აშშ პოპულაციურ იმუნიტეტამდე ჯერ კიდევ შორს არის — კვლევა
იმისთვის, რომ კორონვირუსის გავრცელების მასშტაბურობას უკეთ ჩასწვდნენ, ამერიკელი მეცნიერები მონაცემებს უჩვეულო წყაროდან — სისხლს დონაციის ბანკებიდან იკვლევენ.
სისხლის ჩაბარების მოხალისეთა მისაზიდად ზოგიერთი ცენტრი დონორებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების უფასო განსაზღვრას სთავაზობდა. აღნიშნული მაჩვენებლებით ისინი მიხვდებოდნენ, დონორს წარსულში COVID-19-ის გამომწვევ ვირუსთან, SARS-CoV-2 ხომ არ ჰქონდა კავშირი. 15 ივნისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით ამერიკულ "წითელ ჯვარს" სისხლი მილიონმა ადამიანმა ჩააბარა. მათგან ანტისხეულები მხოლოდ 1,82%-ს აღმოაჩნდა. ეს მიგნება იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ-ის მოსახლეობის უმეტესობას ვირუსით ინფიცირება წინ ელოდება. აღნიშნული კვლევის შედეგები 14 სექტემბერს ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში JAMA გამოქვეყნდა.
მართალია, სისხლის დონაციით მიღებული ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით რანდომიზაციას არ გულისხმობს, თუმცა არსებული მონაცემები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ, თუ მოსახლეობის რა ნაწილს ჰქონდა ვირუსთან შეხება. ამას ეპიდემიოლოგები სეროპრევალენტობას უწოდებენ და იგი საშუალებას იძლევა, მეტ-ნაკლები სიზუსტით განისაზღვროს, რამდენად მოწყვლადი იქნება პოპულაცია პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში.
მაშინ, როცა სეროპრევალენტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბალი იყო, იგი განსხვავებულ დემოგრაფიულ ჯგუფებში მომატებული აღმოჩნდა. აფროამერიკელ და ლათინოამერიკელ დონორებში სეროპრევალენტობა, თეთრკანიან დონორებთან შედარებით, მცირედით მაღალი იყო. აღნიშნული ზუსტად იმეორებს COVID-19-ის დიაგნოსტირების ტენდენციას.
კომენტარები