საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლა განიხილეს. სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.

მაკრონმა პუტინს შეატყობინა, რომ ფრანგმა ექსპერტებმა ოპოზიციონერის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამვლა დაადასტურეს. გარდა ამისა, მან პუტინს მოსთხოვა, ნათელი მოეფინა და განემარტა ნავალნის გარშემო არსებული ვითარება.

როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პუტინმა რუსეთის მიმართ არსებულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ სამომავლო გამოძიებისთვის გერმანიამ რუსულ მხარე ყველა ბიომასალა და ანალიზები უნდა გადასცეს.

20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა და პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნავალნის ახლობლები ითხოვდნენ, რომ იგი სამკურნალოდ უცხოეთში გადაეყვანათ. რუსი ექიმები კი აცხადებდნენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მისი გადაყვანა საშიში იქნებოდა. თუმცა 22 აგვისტოს პოლიტიკოსი გერმანიაში გადაიყვანეს.

სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის საწამლავით მოწამლეს. რუსულმა მხარემ მოწამვლასთან ყველანაირი კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ომსკის კლინიკაში გაკეთებულ ანალიზში საწამლავის კვალი არ ჩანდა.

7 სექტემბერს კლინიკა შარიტემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი სამედიცინო კომიდან გამოიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ამასთან, იგი გარშემომყოფების მიმართვაზე რეაგირებს.