მეცნიერებმა მუდმივად მომღიმარი კუ გადაშენებას გადაარჩინეს
მეცნიერებმა ბირმული კუების პოპულაცია 1000 ინდივიდამდე გაზარდეს
20 წლის წინ გიგანტური აზიური მდინარის კუ, რომელიც ბუნებრივად მუდმივად იღიმის, გადაშენებულად ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ცხოველების ხელახალი აღმოჩენა დაადასტურეს, ბუნებისდამცველები მათ გამრავლებას შეუდგნენ. ახლა კი მათი რიცხვი დაახლოებით 1 000-ს შეადგენს, რომელთაგან ზოგიერთი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიანმარის ველურ ბუნებაშიც გაუშვეს.
კუებს, სხვა ცხოველებთან შედარებით, გადაშენების რისკი უფრო მეტად ემუქრებათ, ამჟამად მათი 360 სახეობა გადაშენების პირასაა. ეს განსაკუთრებით აზიურ სახეობებს ეხებათ, რადგან ისინი არა მხოლოდ კლიმატის ცვლილების გამო კარგავენ საცხოვრებლებს, არამედ ბრაკონიერების მსხვერპლებიც ხდებიან.
კუები ოდესღაც მიანმარის უდიდეს ქალაქში, იანგონის სახმრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. სახეობის მდედრი წარმომადგენლები მამრებზე ბევრად დიდები იზრდებიან, დაახლოებით საჭის ზომისები. მამრები კი შეჯვარების პერიოდში ფერს იცვლიან და ღია მწვანე თავები შავი ნიშნულებით ეფარებათ.
ათწლეულების განმავლობაში მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ეს კუები, რადგან მიანმარის საზღვრები უცხოელებისთვის ჩაკეტილი იყო. როდესაც ქვეყანამ 1990-იან წლებში საზღვრები გახსნა, მკვლევრებმა კუების კვალს ვერსად მიაგნეს და ეს სახეობა გადაშენებულად ჩათვალეს. 2001 წელს კი მომღიმარი კუ ხელახლა იპოვეს, ოღონდ მხოლოდ ბაკნის სახით. ის რომელიღაც ცხოველმა შეჭამა. მიუხედავად ამისა, ბაკნის აღმოჩენა მაინც იმედისმომცემი იყო. ესე იგი, სადღაც მომღიმარი კუები კიდევ ცხოვრობდნენ. მალევე პროფესორმა ჯერალდ კუჩლინგმა მომღიმარი კუები მიანმარის ბუდისტურ ტაძარში აღმოაჩინა.
კუჩლინგმა და მისმა კოლეგებმა ტაძრის წარმომადგენლებთა საუბრის შემდეგ იშვიათი სახეობის წარმომადგენლები, მამრი და ორი მდედრი მადალაის ზოოპარკში გადაიყვანეს. ამის შემდეგ კუჩლინგმა კიდევ რამდენიმე კუ იპოვა და ყველა მადალაის ზოოპარკში გადაიყვანა.
ამჟამად ბუნებაში 1 000 მომღიმარი კუ ცხოვრობს — მათგან ნაწილი ველურ ბუნებაში დადებული კვერცხებიდანაა გამოჩეკილი, ნაწილიც — სპეციალურად გამრავლებული. ხუთი მდედრი კი ბუნებაში დებს კვერცხებს.
არავინ იცის, რამდენი მამრი კუა დარჩენილი ბუნებაში, თუმცა როცა 2015 წელს მდედრებმა განაყოფიერებული კვერცხების დადება შეწყვიტეს, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბუნებაში არსებული მამრები დაიხოცნენ. ამის შემდეგ მკვლევრებმა 50 კუ გაუშვეს ბუნებაში, რის შემდეგაც მდედრებმა განაყოფიერებული კვერცხების დადება განაგრძეს.
მიუხედავად იმისა, რომ მომღიმარ კუებს გადაშენება აღარ ემუქრებათ, ბუნებისდამცველები აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ არაეთიკური მეთევზეობა მინიმუმამდე დაიყვანონ.
კომენტარები