ინსულინის მიწოდების სფეროში მიღწეულმა გარღვევამ ერთ დღეს ინვაზიური ნემსების გამოყენება შეიძლება დაასრულოს. საუბარია იმ ინსულინზე, რომლებზეც დიაბეტით დაავადებული მრავალი ადამიანია დამოკიდებული.

თაგვების, მინიატიურული ღორებისა და ლაბორატორიაში გაზრდილი ადამიანის კანის უჯრედების გამოყენებით, მეცნიერებმა ინსულინით ადგილობრივად მკურნალობის მეთოდი წარადგინეს. ეს მიღწევა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებლად მიიჩნეოდა. ამის მიზეზი ინსულინის მოლეკულების დიდ ზომასა და წყლისადმი მათი ძლიერი მიდრეკილებაში იყო. ეს კანის გარე ცხიმიან შრეში შეღწევაში უშლის ხელს.

"კანში შეღწევად პოლიმერს ინსულინის არაინვაზიური, ტრანსდერმული მიწოდება შეუძლია უზრუნველყოს. ეს პოტენციურად ხელს შეუწყობს ცილებსა და პეპტიდებზე დაფუძნებული სხვა მედიკამენტების მიღებას", — წერენ ჩინეთის ჯეძიანის უნივერსიტეტის მკვლევრები.

პრეპარატების კანის გზით მიწოდებას ბევრი სარგებელი აქვს: ადვილია ამის სახლში გაკეთება, უმტკივნეულოა და პრეპარატი დანიშნულების ადგილს მარტივად აღწევს. მეორე მხრივ, თავისი არსით კანი ბარიერია, რომელიც სხეულს საზიანო ნივთიერებებისგან თავდაცვაში ეხმარება. მისი გარე ბარიერი, რქოვანი ფენა, კანის მკვდარი უჯრედების მრავალი შრისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ცხიმებითა და ზეთებით, ანუ ლიპიდებით არის დაკავშირებული.

ადგილობრივი გამოყენების პრეპარატები კანის დამცავ მექანიზმებზე მოქმედებს. ასეთ პრეპარატებს აქვს პატარა მოლეკულები, რომლებიც კანში ადვილად აღწევს და ასევე არსებობს გზად შემხვედრ ლიპიდებთან ურთიერთქმედების უნარი.

მეორე მხრივ, ინსულინს (გლუკოზის დამარეგულირებელ ჰორმონს) ეს თვისებები არ გააჩნია. მისი მოლეკულების სტრუქტურები დიდია და ისინი კანის ზეთებთან ქიმიურად შეუთავსებელია.

ეს გვეუბნება, რომ ინსულინის კანში შეღწევა შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერებმა ამისთვის კანის სხვა თვისება გამოიყენეს — მჟავიანობა. კანს აქვს pH გრადიენტი, რომელიც ზედაპირთან ოდნავი მჟავიანობით იწყება და უფრო ღრმა შრეებში ის ნეიტრალობისკენ იხრება.

მკვლევრებმა ისეთი მიწოდების სისტემაზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც ამ გრადიენტთან უნდა ურთიერთქმედებდეს, რათა ინსულინს კანში შეღწევის საშუალება მიეცეს.

შედეგები OP პოლიმერს ეფუძნება, რომლის თვისებებიც pH დონის ცვლილებასთან ერთად იცვლება. წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ის ბიოთავსებადია.

კანის ზედაპირზე OP-ს დადებითი მუხტი აქვს. ეს მას კანის ლიპიდებთან შეწებების საშუალებას აძლევს. მეორე მხრივ, ნეიტრალურ მჟავიანობაზე ის ამ მუხტს კარგავს და ლიპიდებს გამოეყოფა. შემდეგ ის კანის ბარიერში აღწევს და სხეულში შედის.

ინსულინის OP პოლიმერთან წყვილის სახით შეკავშირებას OP-1 უწოდეს. შედეგად ეს ჰორმონალური მკურნალობის წარმატებით დასრულების საშუალებას იძლევა.

ეს პრაქტიკაში ძალიან კარგი აღმოჩნდა. ადამიანის კანის მოდელებში და დიაბეტის მქონე თაგვებში, OP-I უფრო ეფექტიანი იყო ინსულინის კანქვეშ გადატანაში, ვიდრე მხოლოდ ინსულინი ან სხვა პოლიმერთან, PEG-თან კომბინირებული ინსულინი. ცნობისთვის, დღეს PEG ფარმაციაში ფართოდ გამოიყენება.

თაგვებში ინოვაციურმა მკურნალობამ სისხლში შაქრის კონცენტრაცია ნორმალურ დონეზე ერთ საათში აიყვანა. ეს დონე სტაბილური დარჩა შემდეგი 12 საათის განმავლობაში.

შემდეგი ეტაპი დიაბეტის მქონე მინიატიურულ ღოებზე ჩატარებული ექსპერიმენტი იყო. ისინი ადამიანებს ბიოლოგიურად იმაზე მეტად ჰგვანან, ვიდრე თაგვები. ეფექტი იგივე აღმოჩნდა. სისხლში შაქრის დონე ნორმალურ მაჩვენებელზე ორ საათში ჩამოვიდა და ასე დარჩა 12 საათის განმავლობაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი მეთოდი უფრო მდგრადი გზით მუშაობს, ვიდრე ინიექციური ინსულინი. შესაბამისად, განაპირობებს უფრო ხანგრძლივ ეფექტსაც.

მკვლევრებმა ვერ მიაგნეს ანთების ნიშნებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მკურნალობის ამ მეთოდს მინიმალური გვერდითი ეფექტი აქვს. და მაინც, საბოლოოდ ყველაფერს ადამიანებზე ტესტირება აჩვენებს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.