ექიმები მიიჩნევენ, რომ ქალი, რომელსაც აივ-ინფექცია 1992 წლიდან აღენიშნება, ძვლის ტვინის გადანერგვისა თუ ანტივირუსული მედიკამენტური თერაპიის გარეშე გამოჯანმრთელდა.

ლორეენ ვილენბერგი აივ-ინფექციის მკვლევართა რიგებში კარგად არის ცნობილი. მისი ორგანიზმი ვირუსს გასაოცრად უმკლავდება: ამ უკანასკნელს მის სხეულში გამრავლების და სხვა უჯრედების ინფიცირება არ შეუძლია. ვირუსი იმდენად კარგად არის მართული, რომ ექიმთა აზრით, ვილენბერგის ორგანიზმმა საკუთარი თავი განკურნა.

კვლევის ავტორებმა თავიანთი ნაშრომი ჟურნალში Nature გამოაქვეყნეს. მასში ხაზგასმულია, რომ აივ-ინფექციაზე ორგანიზმის ასეთი პასუხი მკვლევართათვის გასაგები მხოლოდ ახლა გახდა. ამაში გენეტიკის კვლევის მეთოდოლოგიის ტექნოლოგიურ პროგრესს მიუძღვის ლომის წვლილი. ახალ კვლევაში აივ-ინფექციის მენეჯმენტის მომავალი ოპტიმისტურად არის შეფასებული. შესაძლოა, მომავალში აივ-ინფექციის სამართავად უწყვეტი ანტივირუსული თერაპიის საჭიროება აღარ იყოს.

ლორეენ ვილენბერგი ტიმოთი ბრაუნისა და ადამ კასტილეჯოს შემდეგ რიგით მესამე ადამიანია, ვინც აივ-ინფექცია დაამარცხა.

მათგან განსხვავებით, ლორეენს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია არ დასჭირვებია. აღნიშნული მანიპულაცია ზოგიერთი აივ-ინფიცირებულისათვის მაღალ რისკებთან ასოცირდება. ახლახან აღწერილი კლინიკური შემთხვევა ასეთი ადამიანებისათვის ნამდვილად იმედისმომცემია.

აივ-ვირუსის ორგანიზმიდან სრული ერადიკაცია საკმაოდ რთული პროცესი გახლავთ. ვირუსი ადამიანის გენომში იჭრება და უჯრედული გამრავლების პროცესი შეცდომაში შეჰყავს — იგი მას საკუთარი თავის კოპირებისთვის იყენებს. სწორედ ვირუსის გენებში ჩამაგრების გამო ვერ ხერხდება ორგანიზმიდან მისი სრული მოცილება.

ვილენბერგის ორგანიზმი ჭეშმარიტად უნიკალური გახლავთ, თუმცა იგი ერთადერთი ნამდვილად არ არის. აივ-ინფიცირებულთა 1%-ს ვირუსთან გამკლავება ლორეენის მსგავსად შეუძლია, რის გამოც მეცნიერები მათ "ელიტურ კონტროლს" უწოდებენ. როგორც ირკვევა, ასეთი ადამიანების ორგანიზმი აივ-ვირუსს ყოველგვარი ანტივირუსული მედიკამენტური თერაპიის გარეშე უპირისპირდება და ამას იმდენად ეფექტიანად აკეთებს, რომ ვირუსის კვალი ყველა ტესტში ქრება. თუმცა, გენეტიკური ანალიზით ნათელი ხდება, რომ ვირუსი გენთა შორეულ რეგიონებში იკეტება, საიდანაც გამოღწევისა და გამრავლების უნარი მას უკვე არ გააჩნია. ხატოვნად რომ ვთქვათ, "ელიტური კონტროლის" ორგანიზმი ვირუსს გენეტიკურ ციხე-სიმაგრეში ამწყვდევს.

"ეს საოცრად ახალი და მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. რა თქმა უნდა, რეალური გამოწვევა ის გახლავთ, თუ როგორ შეგვიძლია ეს მიგნება აივ-ინფიცირებული 37 მილიონი ადამიანისთვის რელევანტური გავხადოთ", — აღნიშნავს შერონ ლევინი, პიტერ დოჰერტის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტივირუსული თერაპიის პარალელურად იმუნური სისტემის გააქტიურებამ, შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი ამ კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანოს.

