გერმანიაში, შტუტგარტის უნივერსიტეტის გუნდის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა კვანტური ინტერნეტის შექმნასთან ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვა. ისტორიაში პირველად, ფიზიკოსებმა კვანტურ ტელეპორტაციას ისეთ ფოტონებს შორის მიაღწიეს, რომლებიც სინათლის სხვადასხვა წყაროს მიერ იყო გამოსხივებული. ეს მიღწევა ინჟინრებს კვანტური ინფორმაციის დიდ მანძილზე, შეფერხებებისა და დანაკარგების გარეშე გადაცემის საშუალებას აძლევს.

ექსპერიმენტში მეცნიერებმა სპეციალური ნახევარგამტარები, იგივე კვანტური წერტილები, გამოიყენეს.

ფოტო: Strobel et al., Nat. Commun., 2025

სიგნალების დიდ მანძილზე გაგზავნისას შეიძლება ინფორმაციის მნიშვნელოვანი ელემენტები დაიკარგოს. სტანდარტული ინტერნეტის ოპტიკურ კაბელებში სინათლის სიგნალები გამაძლიერებლების საშუალებით იზრდება, ხოლო კვანტური ინფორმაციის გასაძლიერებლად კი სინათლის წყაროებია საჭირო.

ამ სინათლის წყაროებს პრაქტიკულად იდენტური ფოტონების წარმოქმნა შეუძლია, სპეციალური ნახევარგამტარები კი დარჩენილ განსხვავებებს ასწორებს. ამ ნახევარგამტარებს კვანტურ წერტილებს უწოდებენ და ისინი სინათლის ტალღებს წარმოუდგენლად ზუსტ სიხშირეზე ასხივებს, რაც სხვადასხვა წერტილიდან წამოსულ ფოტონებს ერთმანეთის იდენტურებს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკოსები ტერმინ "ტელეპორტაციას" იყენებენ, რეალურად ეს მოვლენა უბრალოდ კვანტური ინფორმაციის გადაცემაა. ეს არ ნიშნავს, რომ ფოტონები ერთ ადგილას ქრებიან და მეორეგან ჩნდებიან. იმისათვის, რომ კვანტური მდგომარეობა გადაეცეს ფოტონები ერთმანეთის იდენტურები უნდა იყოს.

თუ ფოტონებს საერთო წყაროდან ვასხივებთ ეს ადვილი მისაღწევია, მაგრამ სხვადასხვა წყაროს შემთხვევაში განსხვავებების არარსებობა საკმაოდ რთულია. კვანტური წერტილები ამ განსხვავებებს ასწორებს, რაც "ტელეპორტირების" შესაძლებლობას სრულიად განცალკევებულ ლოკაციებსა და წყაროებს შორის იძლევა.

მკვლევრებმა ექსპერიმენტისთვის სტანდარტული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გამოიყენეს — ზუსტად ისეთი, როგორიც თანამედროვე ონლაინ ქსელებში გამოიყენება. ისინი აღნიშნავენ, რომ კვანტური ინტერნეტის ამოქმედებისთვის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება გადამწყვეტი იქნება.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communications-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.