ისრაელის ბენ გურიონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაბერებასთან ბრძოლის ახალ გზას მიაგნეს. მათ იმ დაზიანებული უჯრედების განადგურების გზა აღმოაჩინეს, რომლებიც ადამიანებში დაბერებასთან ერთად წარმოიქმნება. ეს უჯრედები ქსოვილების დაზიანებასა და ანთებას იწვევენ, რასაც საბოლოოდ ფატალური შედეგი მოჰყვება.

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ადამიანში დაბერების ნიშნების გაჩენისას იმუნური სისტემა იწყებს მოქმედებას. CD4-Eomes ტიპის იმუნური უჯრედები სხეულის დამაზიანებელ ქსოვილებს ანადგურებს და შესაბამისად დაბერების პროცესსაც აფერხებს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტისთვის სხვადასვა ასაკის თაგვები გამოიყენეს.

ფოტო: Elyahu et al., Nat. Aging, 2025

CD4-Eomes უჯრედების ფუნქციას მეცნიერები ადრეც ამჩნევდნენ, მაგრამ მათი სენსცენტურ (დაბერებულ) უჯრედებთან და ზოგადად, დაბერების პროცესთან კავშირი ახლახან გამოიკვეთა.

"ჩვენი მიგნებები ქსოვილების დაბერების პროცესში CD4-Eomes უჯრედების ფუნდამენტურ როლს ფენს ნათელს. ეს აღმოჩენა ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებსა და სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს", — წერენ მკვლევრები ნაშრომში.

სენესცენტურ ქსოვილებს ხშირად "ზომბი უჯრედებსაც" უწოდებენ. მათ გაყოფისა და უჯრედების ახალი თაობის შექმნის უნარი აღარ აქვთ, მაგრამ მავნე მოლეკულების გამომუშავებას მაინც ახერხებენ.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი სხვადასხვა ასაკის თაგვებზე ჩაატარეს და უჯრედების შედარებისას მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. როგორც აღმოჩნდა, იმუნური სისტემა დაბერების პროცესისას წარმოქმნილი "ზომბი უჯრედების" გამოჩენასთან ერთად მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობს და შესაბამისად მოქმედებს.

კვლევა აჩვენებს თუ როგორ შეუძლია იმუნურ სისტემას გარემოებებთან ადაპტირება და მათთან ბრძოლა. ასევე დადასტურდა, რომ დაბერებული იმუნური სისტემის გარკვეული ელემენტები (კერძოდ, CD4-Eomes უჯრედები) დაბერების საწინააღმდეგო შემდგომ კვლევებში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

მეცნიერები სამომავლო კვლევების საჭიროებაზეც თანხმდებიან. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადასტურდეს, რომ ადამიანებშიც იგივე იმუნური პროცესები მიმდინარეობს, რაც თაგვებში. მკვლევართა ჯგუფს ასევე ადამიანებში გენეტიკის, დაბერებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით მონაცემების გაანალიზება სურს.

სამომავლოდ, შეიძლება "ზომბი უჯრედების" გასასუფთავებლად CD4-Eomes უჯრედების დონის ხელოვნურად გაზრდა ბიოლოგიური დაბერების შენელებისა და გვიანდელ ასაკში ანთებით გამოწვეული ზიანის შემცირების ეფექტური გზა გახდეს. ამის მიუხედავად, ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა და ვერ განხორციელდება მანამ, სანამ მეცნიერები ამ მექანიზმებს გაცილებით უკეთ არ შეისწავლიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.