ტექნოლოგიურ გიგანტებს Nvidia-ს ინვესტორებისთვის კარგი ამბავი აქვთ
ფოტო: Nvidia
ტექნოლოგიური გიგანტების ბოლო კვარტალური შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ სექტორი AI ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხარჯების შემცირებას სამომავლოდაც არ აპირებს. ეს შესანიშნავი სიახლეა Nvidia-თვის, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის ბუმის წყალობით თითქმის $5-ტრილიონიან საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია.
Alphabet-ის, Meta Platforms-ისა და Microsoft-ის უახლესი ანგარიშების მიხედვით, ამ კომპანიებისთვის AI-ის განვითარება კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამ სტატიაში იმის შესახებ გიყვებით, თუ რა გავლენას მოახდენს ტექ-გიგანტების სამომავლო გეგმები Nvidia-ს ღირებულების ზრდაზე.
2026 წლის პროგნოზები
2023 წლის მონაცემების მიხედვით, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების საერთო კაპიტალური დანახარჯები AI-ის განვითარებისთვის 144 მილიარდი დოლარი იყო. 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი $228 მილიარდამდე გაიზარდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ეს კომპანიები AI-ზე $360 მილიარდს დახარჯავენ, ხოლო მომდევნო წლისთვის ხარჯების საერთო მოცულობა 439 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რეალური ხარჯები ზემოთ მოყვანილ პროგნოზებს გადააჭარბებს. არსებული მონაცემებით, Meta-ს (META) მიმდინარე წლის პროგნოზი $71 მილიარდია, რაც მანამდე შეფასებულ გეგმას $2 მილიარდით აღემატება. როგორც ცნობილია, ბოლო ანგარიშის წარდგენისას კომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის საჭირო კომპიუტერულ სიმძლავრეებში ინვესტიციებს კვლავ გაზრდიან. აღსანიშნავია, რომ Meta-ს ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები 2024 წელს $39.2 მილიარდი იყო. 2026 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, $100 მილიარდს გადააჭარბებს.
რაც შეეხება Alphabet-ს (GOOGL, GOOG), რომელიც Google-ის მშობელი კომპანიაა, მას AI-ის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გასულ წელს $52.5 მილიარდი აქვს დახარჯული. 2026 წლის ხარჯების პროგნოზი კი $85 მილიარდიდან $92 მილიარდამდე გაზარდა. კომპანია უკვე ხედავს ხელშესახებ შედეგებს საკუთარი AI პროდუქტებიდან (Gemini, AI Overviews და AI Mode) და მომდევნო წელსაც ახალი გეგმებით ხვდება.
Microsoft-ში (MSFT) კი ამბობენ, რომ AI-ზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აჭარბებს მათთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს. კომპანია მთელი ფისკალური წლის განმავლობაში მონაცემთა ცენტრების სიმძლავრის დეფიციტს ელოდება, რამაც ამ მიმართულებით კაპიტალური ხარჯების ზრდას უნდა მისცეს ბიძგი. მათი მხრიდან AI-ის ინვესტირებაში მიმართული ფულადი სახსრები 2026 წლის პირველ ფისკალურ კვარტალში $10 მილიარდით გაიზარდა და $34.9 მილიარდს მიაღწია (პროგნოზი $30 მილიარდი იყო).
შესაბამისად, ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან კაპიტალური ხარჯების ზრდა პირდაპირ კავშირია ისეთი კომპანიების შემოსავლების მატებასთან, როგორიც არის Nvidia, რადგან ის სწორედ AI-ის მონაცემთა ცენტრებისთვის საჭირო ჩიპების დამზადებით არის დაკავებული.
სად იქნება Nvidia 2026 წელს
Alphabet-ის, Meta Platforms-ისა და Microsoft-ის გეგმები Nvidia-სთვისაც დამაიმედებელია, სადაც აღნიშნავენ, რომ ბოლო ოთხ კვარტალშ 6 მილიონი ერთეული Blackwell პროცესორი გაყიდეს. კომპანიის CEO-ს — ჯენსენ ჰუანგის ვარაუდით, ეს რიცხვი სამომავლოდ 20 მილიონამდე გაიზრდება. შედარებისთვის, წინა თაობის პროცესორების (Hopper) გაყიდვებმა 4 მილიონი ერთეული შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ შემდეგი წლისთვის გაკეთებული ჯავშნების საერთო ღირებულება უკვე $500 მილიარდს აჭარბებს. ეს რიცხვი მომდევნო თაობის პროცესორების შეკვეთებსაც მოიცავს, რომელიც 2026 წელს გამოვა. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ Nvidia-ს შემოსავალმა 2027 ფისკალურ წელს ვოლ სტრიტის პროგნოზს ($285 მილიარდი) გადააჭარბოს.
არსებული მდგომარეობით Nvidia-ს (NVDA) ერთი აქციის ღირებულება 180.05 დოლარია. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.34 ტრილიონი დოლარს აღწევს. წლის დასაწყისთან შედარებით კომპანიის აქციების ფასი 29.3%-ით არის გაზრდილი.
აქვე გეტყვით, რომ ამ და სხვა კომპანიების აქციების შეძენა მარტივად, თიბისის მობაილბანკშია შესაძლებელი. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კვლევა ჩაატარე.
ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.
კომენტარები