მცირდება თუ არა COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი?

სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გვაუწყებს, რომ ევროპისა და აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მაგალითად: ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა დიდ ბრიტანეთში ეპიდემიის პიკში 3 ათასს აღწევდა. ეს მაჩვენებელი ახლა 70-მდე არის ჩამოსული მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის ბევრ რეგიონში დაავადების გამოვლენის მაჩვენებელი იზრდება.

რა არის აღნიშნულის მიზეზი?

ექიმები მოვლენათა მსგავს განვითარებას დაზუსტებით ვერ ხსნიან. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ გართულებული შემთხვევების სამედიცინო მართვა უფრო ეფექტიანი გახდა. ამის მაგალითად დექსამეტაზონი გამოდგება — ეს უკანასკნელი გართულებული სიმპტომების მქონე პაციენტებში გადარჩენის ალბათობას ზრდის.

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ყოველივეში სხვა ფაქტორებს მიუძღვის წვლილი. ერთ-ერთი ასეთი ჰიპოთეზაა, რომ COVID-19 ახლა უკვე ახალგაზრდების დაავადებად ტრანსფორმირდა და ეს უკანასკნელნი მას უფრო მარტივად იტანენ.

ნიშნავს ეს იმას, რომ ყველაზე ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვეთ?

ამას გადაჭრით ვერ ვიტყვით. მკვლევრები აშშ-ს მაგალითზე მიუთითებენ, სადაც ბოლო პერიოდში დაავადებამ ყველაზე აქტიურად თავი 20-30 წლის ასაკის ადამიანებში იჩინა. თუმცა, მათგან ვირუსი მოხუცებულ ადამიანებზე გადავიდა, რამაც უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ეპიდ-აფეთქებას შეუწყო ხელი. საბოლოო ჯამში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარება ევროპაშიც არის მოსალოდნელი.

COVID-19 ნაკლებად მომაკვდინებელი გახდა?

ამ იდეას მეცნიერთა ნაწილი მხარს უჭერს. აღნიშნულის მიზეზი ის ფაქტია, რომ ვირუსები დროთა განმავლობაში თავიანთ მომაკვდინებელ ეფექტს კარგავენ, რადგანაც ისინი მასპინძელი ორგანიზმის განადგურებით სარგებელს ვერ ნახულობენ. შესაძლოა, COVID-19-ის შემთხვევაშიც ასე მომხდარიყო. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მეცნიერთა ნაწილი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მოვლენათა განვითარების მსგავსი სცენარისთვის ჯერ საკმაოდ მცირე დრო არის გასული.

ალტერნატიული მოსაზრება ისაა, რომ სოციალურმა დისტანციამ და პრევენციის ეფექტიანმა ზომებმა დამაინფიცირებელი ვირუსის დოზები მნიშვნელოვნად შეამცირა. დაბალ დოზებს კი ორგანიზმის იმუნური სისტემა წარმატებით უმკლავდება. შესაბამისად, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მცირდება.

მეცნიერთა აზრით, საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად მუშაობის გაგრძელება და უფრო მეტი დრო არის საჭირო.