ვაქცინის მიღებისთვის რბოლაში, შესაძლოა, ღარიბი ქვეყნები დამარცხებულები აღმოჩნდნენ
ვაქცინის შესაქმნელად რბოლა სულ უფრო მეტად იძაბება. ამ ჭიდილში მდიდარი ქვეყნები აქედანვე ცდილობენ მოწინავე პოზიციების გამყარებას. კვლევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მათ თავიანთი მოსახლეობისთვის ასაცრელი ვაქცინები გარანტირებულად შეხვდებათ. ამის ფონზე ისმის მნიშვნელოვანი კითხვა — შეხვდებათ თუ არა განვითარებად ქვეყნებს ვაქცინა დროულად?
თვის დასაწყისში გაერომ და მოძრაობამ, წითელი ჯვარი-წითელი ნახევარმთვარე, განაცხადეს, რომ "სახალხო ვაქცინაზე" თანაბარი წვდომა "მორალური ვალდებულებაა". თუმცა, ასეთ დიდ განცხადებებსაც კი არ აქვთ იძულების ფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ დეტალური, სტრატეგიული გეგმის გარეშე, ვაქცინების განაწილების პროცესი ქაოსური იქნება.
"ჩვენ, ყველას მშვენიერი სურათი წარმოგვიდგება თვალწინ: ვაქცინა ნებისმიერ მსურველს შეხვდება. თუმცა, ამ გეგმის შესასრულებლად რაიმე ინსტრუქცია არ არსებობს", — შენიშნავს იუან ჩონ ხუ, ორგანიზაციის, ექიმები საზღვრების გარეშე, უფროსი იურიდიული კონსულტანტი. მისი მტკიცებით, დისტრიბუციის მენეჯმენტში აურაცხელი პრობლემაა გადასაჭრელი, რისთვისაც ჯერ მხოლოდ ერთეული ნაბიჯებია გადადგმული.
ხუს თქმით, ადრე კომპანიები ვაქცინის შექმნისა და წარმოების თითოეული ეტაპისთვის ლიცენზიას იღებდნენ: დაწყებული ვაქცინის შესაქმნელად საჭირო უჯრედული მასალის გამოყენებიდან, გაგრძელებული იმუნიზაციის ეფექტიანი დოზებით და დასრულებული აცრის ტექნიკური შესრულების წესებით.
"ჩვენ არ შეგვიძლია კერძო კომპანიების მრავალშრიან იურიდიულ კანონებს მივანდოთ 'სახალხო ვაქცინის' შექმნა", — ამბობს ხუ. ის ყველა მწარმოებლისთვის ღია პირობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი აზრით, ეს ვაქცინის წარმოების პროცესს უფრო გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს გახდის.
ივნისის დასაწყისში გამართულ ვაქცინის სამიტზე ხელმისაწვდომობის საკითხს შეეხო განას პრეზიდენტი, ნანა აკუფო-ადოც:
ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ვაქცინა კვლევის საწყის ეტაპზეა. თუ ყველაფერი კარგად წავა, ზოგიერთი მათგანი წლის ბოლოს კვლევის დასკვნით საფეხურამდეც მიაღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიცენზირებული ვაქცინა შემდეგი წლის პირველ ნახევრამდე ფიზიკურად ვერ გვექნება. მიუხედავად ამისა, ბევრმა მდიდარმა ქვეყანამ მწარმოებლებს ექსპერიმენტული ვაქცინები უკვე შეუკვეთა. ისინი მათ მიღებას საბოლოო დადასტურების პროცესამდე ელოდებიან.
დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ვაქცინის შესაქმნელად რბოლაში ჩართული სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანია მილიონობით დოლარით დააფინანსა. მათ შორის არიან ოქსფორდის უნივერსიტეტი და კომპანია AstraZeneca. სანაცვლოდ, ქვეყნებს მოლოდინი აქვთ, რომ წარმატების შემთხვევაში ისინი აცრების მსურველთა გრძელი რიგის თავში მოხვდებიან. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ვაქცინის ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში, პირველი 30 მილიონი დოზა ბრიტანელებს ერგებათ.
