ChatGPT-ს ჯგუფური საუბრების ფუნქცია დაემატა. ეს საშუალებას მოგვცემს, მასთან საუბრისას ჩატში 20-ამდე სხვა ადამიანი მოვიწვიოთ. ფუნქცია უკვე გლობალურად არის ხელმისაწვდომი — როგორც უფასო, ასევე ფასიანი ვერსიის მომხმარებლისთვის. ცნობილია, რომ თვის დასაწყისში ჯგუფური ჩატების საპილოტე ტესტირება მიმდინარეობდა.

OpenAI-ს, ChatGPT-ს შემქმნელ კომპანიას, ფუნქციის დამატებით სურს საშუალება მოგვცეს, სხვა ადამიანებთან ერთად ვისარგებლოთ ჩატბოტით — მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან თანამშრომლებთან ერთად შევასრულებინოთ მას სხვადასხვა დავალება.

ჯგუფური ჩატის დაწყება ChatGPT-ში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხიდანაა შესაძლებელი, სადაც ხატულა ხალხის არჩევის ვარიანტს გვთავაზობს. ChatGPT არსებულ ჩატს შემდეგ ახალ, ჯგუფურ, ჩატში გადაიტანს; შეგვეძლება, ამ უკანასკნელის ბმული "დავაკოპიროთ" და სხვებს გავუგზავნოთ, რომ შემოგვიერთდნენ (ბმულის გაზიარებას ჩატის სხვა წევრებიც შეძლებენ). ჯგუფურ ჩატში პირველად შესვლისას ან მისი შექმნისას ChatGPT მოგთხოვთ, რომ საკუთარი სახელი, მომხმარებლის სახელი და ფოტო ატვირთოთ. ასე უფრო მარტივი იქნება იმის გაგება, ვინ საუბრობს.

OpenAI-ს განცხადებით, ChatGPT სპეციალურად მოამზადეს, რომ საუბრის მიმდინარეობას აუწყოს ფეხი. სხვა სიტყვებით, ჩატბოტი ეცდება განსაზღვროს, როდის ჯობია საუბარში ჩართვა და როდის — გაჩუმება. თუკი მისი ჩართულობა დაგვჭირდება, შეგვიძლია უბრალოდ "ChatGPT" ვახსენოთ და მას პირდაპირ მივმართოთ. ჩატბოტს შეტყობინებებზე ემოჯიებით რეაგირება შეეძლება; ასევე, პროფილის ფოტოებს გაითვალისწინებს თუნდაც მომხმარებლებზე მორგებული სურათების შექმნისას.

ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში, ხატულაზე, დაჭერისას პარამეტრების მართვა შეგვეძლება — ხალხის დამატება ან მოშორება, შეტყობინებების დადუმება, ChatGPT-სთვის კონკრეტული მითითებების მიცემა და ა. შ. OpenAI აღნიშნავს, რომ ChatGPT ჯგუფურ ჩატებში არ გამოიყენებს იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენი პირადი ჩატებიდან დაიმახსოვრა; ასევე, ჯგუფური საუბრების დროს მოგონებებს არ შექმნის. საუბრის ლიმიტი მხოლოდ ჩატბოტის ჩართულობის სიხშირით განისაზღვრება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.