სექსუალური შევიწროება გასინჯვის დროს — ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ხათუნა გოგუაძე 24 წლის იყო, როდესაც გასტროენტეროლოგთან მივიდა და ექიმმა, მუცლის შემოწმების შემდეგ, მოულოდნელად, ხელით მკერდიც გაუსინჯა. ქალმა სახალხო დამცველს მიმართა, რომელმაც ფაქტი შეისწავლა და შევიწროება დაადგინა. ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სამედიცინო სფეროში სექსუალური შევიწროების მასშტაბი ჯერ კიდევ უცნობია. ცალკეული შემთხვევები ერთიან სურათს არ იძლევა, რადგან უფლებადამცველების თქმით, პაციენტები შევიწროებაზე ხმამაღლა საუბრს სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებენ, შესაბამისად, ექიმები ხშირად ახერხებენ, სიტუაციიდან თავი დაიძვრინონ.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, სადაც ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა, გასტროენტეროლოგ ირაკლი ხმალაძეს უკავშირდება. იგი სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერადან 2020 წლის მაისში გაათავისუფლეს.
ომბუდსმენს შევიწროების საქმის შესასწავლად პაციენტმა, ხათუნა გოგუაძემ მიმართა. შევიწროების მსხვერპლი იგი ორი წლის წინ, 24 წლის ასაკში გახდა. ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტი გამოიკვეთა კიდევ ორ ქალთან, მათ შორის ერთ-ერთი მისივე სტუდენტი იყო.
ხათუნა გოგუაძე გასტროენტეროლოგ ირაკლი ხმალაძესთან კუჭის პრობლემების გამო მივიდა. როგორც ის On.ge-სთან ყვება, ვიზიტისას ექიმმა გამოკითხა ჩივილების შესახებ, ჰკითხა ასაკი და დაინტერესდა, იყო თუ არა დაოჯახებული. ამის შემდეგ კი, მკერდის შემოწმება გადაწყვიტა.
"მკითხა, მკერდის შემოწმება თუ გაქვს გაკეთებულიო. ვუთხარი არა-მეთქი. ცოტა მკაცრი ტონით მითხრა, უკვე დიდი ხარ და უნდა გქონდეს პროცედურები ჩატარებულიო, სანამ გახვალ, მითხარი და შეგიმოწმებო. მერე გააგრძელა კუჭზე საუბარი [...] იმდენად უცნაური და მოულოდნელი იყო, რომ უცბად ვერ მივხდი, კუჭის პრობლემა მკერდთან რამდენად კავშირში იყო", — იხსენებს ხათუნა გოგუაძე.
როგორც იგი ყვება, მუცლის შემოწმების შემდეგ ექიმმა შეახსენა, რომ მკერდი უნდა შეემოწმებინა. მისთვის პროცედურის მიზანი არ აუხსნიათ. შემოწმებისას ხათუნამ მაისური აიწია, ექიმმა მკერდი ბიუსჰალტერის გარედან შეუმოწმა, უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და გაუშვა.
"მკერდის შემოწმება მამოლოგომა უნდა ჩაატაროს. ან გავეგზავნე, ან ეთქვა რამე, თან პირველი ვიზიტი იყო, არც წამლები ჰქონდა ჩემთვის გამოწერილი. მერე როგორც გავიგე, შიშველ მკერდზე უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა და არა ლიფის გარედან", — ყვება ხათუნა.
ვიზიტიდან გამოსვლის შემდეგ, მან მეგობარ ექიმს ჰკითხა, კუჭისა და მკერდის დაავადებების დიაგნოსტირებას შორის რამე კავშირი ხომ არ არსებობდა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ექიმის ვინაობის გაგების შემდეგ კი, მეგობარმა უთხრა, რომ ირაკლი ხმალაძე მსგავს ქმედებაში ადრეც იყო შემჩნეული.
სექსუალური შევიწროების საქმის შესწავლის ფარგლებში სახალხო დამცველი კიდევ ორ ქალს ესაუბრა, რომლებსაც მსგავსი ისტორიები ჰქონდათ. ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი აღნიშნავდა, რომ 2014 წელს ვიზიტის დროს ირაკლი ხმალაძემ სარძევე ჯირკვლები შეუმოწმა.
