ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ აზიასა და აფრიკას შორის მიჯნასთან ახლოს არსებული ნაპრალი ნელ-ნელა ფართოვდება. ეს პროცესი სუეცის ყურის რიფტის მიმდებარედ მიმდინარეობს, რომელიც დედამიწის ქერქში რღვევის ადგილია.

ის კონტინენტურ ეგვიპტესა და სინის ნახევარკუნძულს შორის ზღვის ვიწრო ზოლს მიუყვება — სწორედ აქაა ხმელეთის "ხიდი", რომელიც ამ ორ კონტინენტს აკავშირებს. ესაა ერთგვარი დაბოლოება წითელი ზღვის რიფტისა, რომელიც არაბეთისა და აფრიკის ტექტონიკური ფილების გახლეჩისას, დაახლოებით 25 მილიონი წლის წინ, წარმოიქმნა.

სუეცის ნაპრალი აქამდე პასიურად მიიჩნეოდა, მაგრამ ახალმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ის, რეალურად, აქტიურია. მეცნიერებმა მისი ფორმა და ძველი მარჯნის რიფების მიმართ განლაგება შეისწავლეს. შედეგად დაასკვნეს, რომ იქ ჩვენი პლანეტის ქერქი ყოველწლიურად 0.55 მილიმეტრით ჯერ კიდევ იხლიჩება, ანუ ეს "წარუმატებელი რღვევა" სულაც არაა, როგორც ამ დრომდე გვეგონა.

წელიწადში 0.55-მილიმეტრიანი დაშორება ნიშნავს, რომ ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და აზია-აფრიკის საბოლოოდ გახლეჩას დიდი დრო დასჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექტონიკური ფილების გადაადგილებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და გეოლოგიური მასშტაბებით დროში გაწელილია.

სუეცის რიფტისგან ოდნავ მოშორებით აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემაა, რომელიც ბევრად დიდია და აქტიურობით გამოირჩევა. ის ეთიოპიის, კენიის, კონგოს, უგანდის, რუანდის, ბურუნდის, ზამბიის, ტანზანიის, მალავისა და მოზამბიკის ტერიტორიებზე ვრცელდება.

ვარაუდობენ, რომ მისმა აქტიურობამ შეიძლება სომალის ტექტონიკური ფილა უფრო მოზრდილ აფრიკის ფილას ეტაპობრივად მოწყვიტოს, რაც კონტინენტისგან აღმოსავლეთ აფრიკის განცალკევებას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, მსგავსი რამ მხოლოდ მილიონობით წლის შემდეგაა მოსალოდნელი.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.