თავის მხრივ, AstraZeneca-მ 300 მილიონი ვაქცინის შესყიდვაზე კონტრაქტი აშშ-სთან გააფორმა. შეკვეთის პირველ პარტიას ტრამპის ადმინისტრაცია ოქტომბრისთვის ელოდება, რის შემდეგაც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების იმუნიზაცია დაიწყება.
გასულ კვირას იგივე ნაბიჯი გადადგეს გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა. AstraZeneca ამ ქვეყნებს წლის ბოლოსთვის 400 მილიონ ვაქცინას მიაწვდის.
ვაქცინების ალიანსმა, GAVI უკვე გაამზადა წინასწარი ვაჭრობის ვალდებულების შესახებ დოკუმენტი. მისი მიხედვით, მწარმოებლები ვალდებულები არიან, როგორც მდიდარი, ასევე ღარიბი ქვეყნების სამყოფი ვაქცინები შექმნან. ეს განვითარებად ქვეყნებს მოსახლეობის იმუნიზაციისათვის საჭირო ვაქცინების მოპოვებაში დაეხმარება.
ფარმაკოლოგიური გიგანტის, Johnson & Johnson-ის უფროსი სამეცნიერო ოფიცერი, პოლ შტოფელსი ამბობს, რომ კომპანია ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდებას არასამეწარმეო ფასად გეგმავს. მის მსგავსად ფიქრობს AstraZeneca-ს ხელმძღვანელი, პასკალ სორიოც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ფარმაკოლოგიურ კომპანიებს ლიცენზიების საჯაროობისკენ მოუწოდა, რაც ვაქცინაზე მომუშავე ლაბორატორიებს ტექნიკური ცოდნის გაზიარებისა და მონაცემების თავისუფლად დამუშავების საშუალებას მისცემს. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, ბრაზილიამ, კანადამ და გერმანიამ, უკვე დაიწყო თავიანთი სალიცენზიო კანონმდებლობის იმგვარად შეცვლა, რომ პანდემიით გამოწვეული საჭიროების შემთხვევაში, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დამცავმა წესებმა მთავრობის დირექტივით დროებით ძალა დაკარგონ.
ამ გადაწყვეტილებას ფარმა-ინდუსტრიაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მაგალითად, Pfizer-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის სალიცენზიო წესების გაუქმების წინააღმდეგნი არიან.
აღსანიშნავია, რომ აქამდე არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ პლანეტის ყველა ქვეყანას ერთდროულად ჰქონოდა ვაქცინის საჭიროება და ისიც მწვავე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში. ამჟამად ყვითელი ცხელების, ქოლერისა და მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგები კი არსებობს, მაგრამ ეპიდაფეთქების დროს ისინი მხოლოდ რამდენიმე განვითარებად ქვეყანას ესაჭიროება.
"ჩვენ არ შეგვიძლია, ვაქცინაზე წვდომა მხოლოდ კეთილი ნების იმედად დავტოვოთ", — აცხადებს არზუ აჰმედი, ბრიტანელი ბიოეთიკოსი.
ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ვაქცინის შექმნის თითოეულ ეტაპზე მილიარდობით დოლარი გაუმჭვირვალედ იხარჯება და ძალიან დაბალია იმის გარანტია, რომ ვაქცინები იმ ადამიანებამდე მივა, ვისაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება აქვს.
ამ მოსაზრებას იზიარებს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის თანადირექტორი, სურიე მუნი. მისი თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როგორ მიეწოდებათ ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს.
WHO-ს უფროსი მეცნიერი, დოქტორი სოიმია სვამინათანი აღნიშნავს, რომ გაეროს ჯანდაცვის სააგენტო უკვე მუშაობს ე.წ. "ალოკაციის ჩარჩო ხელშეკრულებაზე". ამ დებულებაში გაწერილი იქნება, თუ როგორ უნდა გაიცეს ვაქცინები, თუმცა დოკუმენტს მხოლოდ რეკომენდაციის სახე ექნება.
"ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ სიტუაცია, როდესაც იმუნიზაციისათვის საჭირო ვაქცინები მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი საშუალებას მოგვცემს, რომ ვაქცინები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად გამოვიყენოთ", — აცხადებს სვამინათანი
კომენტარები