შესაძლოა, COVID-19, გრიპის მსგავსად, სეზონური გახდეს — კვლევა
შესაძლოა, COVID-19, გრიპის მსგავსად, სეზონური გახდეს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედამიწის მოსახლეობა პოპულაციურ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. აღნიშნულის შესახებ სტატია აკადემიურ გამოცემაში Frontiers in Public Health გამოქვეყნდა.
თუმცა, მანამდე COVID-19 მთელი წლის მანძილზე ჩვენთან იქნება. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობას.
"COVID-19 აქ დარჩება და ეპიდაფეთქებები მთელი წლის მანძილზე მანამ იქნება, სანამ პოპულაციური იმუნიტეტს არ მივაღწევთ. იქამდე კი, საზოგადოებამ მასთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლოს და პრევენციის საუკეთესო ღონისძიებების დაცვა განაგრძოს: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ხელების ჰიგიენა და შეკრებებისგან თავის შეკავება", — აღნიშნა კვლევის მთავარმა ავტორმა, ბეირუთში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ვირუსოლოგმა ჰასან ზარაკეტმა.
როგორ ხდება ვირუსი სეზონური?
სეზონურობის ტენდენციას ბევრი ვირუსი იმეორებს. მაგალითად: ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში გრიპი ზამთრის პერიოდში აღწევს თავის პიკს. იგივეა გაციების გამომწვევი ზოგიერთი ტიპის კორონავირუსის შემთხვევაშიც.
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, თუ რატომ აქვთ ამ ვირუსებს სეზონურობის ტენდენცია, მაგრამ ამაში თავისი როლი რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება ითამაშოს. მაგალითად: კვლევები მიუთითებს, რომ ბევრი რესპირატორული, ჰაერში შეწონილი ვირუსი თავს კომფორტულად დაბალ ტემპერატურასა და დაბალ ტენიანობაში გრძნობს. ვირუსით ინფიცირებას ადამიანთა ქცევაც უწყობს ხელს — ზამთრის პერიოდში დახურულ სივრცეებში შეკრება ჩვეული მოვლენაა.
SARS-CoV-2-ზე ჩატარებული ადრეული კვლევები ასევე ვარაუდობდა, რომ ვირუსის გადაცემა შეიძლება ცივმა ტემპერატურამ გაზარდოს, ხოლო ცხელმა ტემპერატურამ — შეამციროს.
რომელიმე ვირუსის სეზონურად ქცევისთვის აუცილებელია, რომ დროთა განმავლობაში ინფიცირების შემთხვევებმა მოიკლოს და დაავადების საბაზისო რეპროდუქციული რიცხვი (R0 — ერთი ინფიცირებული ადამიანის მიერ დაინფიცირებული სხვა ადამიანთა საშუალო რაოდენობა) 1-ზე დაბლა აღმოჩნდეს.
როგორც ირკვევა, COVID-19-თან მიმართებით R0 საკმაოდ მაღალია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ეს რიცხვი 2-3 შორის მერყეობს. შედარებისათვის: სეზონური გრიპის R0 1,3-ს შეადგენს.
COVID-19-ის შედარებით მაღალი R0 შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ამ დაავადების მიმართ ადამიანებს რაიმე ტიპის წინასწარი იმუნიტეტი არ გააჩნიათ. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მაღალი R0-ის ფონზე სეზონურ ფაქტორებს მისი 1-ზე დაბლა ჩამოყვანა ძალიან გაუჭირდებათ.
შედარებისათვის: თუ დედამიწის მოსახლეობა პოპულაციურ იმუნიტეტს ბუნებრივი გზით (COVID-19-ის მოხდით) ან ვაქცინის დახმარებით მიაღწევს, მოსალოდნელია, რომ "R0 მნიშვნელოვნად შემცირდეს, რაც ვირუსს სეზონური ფლუქტუაციისკენ მიდრეკილს გახდის". ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ინფიცირების პიკი იქნება და ზაფხულის თვეებში — მშვიდი პერიოდი, როგორც ეს კვლევის ავტორებმა განმარტეს.
თუ COVID-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, ამან შეიძლება, გავრცელება კი შეამციროს, მაგრამ ეს ვირუსის აბსოლუტურ აღმოფხვრას არ ნიშნავს, აღნიშნავენ ზარაკეტი და კვლევის თანაავტორი ჰადი იასინე, ყატარის უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ასოცირებული პროფესორი. ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ვაქცინა დიდი ალბათობით 100%-ით ეფექტიანი ვერ იქნება. შესაბამისად, ინფიცირების გარკვეული შემთხვევები მაინც გვექნება. ამას ისიც ემატება, რომ რაღაც დროის გასვლის შემდეგ ვაქცინით მიღებული დაცვა შეძლება გაქრეს, ან ვირუსმა ისეთი მუტაცია განიცადოს, რომ ჩვენი ორგანიზმის იმუნური პასუხი თავისგან აირიდოს, აღნიშნავენ კვლევის ავტორი მეცნიერები.
კომენტარები