მსგავს გამოცდილებაზე საუბრობს ექიმის ყოფილი სტუდენტიც. იგი ყვება, რომ 2015-16 წელს ხმალაძესთან ჰქონდა გასტროენტეროლოგიის კურაცია. კურაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, სტუდენტს დაეწყო მწვავე გასტრიტის ნიშნები, რაც ლექციაზეც შეეტყო. როგორც ქალი ამბობს, ხმალაძემ შემოწმებისთვის ლექციის შემდეგ დარჩენა სთხოვა.
ქალი სახალხო დამცველს უყვება, რომ როცა სხვა სტუდენტები წავიდნენ, ექიმი პაციენტის გასასინჯ მაგიდაზე დაჯდა და ის ძალიან ახლოს დააყენა, რაც არ ესიამოვნა. მისი თქმით, ჩივილების აღწერისას ხმალაძემ გააწყვეტინა და ჰკითხა, რატომ ჰქონდა გულ-მკერდზე გამონაყარი.
ქალის განმარტებით, გამონაყარი ვერ გამოჩნდებოდა, რადგან დახურული ტანსაცმელი ეცვა. ამბობს, რომ პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, როცა კაცმა გაუფრთხილებლად და უნებართვოდ აუწია სვიტერი და მკერდზე ხელი მოჰკიდა, შემდეგ კი სვიტერი ისევ ჩამოუწია.
"უბრალოდ, აი, პირდაპირი მნიშვნელობით მიჩქმიტა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ძალიან კარგად გამოიკვეთა მისი საშინელი არაპროფესიონალიზმი როგორც გასტროენტეროლოგიაში, ისე ზოგადი ეთიკის ნორმებში. სხვებმაც შეამჩნიეს და სხვა სტუდენტებმა მოითხოვეს, რომ აღარ გვინდა ეგ ლექტორი სხვა კურაციებზეო. ეს ამბავი ნამდვილად არ დამიმალავს და ასე თუ ისე უნივერსიტეტში სტუდენტებში ხმა გავარდა, რომ "იზვრაშენეცია", — უყვება ქალი სახალხო დამცველს.
რას ამბობს ექიმი და როგორ პასუხობენ ექსპერტები
ხათუნა გოგუაძის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატი პირადად ირაკლი ხმალაძესაც ესაუბრა. მან ბრალდებები უარყო და თავისი ქმედება სამედიცინო მიზნებით ახსნა.
როგორც მან თქვა, ხშირად უწევს ისეთი პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც იწვევს პროლაქტინის (ჰორმონი) მომატებას და, შესაბამისად, მასტოპათიის გამწვავებას და მკერდში ტკივილებს/გამონადენს. ექიმი მკერდის გაინჯვას სწორედ პრეპარატის გვერდითი მოვლენებით ხსნის. მაგალითად, მან დაასახელა დომპერიტონი, მოტილიუმი, კინეტიკონი, დოპროკინი და სხვა პრეპარატები.
რაც შეეხება მამოლოგთან გადამისამართებას, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ ეს ართულებს და აჭიანურებს მკურნალობის პროცესს, რის გამოც თავად ამოწმებს პაციენტებს ხომ არ აქვთ ძუძუს პრობლემა. მისივე თქმით, ადრე ის პაციენტებს ამისამართებდა მამოლოგთან, თუმცა ეს იწვევდა პაციენტების უკმაყოფილებას, შესაბამისად, დროის და ფინანსების დაზოგვის მიზნით, თავად დაიწყო პაციენტების შემოწმება.
მან განაცხადა, რომ სამუშაო ოთახში აქვს ძუძუს მულაჟიც, რომლის საშუალებით, პაციენტებს მკერდის გასინჯვასაც ასწავლის, რადგან მიიჩნევს, რომ ქალი ძილის წინ უნდა იმოწმებდეს მკერდს, რათა გამაგრება/მასტოპათია დროზე აღმოაჩინოს.
"გულის გასინჯვა რომ დამჭირდეს? მკერდი ვერ უნდა გავუშიშვლო? მე შეიძლება სწორი ნაწლავის გასინჯვაც დამჭირდეს... დაუშვებელია ასე ექიმების დაშინება, რომ შეხებისაც შეგვეშინდეს... მე სხვებს ვასწავლი, პაციენტს სრულყოფილი გამოკვლევა ჩაუტარონ", — განაცხადა ირაკლი ხმალაძემ სახალხო დამცველთან გასაუბრების დროს.
გარდა ამისა, მან უარყო სტუდენტი გოგოების სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტები და განმარტა, რომ ლექციების შემდეგ დამატებით არავის ტოვებს. ირაკლი ხმალაძემ საუბრის დასრულებისას აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატიდან განცხადების მიღების შემდეგ, პაციენტებს ძუძუს აღარ უმოწმებს.
