NASA-მ კომეტა 3I/ATLAS-ის ყველაზე ახლო ფოტოები გაასაჯაროვა — ნახეთ
ფოტო: NASA/Southwest Research Institute
NASA-მ ვარსკვლავთაშორისი კომეტა 3I/ATLAS-ის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც აქამდე მოპოვებულთაგან ყველაზე ახლოდან გადაღებული კადრებიცაა. ეს ობიექტი მზის სისტემის სხვადასხვა რეგიონში გაშვებულმა ზონდებმა დააფიქსირა, მაგრამ შედარებით მცირე დისტანციიდან მისი აღბეჭდვა მარსის გარშემო მოძრავმა აპარატებმა შეძლო, მაგალითად, Mars Reconnaissance Orbiter-მა (MRO).
"3I/ATLAS-მა მზეს ყველაზე ახლოს მაშინ ჩაუარა, როცა დედამიწა მასზე უწყვეტად დასაკვირვებლად არახელსაყრელ მხარეს იყო. ამის მიუხედავად, მარსი სწორ მხარეს აღმოჩნდა და იქ არსებულმა ზონდებმა კომეტაზე დაკვირვება მოახერხა. იგივე შეძლო სხვა აპარატებმაც", — განაცხადა NASA-ში მომუშავე ტომ სტეტლერმა ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ახალი სურათები წარუდგინეს.
3I/ATLAS რიგით მესამე ვარსკვლავთაშორისი კომეტაა, რომელიც ჩვენს სისტემაში მოხვდა. 29 ოქტომბერს მან საკუთარ ორბიტაზე იმ წერტილამდე მიაღწია, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოსაა (პერიჰელიუმი) — 210 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე. ამ დროს ის დედამიწის პერსპექტივიდან მზის უკანა მხარეს მოძრაობდა, შესაბამისად ვერ ვხედავდით. სამაგიეროდ, მისი დაფიქსირება ისეთი ზონდებით იყო შესაძლებელი, როგორიც Mars Express, ExoMars Trace Gas Orbiter და Jupiter Icy Moons Explorer-ია.
პერიჰელიუმის კადრები ჯერ არ გვაქვს. ამის მიუხედავად, სხვა დროს MRO-მ კომეტა ოპტიკურ სპექტრში გადაიღო, NASA-ს MAVEN-ად წოდებულმა აპარატმა კი — ულტრაიისფერში, რითაც ამ კოსმოსური სხეულის გარშემო არსებული წყალბადი უკეთ გამოჩნდა.
მარსის ზედაპირიდან კომეტას მავალი Perseverance-იც დააკვირდა, ასევე მზის ობსერვატორიები: PUNCH, STEREO და SOHO; უნდა აღინიშნოს ასტეროიდების შესასწავლად გაშვებული აპარატებიც: LUCY და Psyche.
ერთი შეხედვით, ეს სურათები ბუნდოვანია, მაგრამ მეცნიერებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. 3I/ATLAS-ის მახასიათებლები ნამდვილად ადასტურებს, რომ ეს კომეტაა და არა რაიმე "უცხოპლანეტური ტექნოლოგია", როგორც კონსპიროლოგებს ჰგონიათ. საქმე ისაა, რომ თავიდანვე გაჟღერდა კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ის უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილი. ეს აქამდეც მომხდარა, მაგალითად, იგივე სპეკულაციები მოჰყვა დანარჩენი ორი ვარსკვლავთაშორისი ობიექტის — ოუმუამუასა და ბორისოვის — გამოჩენასაც.
"მინდა, მითქმა-მოთქმას გამოვეხმაურო, რადგან ვფიქრობ, ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია. ეს ობიექტი კომეტაა; ის სწორედ კომეტის მსგავსად 'იქცევა', ვიზუალურადაც ასეთია და ყველა მტკიცებულება ამაზე მიანიშნებს. ის მზის სისტემის მიღმა არსებული სივრციდან მოვიდა, რაც მას მომხიბვლელად, ამაღელვებლად და სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვნად აქცევს", — თქვა NASA-ს ხელმძღვანელის დამხმარე ამიტ ქშატრიამ.
ეს ფოტო ხმელეთიდან 16 ნოემბერსაა გადაღებული და 3I/ATLAS-ის კომეტურ მახასიათებლებს მკაფიოდ გვიჩვენებს. მაგალითად, ასეთია მისი მომწვანო კომა, ანუ ატმოსფეროს მსგავსი ნისლეული, და წაგრძელებული "კუდები". ეს ყველაფერი მის ბუნებრივ წარმომავლობაზე მიუთითებს.
3I/ATLAS დედამიწას ყველაზე მეტად 29 დეკემბერს მოუახლოვდება, რა დროსაც მის უფრო დეტალურად დანახვას შევძლებთ.




კომენტარები