რენესანსის ეპოქის ნახატებს ბევრი თავისებურება გამოარჩევს. მაგალითად, ზოგი პორტრეტი არამხოლოდ რეალისტურობითა და სიმბოლიზმით გამოირჩევა, არამედ მასზე გამოსახულ ადამიანებს უჩვეულოდ დიდი შუბლიც აქვთ.

საქმე ისაა, რომ იმ პერიოდშიც უამრავი ქალი იყო, რომლებიც სილამაზისთვის ზედმეტად დიდ მსხვერპლს იღებდნენ, როგორიცაა სახეზე ტყვიის შემცველი კოსმეტიკის წასმა, თანაც ჯანმრთელობისთვის სახიფათო დოზებით. მაკიაჟის ასეთ საშუალებას სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ: "ვენეციური ცერუსი", "ვენეციური თეთრა" ან "სატურნის სულები". ეს პროდუქტი ფერმკრთალი ადამიანებისთვის ფერის მაკორექტირებლის (ე.წ. კონსილერი) ფუნქციას ასრულებდა, ამ ყველაფრის მიზანი კი ახალგაზრდულობასა და მაღალ სოციალურ კლასზე ხაზგასმა იყო.

ვენეციური ცერუსი იმ დროს გავრცელებულ მაკიაჟის პროდუქტებს შორის ყველაზე საზიანოდ მიიჩნევა. მისი მთავარი კომპონენტი ცერუსიტი იყო, რომელიც თეთრი ტყვიის შემცველი მინერალია. ცნობილია, მისი გამოყენება ჯანმრთელობას ძალიან ვნებს, რენესანსის ეპოქაში კი მას ძმართან ურევდნენ და სახეზე ისე ისვამდნენ.

"ახალგაზრდა გოგონას პორტრეტი". პეტრუს ქრისტესის ნამუშევარი, 1470.

ფოტო: daratheodora

ტყვია ნეიროტოქსინია; არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ ბავშვობის ასაკში მასთან შემხებლობა უფრო დაბალ IQ–სთანაა დაკავშირებული ისევე, როგორც იმპულსურობასა და ძალადობისკენ მიდრეკილებასთან. ვიზუალურად შესამჩნევი გვერდითი ეფექტებიდან ერთ–ერთი თმის ცვენაა. არსებობს ვარაუდი, რომ იმდროინდელ დიდგვაროვნებს რენესანსის პორტრეტებში დიდი შუბლი სწორედ ამიტომ უჩანდათ.

ცნობისთვის, ტყვიით მოწამვლას სხვა სიმპტომებიც ახასიათებს: დაღლილობა, გულისრევა და კოგნიტიური უნარების დაქვეითება.

მიიჩნევა, რომ ინგლისის დედოფალი, ელისაბედ I, მოდის ამ ტენდენციას ემსხვერპლა. როგორც სტატიის გარეკანზე — უილიამ სეგარის 1585 წლის ნამუშევარზე — ხედავთ, დედოფალიც ფერმკრთალ კანსა და ფართო შუბლს "იხდენდა".

თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, ელისაბედი ვენეციურ ცერუსს ყვავილას ვირუსის მიერ დატოვებული იარების დასაფარად იყენებდა, სიცოცხლის მიწურულს კი დედოფალს კბილები თითქმის აღარ ჰქონდა (რაც ტყვიით მოწამვლის ერთ-ერთი სიმპტომია).

საბოლოოდ, ვენეციური ცერუსი საწამლავად დედოფლის სიკვდილიდან 31 წლის შემდეგ გამოაცხადეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.