სახალხო დამცველმა სამედიცინო ხასიათის კითხვებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა. უწყებამ ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის ვლადიმერ კუჭავას და მედიცინის აკადემიური დოქტორის ექიმ ონკოქირურგის, მამოლოგის პ. ხორავას შეფასება წარადგინა.
წერილის თანხმად, ძუძუს პალპაცია რეკომენდებულია შიშველ ძუძუზე და ის შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა ექიმმა, ისევე, როგორც მუცლის პალპაცია, გულმკერდის პერკუსია, აუსკულტაცია და ა.შ. ხოლო, რამდენად საჭიროა მკურნალობის თვალსაზრისით გასტროენტეროლოგის მხრიდან ძუძუს პალპაცია, უნდა განსაზღვროს გასტროენტეროლოგმა.
შეფასების თანახმად, პროლაქტინის მაღალი დონის შემთხვევაში, შესაძლებელია ძუძუს მიდამოში ზეწოლის შემდეგ დვრილიდან გამონადენის არსებობა. ისინი აღნიშნავენ, რომ მასტოპათიის შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი პრეპარატის დანიშვნა, რომელიც სიმპტომებს გააძლიერებს და გააღრმავებს.
სახალხო დამცველის აპარატი, ასევე, დაინტერესდა, რამდენად არის გასტროენტეროლოგის მკურნალობის მიზნებისთვის აუცილებელი მასტოპათიის გამორიცხვა და გასტროენტეროლოგმა თავად უნდა შეამოწმოს პაციენტი თუ გადაამისამართოს შესაბამისი პროფილის ექიმთან. საპასუხო განმარტების თანახმად, მასტოპათიის მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია მედიკამენტების სიფრთხილით დანიშვნა, ასევე, სასურველია, დაავადების მართვა შესაბამისი პროფილის ექიმის მიერ.
ომბუდსმენის აპარატი ექსპერტების სახით ორ გასტროენტეროლსაც გაესაუბრა. ერთ-ერთი მათგანი ადასტურებს, რომ თუ პროლაქტინის დონე მომატებულია, ზოგიერთი წამლის დანიშვნა არ შეიძლება. თუმცა, ექიმმა აღნიშნა, რომ ინფორმაციას პროლაქტინის დონეზე ძუძუს ფორმის ხელით შემოწმება ვერ იძლევა და ასე ექიმი ვერც იმას მიხვდება, მკერდი ხომ არ არის გადიდებული, რადგან არ იცის, მანამდე რა ფორმის იყოს. როგორც მან თქვა, პროლაქტინის დონის განსასაზღვრად ანალიზი უნდა ჩატარდეს.
მეორე გასტროენტეროლოგმა განმარტა, რომ მისი სფეროს ექიმს ძუძუს შემოწმების კომპეტენცია არ აქვს და პროლაქტინის დონე შიშველ მკერდზე ხელის შეხებით არ დგინდება.
"მე, როგორც გასტროენტეროლოგი არასდროს ჩავერევი მკერდის სფეროში, რადგან ამისთვის არსებობს ცალკე დარგი — მამოლოგია", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, გასტროენტეროლოგმა უნდა მოითხოვოს პაციენტის მამოლოგთან კონსულტაცია, რომელიც ზუსტად დაადგენს არის თუ არა მასტოპათია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ხმალაძის მიერ ჩამოთვლილი პრეპარატები ინიშნება ხანმოკლედ და პირდაპირ მიზეზშედეგობრივად მასტოპათიის გამომწვევი არ არის.
იგი აღნიშნავს, რომ რამდენიმე ორგანო შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს, მაგრამ სხვის კომპეტენციაში შეჭრა ამით ვერ იქნება გამართლებული:
"სასქესო ორგანოების გამოკვლევაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგალითად, საკვერცხეების ანთება ხანდახან ჰგავს გასტროენტეროლოგიური ჩივილს და გასტროენტეროლოგმა გინეკოლოგიური გამოკვლევაც უნდა ჩაატაროს?".
მას შემდეგ კი, რაც ექსპერტმა გაიგო, რომ ირაკლი ხმალაძეს ძუძუს მულაჟი აქვს და პაციენტებს მკერდის შემოწმებას ასწავლის, მან თქვა, რომ ეს მთლიანად სცდება გასტროენტეროლოგის ფუნქციებს.
ამავე თემაზე:
კომენტარები