორ დისტანციაზე ვრცელდება.
"ადამიანებმა სწორად შეამჩნიეს, რომ კარანტინის დროს ჩიტები სხვანაირ ხმებს გამოსცემდნენ — მათ ის ხმოვანი სივრცე შეავსეს, რომელიც ჩვენ დავაცარიელეთ", — ამბობს დოქტორ ელიზაბეტ დერიბერი, რომელიც წლებია, ჩიტების ჭიკჭიკზე ხმოვანი დაბინძურების გავლენას იკვლევს, — "ვგონებ, ეს აღმოჩენა ააშკარავებს, რამხელა ეფექტი გვაქვს ადამიანებს იმაზე, თუ როგორ ამყარებენ კომუნიკაციას ჩიტები — განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში".
შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარანტინი ერთგვარი ბუნებრივი ექსპერიმენტი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც მეცნიერებს შეუძლიათ დააკვირდნენ, როგორ რეაგირებს ველური ბუნება ადამიანის მიერ წარმოქმნილ ხმებზე.
კომენტარები