პირბადის ტარების შესახებ გავრცელებული 6 მითი
პირბადის ტარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დღემდე არსებობს, თუმცა, რეალური სამეცნიერო მტკიცებულება არც ისე კონტროვერსიულად გამოიყურება.
აღნიშნულ სტატიაში ჩვენ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებს განვიხილავთ და დეტალურად ავხსნით, თუ რატომ არ შეესაბამება არცერთი მათგანი სიმართლეს.
ფაქტი: პირბადის ტარება კორონავირუსის ინფექციას არ ართულებს
მითი: ინფიცირების შემთხვევაში, პირბადე ვირუსის შემცველ ნაწილაკებს იჭერს და ყოველი ჩასუნთქვის შემდეგ ისინი ჩვენს ორგანიზმში უფრო ღრმად იჭრებიან
სიმართლე: ამ მითის დასაბამი ფსევდომეცნიერული დოკუმენტური ფილმიდან, Plandemic იღებს საფუძველს. ეს უკანასკნელი თავისი დაუსაბუთებელი მტკიცებების გამო მეცნიერთა მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.
როგორც კვლევები გვიჩვენებს, რეინფიცირება შეუძლებელია, თუ ადამიანი კორონავირუსით უკვე დასნებოვნებულია. სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ორგანიზმის იმუნური პასუხი ხელახალი ინფიცირებისგან გარკვეული პერიოდი გვიცავს.
ფაქტი: პირბადე ორგანიზმში ჟანგბადის დონეს არ ამცირებს
მითი: პირბადეში სუნთქვა ჭირს და იგი საშიშია, რადგანაც ამგვარად ორგანიზმში ჟანგბადის დონე მცირდება.
სიმართლე: პირბადის ტარება სრულიად უსაფრთხოა და მას სამედიცინო პერსონალი პანდემიამდე გაცილებით ადრე, ყოველდღიურ საქმენიანობაში აქტიურად იყენებდა. მოარული ჭორი, თითქოს იგი სისხლში ჟანგბადის გაჯერებას (ანუ სატურაციას) ამცირებს, უბრალოდ სიცრუეა — აღნიშნული მითი ბევრმა ექიმმა პრაქტიკული დემონსტრაციით გააცამტვერა.
პირბადის ტარებაზე რაიმე სახის გამონაკლისი სამედიცინო შემთხვევები არ არსებობს და მისი გამოყენებით ფიზიკური ვარჯიშიც კი არის შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი ტიპის სპეციალური, ჰერმეტულად დახურული სამშენებლო ნიღაბი ორგანიზმში ჟანგბადის მოხვედრაზე გავლენას ახდენს, მაგრამ ყველაზე აქტიურად გამოყენებული ქირურგიული და ნაჭრის ნიღბები სისხლში ჟანგბადის სატურაციაზე გავლენას ვერ ახდენს.
ფაქტი: უსიმპტომო ადამიანებმაც უნდა ატარონ ნიღაბი
მითი: თუ ადამიანს არაფერი აწუხებს, ნიღაბი არ უნდა ატაროს.
სიმართლე: კორონავირუსით ინფიცირებულთა 40% სრულიად უსიმპტომო მატარებელი გახლავთ. ისინი ხშირად ისე ავრცელებენ ვირუსს, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ. ის ადამიანები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები აღენიშნებათ, მათ გამოვლენამდეც ვირუსის მატარებლები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ნიღბის ტარება ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფაქტი: ნიღაბი ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს იცავს
მითი: ნიღაბი მხოლოდ იმ ადამიანებმა უნდა ატარონ, ვინც განსაკუთრებული რისკის ჯგუფშია. ჯანმრთელ და ძლიერ ადამიანებს ეს არ სჭირდებათ.
სიმართლე: პირბადის ტარების ძირითადი არსი ისაა, რომ თითოეული დახველების, დაცემინების და ამოსუნთქვის დროს ჰაერში რესპირატორული წვეთების გამოყოფა შევამციროთ. ამგვარად ჩვენ ირგვლივ მყოფებს ვიცავთ და თუ პირბადეს ყველა მასობრივად ატარებს, ჩვენც ავტომატურად დაცულები აღმოვჩნდებით.
ამ მითის ჩამოყალიბებაში პანდემიის საწყის დღეებში ჯანდაცვის სპეციალისტების არაერთგვაროვანმა პოზიციამ ითამაშა მთავარი როლი. თუმცა, მას შემდეგ სამედიცინო მტკიცებულება საგრძნობლად დაგროვდა და ახლა ყველას პოზიცია ნათელია.
როგორც CDC-ს კვლევა ცხადყოფს, პირბადის ტარებამ მისურის შტატში მდებარე ერთ-ერთ სალონში ეპიდაფეთქების თავიდან არიდება შეძლო. სალონის 2 თანამშრომელი ვირუსის ასიმპტომური მტარებელი აღმოჩნდა, თუმცა, რადგანაც ისინიც და ყველა მათი კლიენტიც (რომელთა რაოდენობა 139-ს შეადგენდა) პირბადეს ატარებდა, ვირუსი ვერ გავრცელდა.
ფაქტი: იმ ინფორმაციას, რომ პირბადის ტარება ვირუსის გავრცელებისგან გვიცავს, პოლიტიკური მიზნებით არ ავრცელებენ
მითი: პირბადის ტარება პოლიტიკური გზავნილია და მას ინფიცირების მაჩვენებელზე გავლენა არ აქვს.
სიმართლე: კვლევები ცალსახად მიუთითებს, რომ პირბადის ტარება ვირუსით ინფიცირებული რესპირატორული წვეთების გავრცელებას ზღუდავს და ამგვარად დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს. საინტერესო შედეგი აჩვენა დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ: თუ დედამიწის მთელი მოსახლეობა ნიღბის ტარებას დაიწყებს, ეს ვირუსის გავრცელებას იმდენად შეაფერხებს, რომ მკაცრი კარანტინის საჭიროება ფიზუკურად აღარ იქნება. რაც უფრო მეტი ადამიანი ატარებს პირბადეს, მით უფრო ეფექტიანია საზოგადოებაში ვირუსის კონტროლი.
ფაქტი: პირბადის ტარება სხვა პრევენციულ ღონისძიებებს (სოციალური დისტანცია და ხელის საპნით დაბანა) არ ანაცვლებს
მითი: პირბადის ტარების შემთხვევაში სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი უსაფრთხოა.
სიმართლე: მიუხედავად იმისა, პირბადის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულება ცალსახაა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მისი ტარებაა ეფექტიანი. ჯანდაცვის ექსპერტები დაუღალავად განაგრძობენ სხვა რეკომენდაციების გავრცელებას, რათა ვირუსის ფართო გავრცელებას ხელი შეუშალონ. აღნიშნულში გარდამტეხ როლს სოციალური დისტანცია და ხელების საპნით ხშირი დაბანა თამაშობენ.
კვლევები ცხადყოფს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში პრევენციული ღონისძიებების კომბინირებული გამოყენება ვირუსის გავრცელებას საგრძნობლად ამცირებს და ამგვარად სიცოცხლეების გადარჩენას უწყობს ხელს.
კომენტარები