მკვლევრებმა ჟანგბადის წარმომქმნელი სიცოცხლის ერთ-ერთ უძველეს კვალს მიაგნეს. საუბარია ქანებზე, რომლებიც მინიმუმ 2.5 მილიარდი წლისაა. გარდა ამისა, მათ 3.3 მილიარდი წლის მასალაში ბიოლოგიურ ნიშნებსაც მიაკვლიეს.

ქანებში დამალული ახალი ქიმიური მტკიცებულება მანქანური სწავლების ალგორითმების დახმარებით გამოვლინდა.

თავდაპირველი ბიოლოგიური მოლეკულები დიდი ხნის დაშლილია, მაგრამ მათი გავლენა მიმდებარე ქანებზე კვლავ შესამჩნევია. ეს მიუხედავად იმისა, რომ ქანები შექმნიდან აღმოჩენამდე მრავალი ეონის განმავლობაში შეიცვალა.

"უძველესი ქვები სავსეა საინტერესო გამოცანებით, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის ისტორიაზე გვიყვება. ქიმიური ანალიზისა და მანქანური სწავლების კომბინაციით აქამდე უხილავი უძველესი სიცოცხლის კვალი გამოვავლიენთ", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა კეიტი მალოუნიმ, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტმა პროფესორმა.

მკვლევრბის თქმით, მათ ალგორითმებს სიცოცხლის კვალის აღმოჩენა 90%-იანი სიზუსტით შეუძლია.

ამ მეთოდის გამოყენებით, მკვლევრებმა ბევრად უფრო ძველ ქანებში მოლეკულური კვალის გამოვლენა შეძლეს. ახალმა კვლევამ უძველესი სიცოცხლის კვალის აღმოჩენის დიაპაზონი ორჯერ გაზარდა. შესაძლოა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს არა მხოლოდ დედამიწის სიცოცხლის კვლევისთვის, არამედ იმის გარკვევისთვისაც, შეიძლება თუ არა რომ მარსზეც ყოფილიყო უძველესი სიცოცხლე.

"უძველესი სიცოცხლე მხოლოდ ნამარხებს არ ტოვებს — ის ქიმიურ კვალსაც გვიტოვებს. მანქანური სწავლების გამოყენებით, ახლა ჩვენ ამ კვალის უკეთ შესწავლა შეგვიძლია. ეს მეთოდი სხვა პლანეტებზე სიცოცხლის კვალის ძიებაშიც შეიძლება დაგვეხმაროს", — თქვა დოქტორმა რობერტ ჰეიზენმა, კარნეგის სამეცნიერო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და კვლევის თანაავტორმა.

გეოლოგიური მტკიცებულებები აჩვენებს, რომ დაახლოებით 2.4 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე ატმოსფერული ჟანგბადის დონეების ზრდა დაიწყო. დიდი ჟანგბადიზაციის მოვლენის მიზეზი ფოტოსინთეზის უნარიან ორგანიზმებში უნდა ვეძებოთ.

კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.