აშშ ვაქცინის შექმნისა და თანასწორად განაწილების გლობალურ ინიციატივას არ შეუერთდება
აშშ-ს მთავრობის განცხადებით, აშშ ვაქცინის შექმნის, წარმოების და თანასწორად განაწილების გლობალურ ინიციატივას არ შეუერთდება. აღნიშნულის მიზეზად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დასახელდა.
COVID-19-ის ვაქცინასთან წვდომის გლობალური წვდომის ფონდი (Covax) WHO-ს მიერ ინიცირებული პროექტია და მის შექმნაში ეპიდემიებისათვის მზადყოფნის ინიციატივების კოალიცია და GAVI (ვაქცინების ალიანსი) იღებდნენ მონაწილეობას. Covax-ის მიზანი ვაქცინის შექმნისა თუ კვლევის დაჩქარება და რესურსების თანასწორად განაწილებაა. WHO-მ გასულ თვეში აღნიშნა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მოლაპარაკებები 172 ქვეყანასთან მიმდინარეობდა.
"პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ვაქცინის შექმნისა და კვლევის პროცესი უპრეცენდენტო სიჩქარით მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ეფექტიანი სამკურნალო საშუალება, რომლის უსაფრთხოებაც შესაბამისი მონაცემებით იქნება დამტკიცებული. აშშ ვირუსის დასამარცხებლად საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას განაგრძობს, მაგრამ კორუმპირებული WHO-ს და ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციები ჩვენს შეჩერებას ვერ შეძლებენ", — აღნიშნა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, ჯუდ დირმა.
აშშ-მ WHO-ს დაფინანსება ამა წლის მაისში შეუწყვიტა და ორგანიზაციის რიგებიც დატოვა. ამერიკა ყველაზე მსხვილი შემომწირველი გახლდათ და მისი წლიური საწევრო $450 მილიონს შეადგენდა. დონალდ ტრამპმა WHO ჩინეთის პოლიტიკური ინტერესების გატარებაში ღიად დაადანაშაულა.
ჯანდაცვის ექსპერტთა აზრით, გლობალურ ინიციატივაზე უარის თქმით ტრამპის ადმინისტრაცია მთელ ფსონს ვაქცინის შექმნის საკუთარ პროგრამაზე დებს და ამ ნაბიჯით სხვა ქვეყნებსაც იგივესაკენ მოუწოდებს. ამის ერთ-ერთი არასასურველი შედეგი სახელმწიფოების მიერ ვაქცინების დატაცება და მასზე მაღალი ფასი იქნება.
"პანდემიის დროს ვაქცინებთან დაკავშირებით ქვეყნების ქცევას დიდი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩარჩოებს სცდება. საქმე ისაა, ხართ თუ არა თქვენ საიმედო პარტნიორი, თუ დღის ბოლოს ყველა თქვენს სათამაშოს თქვენთვისვე იტოვებთ?", — აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო და განვითარების კვლევების სამაგისტრო ინსტიტუტის გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, სურიე მუნმა,
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ბრძანებით აშშ-მ ოპერაცია Warp Speed წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ვაქცინის 300 მლნ დოზა 2021 იანვრისთვის უნდა იყოს მზად. დონალდ ტრამპს სურდა, რომ ვაქცინები მზად საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყოფილიყო, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტთა შეფასებით, ეს ზედმეტად ოპტიმისტური ჩანაფიქრია.
WHO-ს ოფიციალური პირები "ვაქცინების ნაციონალიზაციის" საფრთხეებზე ხმამაღლა საუბრობენ.
"არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ უსაფრთხოდ ყველა არ იქნება. არც ერთ ქვეყანას აქვს ყველა საჭირო მედიკამენტის კვლევის, შექმნის, წარმოებისა და მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი. ჩვენ ვაქცინების ნაციონალიზაციისაგან უნდა დავიცვათ თავი", — განაცხადა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, თედროს ადჰანომ ღებრეისუსმა
კომენტარები