"ელიტური კონტროლის" ჯგუფში მყოფი ადამიანების ორგანიზმს მეცნიერები უკვე წლებია, რაც აქტიურად იკვლევენ. აღნიშნული გზით ისინი ცდილობენ, აივ-ინფექციის მენეჯმენტის შესახებ უფრო მეტი შეიტყონ. ლორეენ ვილენბერგი უკვე 15 წელზე მეტია, რაც ამ კვლევაში ჩაერთო. წლების წინ ერთხელ დაფიქსირებული დადებითი შედეგის შემდეგ, მეცნიერები მის ორგანიზმში აივ-ინფექციის კვალს ვერ პოულობდნენ.

კვლევის უფროსმა ავტორმა, ექიმმა შუ იუმ და მისმა ჯგუფმა, ვილენბერგის სისხლის 1,5 მილიარდი უჯრედი გამოიკვლია, თუმცა, ვირუსის კვალს ასეც ვერ მიაგნო. ძიების ამ პროცესში ისინი დახვეწილ, ახლებურ ტექნიკას იყენებდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევდათ, ვირუსის ლოკალიზაცია უშუალოდ გენომში ეპოვათ, მაგრამ უშედეგოდ. კუჭ-ნაწლავის მიკროფლორიდან, სწორი და წვრილი ნაწლავიდან აღებული მილიონობით უჯრედიც ვირუსისგან სუფთა აღმოჩნდა.

ეს ინდივიდთა ჭეშმარიტად უნიკალური ჯგუფია, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ასეთი იმუნური პასუხის შემდეგ საქმე კლინიკურ განკურნებასთან გვაქვს

სტივ დიკსი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი

კვლევაში ასევე ჩართული გახლდათ 11 ადამიანი, რომელთაც "გამონაკლისი კონტროლის" ჯგუფსაც უწოდებენ. ეს ის ინდივიდები არიან, რომელთაც ვირუსი გენომის ისეთ რეგიონებში აქვთ, სადაც მათ გამრავლების საშუალება არ გააჩნიათ. როგორც ირკვევა, ზოგიერთი ადამიანი ანტივირუსული მედიკამენტური თერაპიის გარეშეც ახერხებს აივ-ვირუსის იმდენად დაბალ ზღვარზე შეჩერებას, რომ შესაბამისი ტესტები მათ დაფიქსირებას ვეღარ ახერხებს. აღსანიშნავია, რომ მათ იმუნურ სისტემას ვირუსის შესახებ მეხსიერება, სავარაუდოდ, გამომუშავებული აქვს.

ექსპერტთა აზრით, ანტივირუსული მკურნალობის დროს პაციენტთა 10% (განსაკუთრებით ისინი, ვინც მედიკამენტური თერაპია ვირუსის აღმოჩენიდან მალევე დაიწყო) ვირუსის შეკავებას თერაპიის შეწყვეტის შემდეგაც კი წარმატებით ახერხებს. სავარაუდოდ, საქმე აქაც "ელიტური კონტროლის" მსგავს მექანიზმთან უნდა გვქონდეს. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული შინაარსის მატარებელია, რადგანაც ხანგრძლივი მოხმარების ფონზე ანტივირუსულ მედიკამენტებს საყურადღებო გვერდითი ეფექტები (გულის დაავადებები და შინაგანი ორგანოების დაზიანება) აქვს. ფუნქციური განკურნების ახლებური ფორმით მიღწევის შემთხვევაში, აივ-ინფიცირებულთა სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

აივ-ინფექციის მკურნალობის შესახებ ჩატარებული კვლევები აქამდე ვირუსის სრულ ერადიკაციაზე იყო კონცენტრირებული. ახალი კვლევა კი სრულიად უცნობ ჰორიზონტებს ხსნის: თუ ვირუსის ჩაკეტვა გენომის ისეთ უბნებში მოხდება, საიდანაც ეს უკანასკნელი ვეღარ გამრავლდება, მაშინ პაციენტი ფუქციურად განკურნებულია.