კვლევამ პანდემიასთან ბრძოლის 3 უდიდესი გამოწვევა გამოკვეთა
ორგანიზაციამ InterAcademy Partnership (IAP), რომელიც საკუთარ თავში სამეცნიერო, საინჟინრო და სამედიცინო აკადემიების ერთობას მოიაზრებს და მის რიგებში 100-ზე მეტი ქვეყნიდან 30 ათასი ადამიანია გაწევრებული, საგანგებო განცხადება გაავრცელა. IAP-ის აზრით, პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად უახლოეს მომავლში ჩვენი ჯანდაცვის სისტემები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში საუბარი ეხება ვაქცინის შესაქმნელად გამართულ რბოლაში მოკლე გზების ძიებას, ანტივაქსერულ მოძრაობას და ვაქცინების ნაციონალიზაციას. ორგანიზაციის მესვეურთა აზრით, ეს ყოველივე უახლოესი მომავალის საფრთხეებს განეკუთვნება და მას პანდემიასთან ბრძოლაში ხელის შეშლის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.
1. ვაქცინის შექმნის პროცესის პოლიტიზირება
ბევრ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემია პოლიტიკური განხილვის საკითხი გახდა: დაწყებული პირველადი კლინიკური შემთხვევების დამალვით, გაგრძელებული საფრთხეების უგულებელყოფით და პირბადეების ტარება-არტარებაზე მნიშნველოვანი საზოგადოებრივი განხილვით.
მოგვიანებით ამ ყოველივეს დაემატა კლინიკურ კვლევაში მყოფი ვაქცინების დაჩქარებული წესით მიღება, ისე, რომ მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბოლომდე შესწავლილი არც კი არის.
IAP-ს სათავეში ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგი, ვოლკერ ტერ მოილენი უდგას. იგი აქამდე გერმანიის ლეოპოლდინას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გახლდათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ამჟამად კლინიკურ კვლევას პოტენციური ვაქცინის 34 კანდიდატი გადის, ხოლო პრეკლინიკურ ეტაპზე 142 წარმომადგენელია. წინასწარი დადებითი შედეგების მიუხედავად, ამჟამად მასობრივი ვაქცინაციისთვის არც ერთი მათგანი არ შერჩეულა.
2. ანტივაქსერული მოძრაობა
COVID-19-თან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია და ანტივაქსერული მოძრაობა უკვე აქედანვე იწყებს ძირგამომთხრელ მუშაობას: მზარდი დეზინფორმაციული კამპანია ვაქცინების წინააღდეგ ჭორებს საზოგადოებაში აქტიურად თესავს.
"ნაცადი, ეფექტიანი ვაქცინების წინააღმდეგ საზოგადოების რწმენა და ნდობა ანტივაქსერულმა მოძრაობამ უკვე შეარყია. ჩვენ ვაქცინის შექმნისა და განხილვის ეტაპები ღია, მაღალი ჩართულობის სამეცნიერო ლოკომოტივით მოძრავ პროცესად უნდა ვაქციოთ, რათა მისი უსაფრთხოების შესახებ ეჭვები არ გაჩნდეს. უნდობლობას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანთა ჯანმრთელობას, გაახანგრძლივოს COVID-19-ის პანდემია და პოტენციური საფრთხე შეუქმნას სამომავლოდ ზოგადად ვაქცინების წარმოების პროცესს", — აღნიშნა მარგარეტ ჰამბურგმა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმისნტრაციის (FDA) ყოფილმა კომისარმა და IAP-ის ჯანდაცვის მიმართულების თანახელმძღვანელმა.
3. ვაქცინების თანაბრად დისტრიბუციის პრობლემა
კომუნიკეში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაქცინების დისტრიბუციის პრობლემასაც. ცალსახაა, რომ თავიდანვე 7.8 მილიარდი დოზა ფიზიკურად არ იქნება მზად. WHO ცდილობს, ვაქცინების თანასწორად განაწილების პრეროგატივით მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკება აწარმოოს. აღნიშნულ მისიით ისინი ქვეყნების ლიდერებს ვაქცინების გლობალურ პროგრამაში (Covax) ჩართვისკენ მოუწოდებენ.
"ე.წ ვაქცინების ნაციონალიზაცია, ანუ მომავლის პოტენციური ვაქცინების წინასწარ შესყიდვა და ეროვნული მიზნებით დამარაგება, მიუღებელია. ვაქცინებზე ქვეყნებისა თუ ინდივიდების წვდომა საჭიროებას უნდა ეფუძნებოდეს და არა გადახდისუნარიანობას", — შენიშნავს კრიშან ლალი, IAP-ის სამეცნიერო მიმართულების თანახელმძღვანელი და ინდოეთის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი.
7 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 9,5 თვის განმავლობაში SARS-CoV-2 ვირუსით გამოწვეული COVID-19 27 მილიონ ადამიანს შეეხო. მათგან 900 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარები