მეცნიერები მთვარის წარმოქმნას დედამიწასთან სხვა პლანეტის შეჯახებას უკავშირებენ. ეს იყო მარსის ზომის ციური სხეული, რომელსაც თეიას უწოდებენ. ამ მოვლენის შედეგად კოსმოსში ფრაგმენტები გაიტყორცნა, რომელთა შეერთებითაც ჩვენი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მივიღეთ.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თეია შიდა მზის სისტემაში ჩამოყალიბდა. ის ვარსკვლავთან იმაზე ახლოს უნდა ყოფილიყო, ვიდრე ამჟამად დედამიწაა. ამის გასარკვევად სპეციალისტებმა მთვარისა და დედამიწის იზოტოპური შედგენილობა შეისწავლეს.

იზოტოპები ერთი და იმავე ქიმიური ელემენტის ატომებია, თუმცა ბირთვში ნეიტრონების სხვადასხვა რაოდენობით. ზოგი მათგანი სტაბილურია, სხვები კი იშლება. ეს ნიშნავს, რომ მათი გამოყენება დროთი მასშტაბების გამოსათვლელად და ქიმიური კვალის გამოსავლენად შეიძლება.

ფოტო: Mark Garlick

დედამიწისა და მთვარის იზოტოპური შედგენილობა ერთნაირია, რაც მიანიშნებს, რომ ორივე მათგანი პროტოდედამიწისა და თეიას მატერიის ნაზავს შეიცავს. როგორი იყო თითოეულის თავდაპირველი შემცველობა, ძნელი გასარკვევია. ამის გასაგებად მეცნიერებმა ჩვენი პლანეტიდან აღებული 15 და მთვარეზე მოპოვებული 6 ნიმუში გააანალიზეს. ასევე, 20 არანახშირბადული მეტეორიტიც შეისწავლეს.

დედამიწისა და მთვარის იზოტოპური მახასიათებლები მეტეორიტებისას შეესაბამებოდა. გამოდის, რომ ამ უკანასკნელთა მაფორმირებელი ასტეროიდის ქიმია დედამიწის პირვანდელი მატერიის მსგავსი უნდა ყოფილიყო.

მეცნიერებმა თეიას შესახებ სხვადასხვა სცენარის სიმულირება შეძლეს და მასის ბალანსიც გამოითვალეს. ამან ავტორები მიიყვანა დასკვნამდე, რომ თეია და დედამიწის შემადგენელი უდიდესი ნაწილი შიდა მზის სისტემაში წარმოიქმნა.

მოდელები მიუთითებს, რომ თეია ქიმიურად უფრო გამდიდრებული იყო, ვიდრე პროტოდედამიწა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ იგი ნეიტრონების ჩაჭერის პროცესს განიცდიდა, რა დროსაც ნუკლეოსინთეზის მეშვეობით კონკრეტული ელემენტები მიიღება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თეია მზესთან ახლოს ჩამოყალიბდა, სანამ დინამიკური პროცესების გამო 100 მილიონ წელში დედამიწას შეეჯახებოდა. დამატებითი იზოტოპური მონაცემებით შეიძლება მთვარის ფორმირების შესახებაც მოვიპოვოთ ინფორმაცია.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.